მოგზაურობა სამეგრელოში (ნაწილი 1)

 

მოგზაურობა სამეგრელოში

1876-1878 წლები. ტექსტი და ნახატები პირველად ქვეყნდება

 

ტექსტის ავტორი კარლა სერენა
ფრანგულიდან თარგმნა ანა ჭეიშვილმა

 

I

სამეგრელოში ჩასვლა. – ახალსენაკი და მისი წარმოშობა. – ორი მოპაექრე ტაძარი. – როგორ გადაიარა წმინდა ანდრიამ კავკასია და რა შეემთხვა. – ნანგრევების შესახებ. – წინსვლა – მდინარეები აბაშა და ტეხური; სამეგრელოს ხიდი. – ნოქალაქევი და მისი თერმული წყარო. – დადიანის კოშკი და ორმოც წამებულთა სამლოცველო.

 

დავტოვე ქუთაისი და დავშორდი ღვთისმოსავ იმერლებს. გუბერნატორმა, თავაზიანი დაუზარლობით, მცველები ახალსენაკამდე – ტფილისი-ფოთის ხაზზე მდებარე სადგურამდე გამომაყოლა. მან წინასწარ შეატყობინა ჩემი ჩამოსვლა მაზრის უფროსს, რომელიც დასახვედრად მეფარნეების ამალის თანხლებით მოსულიყო და თან ჩემთვის კარგი ცხენი მოეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოფიცრის სახლი, სადაც ღამე უნდა გამეთია, სადგურის პირდაპირ მდებარეობდა, თოვლი და ტალახი ისეთი სისქის იყო, რომ ცხენი ძალიან გამომადგა. ოფიცერმა და მისმა მეუღლემ – ძალიან ლამაზმა მეგრელმა ქალმა – მეგობრულად მიმიღეს და ჩემი მეგზურობა ითავეს.

არცერთი მხარე არ გვთავაზობს ისეთ მრავალფეროვნებას, როგორც კავკასია, იქნება ეს აქაური ნიადაგის თუ ადგილობრივი მოსახლეობის ტიპებით, მათი თავისებურებებითა და ენებით. საკმარისია გადავლახოთ მდინარე, ან ორ მაზრას შორის მდებარე მთა, რომ ახალი მოსახლეობის წინაშე აღმოვჩნდეთ და ახალი ენა მოვისმინოთ.

 

  სამეგრელოს სოფელი. ტეილორის ნახატი ფოტოს მიხედვით.

 

        სიმართლე რომ ვთქვათ, მხოლოდ იმერეთსა და სამეგრელოს შორის არ არსებობს ისე მკვეთრად გამოხატული განსხვავებები, როგორც კავკასიის სხვა მოსაზღვრე პროვინციებს შორის. თუმცა, ერთი განსხვავება მაინც საგრძნობია – კლასიკური სილამაზით მეგრელი მის მეზობელ ხალხზე მაღლა დგას.

ახალსენაკმა, მაზრის ადმინისტრაციულმა ცენტრმა, რკინიგზის ხაზის პირას ძველი სენაკის პატარა ქალაქი ჩაანაცვლა, რომელიც აქედან შვიდი ვერსის მანძილზე მდებარეობდა. ქალაქი იმ ხშირი წყალდიდობების გამო მიატოვეს, რაც მისი მცხოვრებლებისთვის მუდმივი ნგრევის მიზეზი იყო. წყალდიდობებს, რომელთაგან უკანასკნელი 1869 წლის მაისში მოხდა, ტყის ზედმეტ და წინდაუხედავ გაკაფვას უკავშირებენ.

1876 წელს დაარსებული ახალსენაკი პატარა ქალაქია. დღეისთვის იგი სამას სულ მოსახლეზე მეტს არ ითვლის. ფართო ჭაობებით გარშემორტყმული, ძველი სენაკის მსგავსად ისიც იტანჯება ნიადაგიდან აორთქლებული მიაზმებით – განსაკუთრებით ზაფხულში. მისი მდებარეობა თვალწარმტაცი და სასიამოვნოა. ბაზარი ადგილობრივი ცხოვრების ცენტრია, მოცლილთა და მოყიალეთა შეხვედრების ადგილი და, ამავე დროს, საკვლევი არე, სადაც უცხოელს შეუძლია თავისუფლად შეისწავლოს კავკასიის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებები.

აზიის ეს კუთხე მდიდარია ლეგენდებით.

საქართველოში დაბურულ ხეობებში ჩამალული ან მთის წვერზე შეკიდებული ბევრი უძველესი ტაძარი არსებობს. გადმოცემის მიხედვით, სენაკის მახლობლად, მეხუთე საუკუნეში სწორედ ასე ააგეს ორი სამლოცველო – ერთი მთის წვერზე, მეორე კი მდინარე თორათოს [Torato] ნაპირზე, რომლის სახელიც ძველად იმ დაბის მიმდებარე ტერიტორიას ერქვა, რომელსაც ახლა თეკლათი [Teclati] ეწოდება.

თითქოს ბედისწერა თან სდევდა ამ ორ სამლოცველოს, ერთი მეორის მიყოლებით დანგრეულსა და ხელახლა აშენებულს: როგორც კი წყლის პირას მდებარე აღადგინეს, მთის წვერზე სამლოცველო ხანძარმა შთანთქა. საბოლოოდ, ხალხმა განაცხადა, რომ ღვთისმშობლის სურვილის მიხედვით მორწმუნეებს მხოლოდ მისთვის მიძღვნილ ტაძარში უნდა ელოცათ. როცა ახალსენაკი დაარსდა, ქვედა, ძველი სამლოცველოს ნაშთები ახალი ქალაქის შუაგულში აღმოჩნდა. ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის შეგულიანებით ეკლესიის ნანგრევებიდან აღდგენა გადაწყდა.

ამ პატარა მხარისთვის რესტავრაციის საქმე მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ყველას სურდა საკუთარი წვლილის შეტანა მატერიალურად, ან ფიზიკურად მონაწილეობის მიღება. ადგილობრივი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით ღვთისმოსავი არ არის, რელიგიას პატივს სცემს და ღვთისმსახურება მოსწონს. მშენებლობის დასრულებისას ზედა ეკლესიის მღვდელმა ახალ სამლოცველოში უსასყიდლოდ გადაიხადა პარაკლისი. ამას გარდა, ახალგაზრდა მეგრელმა გვარად გაბუნიამ, რომელსაც ცხოვრებაში ხელში არასდროს სჭერია ფანქარი და ფუნჯი, კანკელი მოხატა. მთელი ეს ძალისხმევა, ვაი რომ ღვთისმშობლის გამოწვევას ჰგავდა – ახალი ეკლესია წმინდა გიორგის მიეძღვნა. როგორც კი ქვედა ტაძარი დასრულდა, ზედა ტაძარი მაშინვე დაიწვა. როგორც ამბობენ, ამ დამთხვევამ ძველი ტრადიცია ახალი ძალით გააცოცხლა.

ზემოთ ხსენებულ გაბუნიას გვართან ასევე დაკავშირებულია კიდევ ერთი, ადგილობრივებისთვის ფრიად სარწმუნო ლეგენდა. როდესაც წმინდა ანდრია კავკასიაში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოვიდა, იგი სამეგრელოში, სოფელ ბანძაში გაჩერდა და ღამე გაბუნიების ოჯახში გაატარა. მეორე დღეს, გაღვიძებისას, მოციქულმა შეამჩნია, რომ მისთვის ტანსაცმლის ნაწილი მოეპარათ. ქურდობით უკმაყოფილო წმინდა ანდრიამ სოფლიდან წასვლისას განაცხადა, რომ იმ დღიდან იქ მხოლოდ ქურდები იცხოვრებდნენ. მართლაც, კლეპტომანია, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო სამეგრელოში, განსაკუთრებით გაბუნიების ოჯახში აყვავდა და მამიდან შვილზე გადავიდა – ამ მხარეში მათ ცხენების ქურდობით გაითქვეს სახელი. ამ ტიპის ქურდობა აქ გმირობად ითვლებოდა და მეგრელი ღირსეულად ვერ წარსდგებოდა თავისი საცოლის წინაშე თუ ერთი ცხენი მაინც არ ჰყავდა მოპარული.

სამეგრელოს ძველად ოდიში ერქვა და ხალხი დღემდე მას ასე უწოდებს. ეს არის ოტიშის [Otichy] დამახინჯებული ვერსია, რაც ადგილობრივ ენაზე ოტიას სამფლობელოს ნიშნავს. ოტია, აქ ძლიერ გავრცელებული ნათლობის სახელი, როგორც ამბობენ, მოდის ეოტია/ეეტესგან [Eotia/Eétès], რომელიც გრძნეული მედეას სახელგანთქმული მამის, კოლხეთის მეფის სახელია[1]. ძველ ავტორთა მითითების, სახელდობრ კი სტრაბონის, მიხედვით ამტკიცებენ, რომ შესაძლებელი გახდა მისი დედაქალაქის – ეას მდებარეობის განსაზღვრა.

თუ ორიოდე წლის წინ გახსნილ გზას გავყვებით, სენაკიდან თხუთმეტი ვერსის დაშორებით მოედინება მდინარე ტეხური [Tekhour][2]. კლდეზე, რომელიც მდინარეს დაჰყურებს, ძველი შენობის ნანგრევები მოჩანს. ეს უძველი ქალაქის კვალი უნდა იყოს. აქ აღმოაჩინეს ოქროსა და ვერცხლის მონეტები, რომლებზეც ერთ მხარეს ვერძის თავი, მეორე მხარეს კი, სავარაუდოდ, იაზონის გამოსახულება იყო. ამ ნუმიზმატიკურ საკითხზე კამათის გარეშე ვიტყვი, რომ, როგორც ჩანს, აქ აღმოჩენილი შენობების ნანგრევები უნდა ეკუთვნოდეს ლაზურ ქალაქ არქეოპოლისს, რომელიც ეას ნანგრევებზე აშენდა.

 


 მეგრელები. ა. სირუის ნახატი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით.


         ამ ადგილს დღეს ნოქალაქევი [Nakalakevi] ეწოდება, რაც ქართულად ყოფილ ქალაქს ნიშნავს. ამ ანტიკური ქალაქის აკროპოლისის ნანგრევები მდებარეობს გორაკზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით ათასი ფუტია. ნანგრევები წარმოადგენს გალავნის ორ კედელს, რომლებიც ქმნის დაახლოებით ორ ვერსზე გაშლილ შარაგზას. კედლებში, ორივე მხარეს კარგად მოჩანს ღრმა ოთხკუთხა ნიშები, ისეთები, როგორებშიც დღესაც კი მოთავსებულია ბაზრის ფარდულები. ეს ადგილი დიდი ალბათობით სავაჭრო მაგისტრალი იყო. რაც შეეხება დანარჩენ ნანგრევებს, რომლებსაც ასე მრავლად გვთავაზობს ამჟამინდელი შიდა ქალაქი, ესენი, სავარაუდოდ, სახლებისა და ეკლესიების ნაშთები უნდა იყოს. გორაკის შუაგულში აღმართულია ქალაქში შესასვლელი ერთადერთი ვრცელი კარიბჭე. თლილი ქვები, რომლისგანაც კარიბჭეა აშენებული, იმდენად მასიურია, რომ ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხეს ასეთი გიგანტური ბლოკების ზიდვა მანქანების დახმარების დარეშე. ქალაქი ერთი მხრიდან იყო გამაგრებული, მეორე მხარეს მას კლდე ჰქონდა გალავნად. ადგილ-ადგილ, არათანაბარარი დაშორებებით, მოჩანს კედლებში ჩადუღაბებული რკინის რგოლები, იმის მსგავსი, რომლითაც ნაპირზე ბაგირით აბამენ გემებს. აქედან გამომდინარე უნდა ჩავთვალოთ, რომ იყო დრო როდესაც შავი ზღვა აქამდე მოდიოდა? თუ ძველად ტეხურას ისეთი სიღრმე ჰქონდა, რომ გემებს არქეოპოლისამდე ანუ ეამდე ამოსვლა შეეძლოთ? კლდეში ამოკვეთილი გვირაბი, რომელიც მდინარეს დაჰყურებს, ოდესღაც საიდუმლო გასასვლელად გამოიყენებოდა და, ასევე, ქალაქს ალყის დროს სასმელი წყლით ამარაგებდა.

ხშირი ტყით დაფარულ და ნადირით მდიდარ მთას, რომელიც ამ ნანგრევებს დასცქერის, უნაგირას მთა ეწოდება.

ამ პატივსაცემი ნანგრევების ძირში ბრწყინვალე საუზმითა და შამპანურით გამიმასპინძლდნენ: ამგვარად, წარსულის ფილოსოფიურ ხედვას სასიამოვნოდ ერწყმოდა აწმყოთი ტკბობის კანონიერი უფლება.

როგორც იმერეთში, ასევე სამეგრელოში, ბერძნების აქ ყოფნისა და მათი კოლონიების კვალს ვხვდებით. ასევე, ახლახანს რკინიგზის გაყვანისას მუშებმა იპოვეს ანტიკური პერიოდის უძველესი მონეტები. ამ მხარეში არ არსებობს ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც არ ეცოდინება ოქროს საწმისის ლეგენდა იაზონის, მედეასა და აიეტის შესახებ.

 კოლხეთი, რომელიც მდიდარია ოქროს შემცველი ქვიშის ჩამომტანი მდინარეებით, დღესაც ფლობს ამ ლეგენდაში მოხსენებულ მსგავს საგანძურს. თუ მათ საშინელი გველეშაპები და ცეცხლის მფრქვეველი ხარები აღარ იცავს, სამაგიეროდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისინი ისეთივე ძვირფასია, როგორიც ოდესღაც აიეტისთვის იყო. ზუგდიდის მაზრის სოფელ ჯვარში, რომელიც მდინარე ენგურის ნაპირზე მდებარეობს და რომელშიც კვლავ ცხოვრობენ ძველი მმართველი ოჯახის შთამომავლები, უხვად ჰყავთ ცხვრები. აქაურ გლეხებს ჩვევად აქვთ მდინარის წყალში ამ ცხოველის ბეწვიანი ტყავის ჩალბობა. ასეთ საწმისებს კარგად გაშრობის შემდეგ ფერთხავენ, რომ ის ოქროს ნაწილაკები ჩამოყარონ, რომლებიც წყალში ჩალბობისას ბეწვზე დამაგრდა. გასაშრობად მზეზე გამოფენილ ამ უხეშ ტყავებს დიდებული ოქროსფერი ელვარება დაჰკრავს. იმ საარაკო დროშიც ხომ არ არსებობდა ამგვარი ჩვევა?

 

 მეგრელი გლეხი. ა. სირუის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.

 

მდინარე ენგური საზღვრის მოვალეობას ასრულებს ზუგდიდისა და აფხაზეთის მაზრებს შორის, რომლის უკანასკნელი მმართველი მთავრები შერვაშიძეები იყვნენ. შიდა გზები, რომლებიც ახლა შენდება, ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას. ორიოდე წლის წინ ახალსენაკიდან ნოქალაქევამდე წასასვლელად ეტლებს ისეთი გაუვალი ჭაობების გადაკვეთა უხდებოდათ, როგორშიც ცხენებსაც კი უჭირდათ გზის გაკვლევა. დღეს ამ თხუთმეტვერსიანი მარშრუტის გავლა შესაძლებელია შარაგზით, რომელიც ნოქალაქევის შემდეგაც გრძელდება.

ეს გზა ორ მდინარეზე, აბაშაზე[3] და ტეხურზე გადადის. პირველი მდინარე არ არის ღრმა და ფონზე გადასვლა წყალდიდობის სეზონზეც კი ეტლით ან ცხენით ადვილად შეიძლება. მეორე, პირიქით, ზოგ სეზონზე გადაულახავია, განსაკუთრებით კი წვიმის დროს, რაც ადგილობრივი კლიმატისთვის ხშირი შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ახლახანს, დაბლობსა და მთაში მცხოვრები ასეულობით გლეხი იძულებული გახდა მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე რამდენიმე კვირის მანძილზე გაჩერებულიყო ისე, რომ გადასვლის საშუალება არ ჰქონდათ. ეს ძირითადად აგვისტოს თვეში ხდება, ანუ ბაზრობების გამართვის პერიოდში, რომელიც წვიმების პერიოდს ემთხვევა; სწორედ ამ დროს ტეხურის ნაპირებს შორის მომისვლა ყველაზე აქტიურია, რადგან ერთნი თავისი ნაშრომის გასაყიდად მიდიან და მეორენი კი ზამთრის მარაგის შესაძენად. საბედნიეროდ, მაზრის ახლანდელ უფროსს აზრად მოუვიდა ორ კლდეს შორის, უნაგირას მთის ძირში, მდინარეზე 154 ფუტის სიგრძის ხიდი აეშენებინა. ხიდს სწორედ ჩემი იქ ყოფნისას დგამდნენ ყოველგვარი მანქანებისა და ინჟინრის დახმარების გარეშე, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ამ მხარეებში, სადაც ადამიანი შრომის თითქმის ერთადერთი იარაღია.

ნოქალაქევს არა მხოლოდ კარგი მდებარეობა, არამედ უამრავი ბუნებრივი რესურსიც აქვს. მთის გადაღმა, ტეხურის ნაპირზე, მდებარეობს კლდე, რომლის ბუნებრივი ჩაღრმავებიდან მოჩქეფს გოგირდის თერმული წყარო. როგორც ამბობენ, იგი ბევრ დაავადებას კურნავს. მას სვამენ და აქვე ბანაობენ. ორმო აუზის მაგივრობას სწევს და გარშემო მდებარე სოფლებიდან ზაფხულობით აქ ოჯახები ამოდიან ციების სეზონის გასატარებლად, რადგან აქაური ჰაერი სასარგებლოა.

სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა ამ თერმულ წყაროზე აბანოს მოწყობა გადაწყვიტა. ამისთვის მან კოშკის აგება ბრძანა, სადამდეც წყალი უნდა მიეყვანათ, რადგან წყალდიდობისას ტეხური იმ ღრმულს ფარავს, საიდანაც გოგირდის წყარო გამოედინება. საქართველოს კანონმდებელი მონარქის, ვახტანგ მეფის მიერ გამოცემულ კანონთა მიხედვით, ყველა ადგილობრივი მდინარე მმართველ სუვერენს ეკუთვნის, მაგრამ მოსაზღვრე მიწები საზოგადო საკუთრებაშია და მათი შეძენა სურვილისამებრ ყველას შეუძლია. რა გამოვიდა ამ ამბიდან? ის რომ ტეხურის ნაპირებზე მცხოვრებლები კოშკის აგების წინააღმდეგი იყვნენ და მთავარი დადიანი ისე გარდაიცვალა, რომ კოშკის მშენებლობა არ დასრულებულა.

 

 ნოქალაქევის ნანგრევები. პ. სელიეს ნახატი დიუბუა დე მონპერეს მიხედვით.


         ეს ამბავი აქ არ მთავრდება: ამჯერად ერთამანეთში შეთანხმებულმა მდინარის მოსაზღვრე მიწების მეპატრონეებმა, რეგენტის არყოფნით ისარგებლეს და საზოგადო ინტერესების საზიანოდ გადაწყვიტეს, რომ ეს კოშკი, რომელიც  მათ პირად ინტერესებს ხელყოფდა, უნდა გამქრალიყო. ერთ მშვენიერ დღეს მას ნაბადში გახვეული ზარბაზნის ყუმბარა ესროლეს, რათა გზა გადაეღობათ წყლის ნაკადისთვის, რომელიც, მართლაც თავდაპირველ დინებას დაუბრუნდა და დღესაც მას მიუყვება.

კლდიდან დანახული ტეხურის ახალი ხიდი სისხლიან ამბავს გვახსენებს. მუსულმან დამპყრობელთა წინააღდეგ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მებრძოლი ორმოცი ბერი შეიპყრეს, თავები დააჭრეს და სხეულები მდინარეში გადაყარეს. წამებულთა ორმოცი თავი შორიახლოს დაკრძალეს და ამ ამბის სახსოვრად აღმართეს ეკლესია, რომელსაც ესაზღვრება ორმოც მოწამეთა [Quarante-Saints] სამლოცველო, სადაც ვხედავთ თავის ქალების რელიეფით შემკულ საფლავის ქვას. ყოველი წლის 9 მარტს ამ მოწამე ბერთა ხსენების დღე აღინიშნება.

ახალსენაკში ევროპა და ცივილიზაცია მხოლოდ რამდენიმე მომხიბვლელი და ერთმანეთთან შეკრული ოჯახით არის წარმოდგენილი. დიდ გზაზე მდებარე მათი სტუმართმოყვარე სახლები ყველა მოგზაურისთვის ღიაა, ვინც კი კარზე დააკაკუნებს. მოგზაურის საპატივსაცემოდ აქ მაშინვე იმართება სასიამოვნო შეკრებები, რომლებიც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ ადგილის მიმზიდველობას. ნოქალაქევი განსაკუთრებით პირველობს კარგი საპიკნიკე ადგილებით.

 


 

II

თანამედროვე ცივილიზაცია სამეგრელოში. – პირველყოფილი სოფლის ტიპი. – ძველი სვანეთი და მისი მატიანე; ტიპები და წეს-ჩვეულებები. – დადიანთა სამეფო ოჯახი და მარტვილის უძველესი ეკლესია. – საკურთხევლის აღწერა. – ლეგენდა საკუთარი სურვილით განდეგილის შესახებ. – სამეგრელოს ბუნება. – „ქალ ხიდა!“

 

იმ რკინის ხიდთან, რომლითაც ტეხურზე რკინიგზა გადადის, ოთხი აპრილის სამახსოვროდ პატარა სამლოცველო აღუმართავთ – ეს ის დღეა, როდესაც მისი უდიდებულესობა იმპერატორ ალექსანდრე II-ს სიცოცხლე კომისაროვმა გადაარჩინა[4]. ეს მცირე ტაძარი იმ რუსული პოლკის ხარჯებით აშენდა, რომელიც მაშინ ქუთაისის გარნიზონში იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოს ერთ ნაწილი ცივილიზაციისთვის უკვე ხელმისაწვდომია და აქ რუსული კანონებია ძალაში, მთაში კვლავ არის ისეთი მაზრები, სადაც პროგრესს ჯერ არ შეუღწევია. მაგალითისთვის ავიღოთ ადგილი, რომელსაც ნაფიჩხაუ[5] [Napitchkaou] ეწოდება. აქ ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ ყველაზე პრიმიტიულ პირობებში ცხოვრობს; თეთრეული მათთვის სრულიად უცნობია; ტანსაცმლად მხოლოდ ერთგვარი მოსაცმელი აქვთ, რომელსაც ემატება შარვალი და ცხვრის ტყავის წვეტიანი ქუდი, რომლის ბეწვიანი მხარე შიგნით არის მოქცეული. ფულის მიმოქცევას იშვიათად თუ ნახავთ ამ სოფელში, რომელიც სენაკისა და ზუგდიდის მაზრებს ეკუთვნის; ადგილობრივი ვაჭრობა პროდუქტის გაცვლით ხდება – სიმინდს ხორბალზე ცვლიან, ღომს (ერთგვარი წვრილი მარცვლეული, რომელიც პურს ცვლის) კი ამა თუ იმ ადგილობრივ პროდუქტზე. აქაურები არ ტოვებენ მთას და იშვიათად აქვთ შეხება დაბლობში მცხოვრებ მეზობლებთან.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს, ამრავლებს ცხვარს და ამზადებს შესანიშნავ თაფლს, რომელსაც ხეობის სხვა პროდუქტებზე ცვლის. უცხოელი მათთვის გაოცების საგანია. საათის დანახვაზე გარბიან – ჰგონიათ რომ ბოროტი სულია შიგნით დამალული. საცხოვრებლად უბრალო მოწნული ქოხები აქვთ. მათი უმეტესობა უფანჯროა და ჰაერი და სინათლე ორი ერთმანეთის საპირისპიროდ გაკეთებული კარის მაგვარი ღიობიდან შედის. იატაკის მაგივრად ნესტიანი მიწაა. ტიხარზე მიდგმული რამდენიმე ფიცარი ერთდროულად საწოლის, მაგიდისა და სკამის მოვალეობას ასრულებს. კაცები, ქალები, ბავშვები, ცხოველები – ამ საცოდავ სოროში ყველა ერთად ცხოვრობს, დღისით და ღამით, ზაფხულსა და ზამთარში. როგორც ჩანს მთის სასარგებლო და სუფთა ჰაერი შველის ამ ცუდ ჰიგიენას, რადგან ნაფიჩხაუში ექიმი, ისევე როგორც ადვოკატი, სრულიად უცნობი რამაა.

სამეგრელოს კიდევ ერთი საინტერესო კუთხე, რომელიც ასევე ველურ მდგომარეობაში იმყოფება და რომლის ერთი ნაწილიც, ჯერ კიდევ გუშინ, უძველესი დროიდან არსებულ ერთგვარ დამოუკიდებელ რესპუბლიკას ქმნიდა, არის სვანეთი.

იგი სამ ნაწილად იყოფოდა: 1. სადადიანო სვანეთი, რომელიც სამეგრელოს მთავრებს ეკუთვნით; 2. სადადეშქელიანო სვანეთი [la Souanéthie de Dadiskalian], რომლის უკანასკნელი მთავარი, ამავე გვარისა, მთავრობდა იმ დროს (1867 წელს), როდესაც სამეგრელო რუსეთის იმპერიას შეუერთდა და დახვრიტეს ქუთაისში ამავე ქალაქის გუბერნატორის, თავადი გაგარინის მკვლელობის გამო; 3. თავისუფალი სვანეთი, რომელიც დაახლოებით ხუთი ათას მოსახლეს ითვლის. ამ უკანასკნელს მართავდა ადგილობრივ უხუცესთა საბჭო; თუ გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, მთელი მოსახლეობა იკრიბებოდა თავყრილობაზე, სადაც ყველას ჰქონდა სიტყვის უფლება.

მაშინ, როდესაც რუსეთის სვანეთში მართლმადიდებლური რელიგია დამკვიდრდა, ის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, დარჩა და დღესაც რჩება წარმართად. ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთთან ბრძოლის ძირითადი მიზეზი ქალის მოტაცებაა: თუ დაზარალებულ ოჯახს გარკვეული საფასურის კომპენსაციას არ გადაუხდიან, მაშინ ეს ოჯახი გამტაცებლის მოსისხლე მტრად გამოაცხადებს თავს და ამას, ჩვეულებრივ, შთამომავლობითი ვენდეტა მოყვება.

ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ სამართალს უხუცესთა საბჭო ქმნიდა. სვანეთის სხვა მაზრების ბოროტმოქმედები ამ პატარა რესპუბლიკის ტერიტორიას აფარებდნენ თავს, როდესაც 1871 წელს რუსულმა ხელისუფლებამ მათი გადაცემა მოითხოვა და საბჭო იძულებული გახდა დამორჩილებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, სამხედრო ექსპედიციას ჰქონდა ადგილი, რომლის შედეგადაც ამ პატარა თავისუფალმა სახელწიფომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

1875 წელს ამ მხარეში აფეთქებულმა აჯანყებამ მისი ავტონომიის უკანასკნელი კვალიც გააქრო.

სვანეთის მდებარეობა ციცაბო მთებსა და მრავალ წყალუხვ მდინარეს შორის შეუძლებელს ხდის იქ შესვლას წელიწადის უდიდეს მანძილზე. ამ დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად ამჟამად აშენებენ გზას ზუგდიდიდან ბეჩომდე, რომელიც ენგურის გასწვრივ გაყოლებულ მაღალ ხეობებზე გაივლის.

ამ ყველაფერის მიუხედავად ეს ხალხი ასე მალე ვერ შეელევა თავის სიველურეს, რომელიც უძველესი დროიდან მოსდგამთ[6]. სვანები (აქ მე ვსაუბრობ მთლიან პროვინციაზე და არა თავისუფალ რესპუბლიკაზე) საუბრობენ დიალექტზე, რომელსაც დამწერლობა არ აქვს. ისინი პატარა ციხესიმაგრეებში – ერთმანეთის გვერდიგვერდ აშენებული კოშკებში ცხოვრობენ, საიდანაც მტრის შემოსევას იგერიებენ. უკანასკნელი ამბოხისას ამ კოშკებში გამოკეტილი აჯანყებულები თავისუფლად უშენდნენ ქვებს რუს სალდათებს; მათი იქედან განდევნა მხოლოდ ამ პატარა გალავნების ნაღმებით აფეთქების შემდეგ გახდა შესაძლებელი. სვანების მეთაური გელოვანის [Gélawan] წოდებას ატარებდა.

ყველა თვალსაზრისით სვანები ძლიერ განსხვავდებიან მეზობელი მეგრელებისგან, რომელთა არც ტიპის სილამაზე და არც თანდაყოლილი კეთილშობილება მათ არ აქვთ. გადმოცემის თანახმად, მათი სახელი მოდის ქართლის მეფე საურმაგისგან [Saourmag], რომელიც ამ მხარეში დაფუძნდა ადგილობრივი მმართველის, დურძუკის [Djourdzoucech] წინააღმდეგ აჯანყებული ხალხის შესაკავებლად. მას შემდეგ ეს სიტყვა დარჩა ადგილობრივ ენაში და მიიღო ფორმა სავანე [Sawané].

მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიას. სამეფოს დაქუცმაცების შემდეგ ყოველ სამთავროს თავისი მმართველი გაუჩნდა. გარკვეული დროის შემდეგ, ამ ადგილობრივმა მმართველებმა თავი სუვერენისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს და ყოველი მათგანი მის იურისდიქციაში მოქცეული ოლქის პატრონი გახდა. მეფეებზე უფრო ძლიერმა, ამ გათავისუფლებული ვასალების შთამომავლებმა განაგრძეს მეფობა, როგორც ნამდვილმა მონარქებმა და მათ სამფლობელოებში ფეოდალური რეჟიმი შეიტანეს. როგორც უკვე ვთქვი, სამეგრელოს მმართველები ატარებდნენ დადიანის ტიტულს, რომელიც ამ მხარის (მაშინ მას ეგრისი ეწოდებოდა) პირველი მმართველისგან მომდინარეობდა – იგი მერიქიფის (ქართულად დადიანი) წოდებას ატარებდა. სხვა ვერსიის თანახმად, სიტყვა დადიანი წარმოსდგება სოფელი  დად-ისგან [Dad], რომლის მახლობლადაც მოედინება ამავე სახლწოდების მდინარე, რომელიც ენგურს ერთვის. ასეა თუ ისე, 1300 წლიდან სამეგრელოში მთავრები ამ გვარის არიან. 

 

ხედი სადადიანო სვანეთში. პ. სელიეს ნახატი ბერნოვილის „თავისუფალი სვანეთის“ მიხედვით.

 

რაც შეეხება თვით ამ მხარეს, ამ პერიოდის განმავლობაში, მისი ისტორია, ისევე როგორც სხვა მხარეებისა, მოკლედ გადმოიცემა განუწყვეტელ ბრძოლაში ძლიერი მტერის წინააღმდეგ, რომელიც მას თავს ესხმის და მას იმორჩილებს. 1769 წელს, თურქების შემოსევის შემდეგ, იგი საშველად რუსეთს უხმობს. ხუთი წლის შემდეგ, 1774 წელს, სულთანსა და რუსეთის მეფეს შორის დადებული ტრაქტატი სამეგრელოს დამოუკიდებლად ცნობს და ათავისუფლებს მონათა ბეგარისგან, რომელსაც იგი პორტას უხდიდა.

1804 წელს, ამ მხარემ სცნო რუსეთის სუზერენობა, რომელიც მას გარედან მოსული აგრესიის შემთხვევაში თავისი მფარველობის გარანტიას აძლევდა; საბოლოოდ, 1875 წელს, იგი რუსეთის იმპერიას შეუერთდა. საქართველოს ნანგრევებიდან შემორჩენილი სამთავროებიდან, ყველაზე დიდხანს დამოუკიდებლობა სწორედ სამეგრელომ შეინარჩუნა. მისი უკანასკნელი მმართველი მთავარი დავით დადიანი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1853 წელს, მისმა ქვრივმა, რეგენტმა ეკატერინემ ოთხი წლის მანძილზე, რუსეთის მფარველობის ქვეშ, მართა ეს მხარე.

ცნობილია, რომ თურქეთის წინააღმდეგ ომის დროს ეკატერინე, რუსი გენერლების მხარდამხარ, ერთ ბატალიონს მეთაურობდა. მის მიერ მეუღლის დავით დადიანის მოსაგონრად აღმართული აკლდამა მდებარეობს მარტვილის უძველეს საკათედრო ტაძარში, სოფელ ნაოღალევის მახლობლად, ახალსენაკიდან 35 ვერსის დაშორებით. ეს კარარის[7] მარმარილოს დიდებული ძეგლია, რომელსაც ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ბალდახინის ფორმა აქვს. ამ დასაკრძალავი მონუმენტის ძირში საფლავის ქვაა წარწერის გარეშე: ეს საფლავია, რომელიც რეგენტმა, უკანასკნელმა მმართველმა დედოფალმა თავისთვის აირჩია. იგი ჯერ კიდევ ზუგდიდში ცხოვრობს, ადგილობრივ უძველეს მმართველთა რეზიდენციაში.

ის ადგილი, სადაც მარტვილის ეკლესია მდებარეობს, როგორც ჩანს, დიდი ხნის მანძილზე თაყვანისცემის ადგილი იყო. როგორც ამბობენ, იქ სადაც ახლა მონასტერია, იდგა მუხა, რომლის ძირშიც კერპთაყვანისმცემელთა დიდი ქურუმი, ჭყონდიდელი [Tchondidelli] ანუ მსხვერპლის შემწირველი, როგორც მას ადგილობრივ ენაზე უწოდებდნენ, წარმართულ რიტუალებს ასრულებდა. სამეგრელოში დღესაც ადგილობრივი ეკლესიის უფროსი, მთავარეპისკოპოსი, ჭყონდიდელის სახელს ატარებს.

ამ ადგილას აგებული პირველი ქრისტიანული სამლოცველო თარიღდება იმპერატორ კონსტანტინეს დროით, რომელმაც სამეგრელოში არქიტექტორი გამოგზავნა. საკურთხევლის ერთ-ერთ კედელზე ფრესკად დახატული კონსტანტინესა და იმპერატრიცა ელენეს პროტრეტები და ბერძნული მემორიალური მინაწერი გვახსენებს ამ შემთხვევას.

სწორედ ეს ტაძარი იყო სამეგრელოს მთავრების დასაკრძალავი ადგილი. მათი საფლავის ქვებზე ქართულად დაწერილი ეპიტაფიების უმრავლესობა დროთა განმავლობაში წაშლილა. ყველაზე ახალი საფლავი ეკუთვნის უკანასკნელი მთავრის მშობელსა და მთავარ გურიელის ქალიშვილს – პრინცესა ტერეზა დადიანს, რომელიც 1871 წელს გარდაიცვალა. ახლანდელი ეკლესია, როგორც ამბობენ, დაუფუძნებია გიორგის, აფხაზთა მერვე მეფეს. ეკლესია ჯვრის ფორმისაა, გვერდითი თაღებითა და ნიშებით. კედლები ხშირად იყო რესტავრირებული, მიუხედავად ამის, რამდენიმე ნაწილი ხელუხლებელია: ასეთია შესასვლელი კარის თავზე, კანკელის მარცხნივ, რომელიც წარმოადგენს პირველ დადიანთა – ოტია ჩიქოვანისა და მისი ცოლის გამოსახულებებს, რომელთა საფლავებიც აქვეა. ამასთანავე,  ტაძარი მდიდარია რელიქვიებით, უძველესი ჯვრებითა და ძველი სახარებებით. ერთ-ერთ მოხატულ სახარებას, რომელიც დიდი მხატვრული ღირსებისაა,  ბოლო გვერდზე აქვს მინაწერი: „ეს წიგნი მე გადავწერე, ბერმა ეფრემმა, სამყაროს დასაბამიდან 6904 წელს“[8].

კანკელის მოპირდაპირე მხარეს, ძირითადი შესასვლელის ზემოთ, არის გალერეა, რომელსაც საგანძურთან მივყავართ. პატარა კარს, რომელსაც ძველად მტრის მოახლოებისთანავე ამოქოლავდნენ ხოლმე, შევყავართ ოთახში, რომელიც საკმაოდ ჰგავს სხვენს: აქ ერთმანეთში უწესრიგოდ არეული ყრია ძვირფასი სამღვდელო ტანსაცმელი, საეკლესიო სამკაული, მიტრები, ალმასებითა და თვალ-მარგალიტით შემკული ჯვრები. ისევე როგორც გელათში, დაუდევრობა, რომელიც დამახასიათებელია ამ ნივთების შენახვისას კონტრასტს ქმნის მათ ღირებულებასთან; აქა-იქ ცარიელი ჩანს ის ადგილები, რომლებიც ალმასებით იყო შემკული.

მარტვილის ამ საკათედრო ტაძრის გარშემო აღმართულია მრავალი მოუვლელი ნაგებობა: მთავარეპისკოპოსის საცხოვრებელი, დასაკრძალავი სახლი, სადაც დაკრძალვისას იკრიბებოდნენ მთავრები და მათი ვასალები, შემდეგ უძველესი სამლოცველო, რომელიც ერთმა ბერმა განაახლა და მას ოთხკუთხა კოშკი დაადგა, რომელშიც საკუთარი ნებით განდეგილმა, საკუთარივე ხელით ამოიშენა კედელი და 20 წელი იცხოვრა – 1841-დან 1861 წლამდე. მასთან ყოველდღიურად მიჰქონდათ საჭმელი, ხან იმ კიბით აწვდიდნენ, რომელსაც იმ ერთადერთ ფანჯარასთან ათავსებდნენ, საიდანაც კოშკში სინათლე შედიოდა, ხან კი იმ კიბით, რომლითაც მორწმუნეები სარგებლობდნენ, რათა წმინდა მონომანისგან კურთხევა მიეღოთ. ეს ქართველი ბერი, სახელად რომან გვილავა [Roman Guilava], დაკრძალულია ეკლესიის ეზოში, მის მიერ არჩეული დილეგის მახლობლად.

 

სვანები. პრიანიშნიკოვის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.


          კვლავ ვიმეორებ: რამდენადაც ხალხი ღარიბია, იმდენად ნაყოფიერია ეს მხარე. ახალსენაკიდან ნაოღალევამდე (ასე ეწოდება იმ სოფელს, რომელსაც მარტვილის ეკლესია დაჰყურებს) მოჩანს სიმინდის ყანები, უდაბური ტყეები, რომელშიც მუხა და კაკლის ხე ერთმანეთს ეცილებიან, თუთის ხეების გვერდით მზარდი ვაზი, რომელიც კოხტად ეხვევა ხეების წვერებს, რომლებსაც თავის მხრივ სქელი სურო შემოხვევია. ეს სანახევროდ ველური ვაზი, რომელიც ხეებზე თავის ნებაზეა მიშვებული ბრწყინვალე ნაყოფს იძლევა, რომელსაც ის ამ ნესტით სავსე მიწაზე არ მოგვცემდა დაბლარად გაშენების შემთხვევაში. მზესთან უფრო ახლოს მყოფი ნაყოფის მარცვლები სწრაფად მწიფდება. ყურძენი ტკბილია, რაც ადგილობრივი ღვინოების საოცრად არომატულ სურნელს განაპირობებს.

მარტვილის პლატოდან დიდებული ხედი იშლება და მთელი ეს მხარე თავისი უმცირესი დეტალებით მოჩანს: გორაკები, მდინარეები, სოფლები და მინდვრები – თითქოს ნახატებიანი ქსოვილი იშლება ჩვენს თვალწინ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ვერცხლისფერი ძარღვები, რომელსაც მწვანე მინდვრების შორის ამ მხარის ხუთი დიდი მდინარე – რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ტეხურა და ენგური ქმნის მათში ჩამავალი მდინარეებითა და წყაროებით.

 

სვანეთის კოშკები. ჟ. ლორანსის ნახატი შესრულებული ჩანახატის მიხედვით.


ამ მდინარეებით უხვ მხარეს ხიდები აკლია. როგორც ძველი ლეგენდა მოგვითხრობს, ერთ დღეს, ცხენოსნებს მდინარის ფონის გადალახვის შემდეგ, ნაპირზე ფეხით მავალი ქალი დახვდათ, რომელმაც მდინარეზე გადასვლაში მათ დახმარება სთხოვა. მხედრებმა მისი თხოვნა არ შეისმინეს და ქალს დასცინეს. მაშინ ქალმა ერთი ნაპირიდან მეორეზე ხის ტოტები გადო და უშიშრად გადაიარა მდინარე. აღტაცებულმა ცხენოსნებმა შესძახეს: „ქალ ხიდა! ქალ ხიდა!“ აქედან დამკვიდრდა ქალ-ხიდა კოლხეთის ადგილობრივ ენაში.

 

 

III

ჩემი საცხენოსნო კურსები. – ნიაღვრები და გადასასვლელები. – სამგზავრო ფუსფუსი. – ნაოღალევში. – ბელზებელის მთა და წმინდა დიმიტრის საღამო. – მომრიგებელი მოსამართლის ამაო გმირობა. – აბაშის ჩანჩქერი და მეგრელი მეწისქვილეები. – ფეოდალური ჩვეულებები. – არქეოლოგიის პრობლემა. – ელინისტური წარსულის ცოცხალი მოგონებები. – დატირება და დაკრძალვა სამეგრელოში.

 

იძულებული გავხდი სამეგრელოში ცხენით მემოგზაურა, რადგან ხეობებითა და მდინარეებით დასერილი მწვერვალების ამ ლაბირინთში ცხენოსნობა გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.

ჩემი ცხენი სრულებით არ იყო ფიცხი; მისი სიგამხდრე, ისევე როგორც მისი ალური, არასაკმარისი კვების ნიშანი იყო რაც, ვაი რომ, ცხოველთა შორის ყველაზე კეთილშობილის ბედია ამ ქვეყანაში.

თავდაპირველად შიშით დავცოცავდი უფსკრულების პირას ამ ციცაბო კლდეებზე. ყოველ წუთას მიწევდა შეუპოვრობის გამოჩენა, განსაკუთრებით კი სოფლის საცალფეხო ხიდებზე, რომლებიც შემზარავად ქანაობდნენ. ვაზის რამდენიმე ლერწს ერთად დაწნავენ, სიგრძეზე გაჭრიან ხეს და ამ მარტივ მოწყობილობას ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაისვრიან. ტოტებისგან გაკეთებული მოაჯირი ერთადერთი საყრდენი წერტილია, რაც ხელს არ უშლის ადგილობრივებს, რომ სირბილით გადაკვეთონ ეს მოქანავე და მოტკაცუნე ხიდები, რომლებიც ხშირად პირველივე წყალდიდობისას თან მიაქვს ბობოქარ მდინარეს.

მარშრუტის ამგვარ სირთულეებს თან ერთვის საკვები და ღამის გასათევი ადგილების სრული უქონლობა. მოგზაურმა გამგზავრების წინ თვითონ უნდა მოიმარაგოს ყველაფერი რაც მას დასჭირდება, ლოგინი იქნება ეს, თუ საჭმელი. ამისთვის საჭიროა ტყავის ელეგანტური სამგზავრო ჩემოდანი თან დართული ტუალეტის ნესესერით, რომელსაც ევროპელი მოგზაურობაში თან დაატარებს! კავკასიაში სამოგზაუროდ სრული საოჯახო აღჭურვილობაა საჭირო.

პირველ რიგში, მაფრაშაში [mafrash] (ადგილობრივი ფარდაგისგან შეკერილი დიდი ტომარა) გადახვეულია განუსაზღვრელი რაოდენობის ფუთა, რომლებშიც მოთავსებულია ბალიში, საძილე ტომრისმაგვარი გადასაფარებელი და მსგავსი ნივთები. მცირე ზომის ნივთები განკუთვნილია ხურჯინისთვის [kourgins] (შალის ჩანთა) ცხენის ზურგზე გადასაკიდად. ხურჯინის საიდუმლო ნაკეცებში ჩამალულია ტუალეტის პირადი მოხმარების ხელსაწყოები ანუ ყველა ის ნივთი, რომელთა პოვნაც ამ რეგიონებში შეუძლებელია; თუ გავითვალისწინებთ თუ რა იოლად გადიან ფონს აქაურები იმ ხელსაწყოების გარეშე, რომლებიც ჩვენთვის ასე აუცილებელია, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მათ თავშეკავების შესანიშნავი თვისება გააჩნიათ. არ უნდა დავივიწყოთ არც სამზარეულოს ქვაბები, არც სასადილო ჭურჭელი და, განსაკუთრებით, არც სანოვაგე.

თავდაპირველად, როდესაც სამეგრელოში ჩემი საცხენოსნო მოგზაურობა წამოვიწყე, გაკვირვებული ვიყავი იმ მნიშვნელოვანი კავალკადით, რომელიც სულ უკან დამყვებოდა და იმ უთვალავი რაოდენობის ნივთით, რომლითაც ისინი იყვნენ დატვირთულები. მალევე მივხვდი მათ საჭიროებას, როდესაც გასაჩერებელ პუნქტებზე ის ცარიელი ქოხები დავინახე, სადაც ღამე უნდა გაგვეთია. ნივთების ამოლაგების შემდეგ ეს ქოხმახები სრულიად განსხვავებულ იერს იღებდა. ძირს და კედლის გასწვრივ დაფენილი ან ქოხის ხის მერხებზე გადაფარებული ხალიჩების წყალობით, რომლებიც მათ ელეგანტური მუთაქებით [moutakhis] მორთულ ტახტებად [tachta] აქცევდა, ეს სოფლის სახლის ოთახები კომფორტულ საძინებელ ოთახებად იქცეოდა.

რაც შეეხება მოგზაურობის უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ის მხარეა, რომელიც ოდესღაც თვით წმინდა ანდრიამ შეაჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ამ მხრივ იგი უნაკლოა. არცერთ შეიარაღებულ მამაკაცს, რომელთაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებოდი, არ უცდია ჩემი ქისის ან ჩემი სიცოცხლის ხელყოფა. ეს კეთილი ხალხი უბრალოდ მესალმებოდა ადგილობრივი ჩვეულების თანახმად – თავზე შემოხვეულ ყაბალახს ხელით ეხებოდნენ ისე, რომ მის ერთ ნაკეცსაც კი არ აურევდნენ, და მეც მათ სალამს მაშინვე ვპასუხობდი მოწიწებით, გაოცებული იმით, რომ ამ არისტოკრატული იერის გლეხებისგან განსხვავებული შესახედაობა მქონდა.

მდინარე აბაშადან რამდენიმე ვერსის შემდეგ სოფელ ნაოღალევში მივედი.



არისტოკრატიული შესახედაობის გლეხი. ა. სირუის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.


        სამეგრელოს სხვა სოფლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვეულებრივ დაბლობზეა მიმოფანტული, ნაოღალევი საცხოვრებლების მჭიდრო ჯგუფს ქმნის. ეს საცხოვრებლები თავისი სიღარიბით ადასტურებს თუ რამდენად ხელმოკლეები არიან ადგილობრივები. ამ მომხიბვლელ ადგილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს უძველესი მონასტრის სიახლოვე. მწვანე ბუდესავით ჩამალულა ეს სოფელი ორ მთას შორის: ერთზე საკათედრო ტაძარია, მეორე მთას კი ტაბაკელა ეწოდება.

სოფლის მცხოვრებლები უაღრესად ცრუმორწმუნეები არიან. ადგილობრივთა რწმენით, წაბლის, მუხისა და ხის სხვა დიდებული ჯიშების ეს ხშირი ტყე, რომელსაც ტაბაკელას მთა აგვირგვინებს, ავი სულებით არის სავსე. წმინდა დიმიტრის საღამოს (ბერძნული სტილით 26 ოქტომბერი) წყვდიადის იმპერიის მთელი ლეგიონი ბელზებელის ბრძანებისთანავე უღრან ტყეში იკრიბება, რათა იქ მიეცეს სიმღერებითა და ვერაგული შეთანხმებებით თანხმლებ ღრეობას. ზუსტად შუაღამისას სოფლიდან გამორჩეულად ისმის ჯოჯოხეთური მუსიკის გამაყრუებელი ხმა.

ამგვარად, ეს ღამე ამ პატარა მხარისთვის პანიკის ღამეა. არაფრის დიდებით, ვერავინ ვერ გაბედავს ამ საბედისწერო დღეს მთაზე ასვლას. სამაგიეროდ, მოპირდაპირე მთაზე მდებარე მონასტერს აწყდებიან მომლოცველები. ბევრი აქაური, იმის შიშით, რომ ეშმაკმა არ წაიყვანოს, წინდახედულობით მიდის ძველ საკურთხეველთან ფულის შესაწირად და სანთლის დასანთებად. როგორც ამბობენ, ერთ წელს, მაზრის მომრიგებელმა მოსამართლემ, სურდა რა, რომ ეს ცრურწმენა ამოეძირკვა, საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა ყველა იმ ადგილობრივს, ვინც წმინდა დიმიტრის საღამოს დათანხმდებოდა მასთან ერთად იმ მწვერვალზე ასვლას, სადაც შაბაში იმართებოდა. სარფიანი სატყუარას მიუხედავად, სოფლის არც ერთი მცხოვრები არ გაჰყვა უტიფარ მოხელეს, რომელსაც საკუთარი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა სურდა და მხოლოდ ერთი მსახურის თანხლებით დაწყევლილი ადგილისკენ გაემართა.

ასასვლელი ფერდობი, რომელიც გადაჭედილია ხშირ ხეებს შორის ბადესავით გაბმული ერთმანეთში უწესრიგოდ გადახლართული მცენარეებით, საკმაოდ მოუხერხებელი ბილიკია. შუა გზაზე მათი ცხენები მოულოდნელად გაჩერდნენ: ერთ-ერთი ცხენი ყალყზე შედგა, მეორემ ჭიხვინი დაიწყო – ორივე შეშინებული ჩანდა. ცხოველების ასეთმა უცნაურმა ქცევამ მოსამართლისა და მისი მსახურის ყურადღება მიიქცია. მათ მიაყურადეს და უღრანი ტყიდან ტირილის ხმები შემოესმათ. რა უნდა ყოფილიყო? ნუთუ მართლა ბელზებელისა და მისი მეგობრების შაბაშს გადაეყარნენ? უკვე თავზარდაცემულები იყვნენ, როდესაც მოულოდნელად ზემოდან მომავალი გამაყრუებელი ხმა უფრო გარკვეული გახდა. ტირილი ყვირილმა შეცვალა, ყვირილს საშინელი კვნესანარევი ღრიალი მოჰყვა... ცხენებისთვის ეს უკანასკნელი დარტყმა იყო – ბევრიც აღარ უფიქრიათ, თავაწყვეტილი ჭენებით დაეშვნენ დაღმართზე და თან წაიყოლეს თავზარდაცემული მხედრები. ამ უკანასკნელებმა, შიშის მიუხედავად, არ დააყოვნეს ამ ჯოჯოხეთური ღრიალის ბუნებრივი მიზეზის ახსნა. ამ საშიში ორკესტრის შემსრულებლები ის მგლები და ტურები იყვნენ, რომლებიც ტყის ჯაგნარში გუნდურად ყმუოდნენ. თუმცა ისინი სულ ამაოდ ეცადნენ ნაოღალევის მცხოვრებთა დარწმუნებას: მათ აზრი არ შეუცვლიათ ამ ძველ რწმენასთან დაკავშირებით და დღესაც კი, ეს მთა მათთვის ეშმაკის სამფლობელოა.

ჩემმა თანამგზავრებმა სცადეს ამ საშინელ მწვერვალზე ჩემი აყვანა. სამწუხაროდ, გზის სავალალო მდგომარეობამ და სხვა ათასმა სირთულემ ხელი შემიშალა ამ ასვლის წარმატებით განხორციელებაში. იძულებული გავხდი ქედი მომეხარა უზენაესი ძალისადმი და პატივი მეცა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ეშმაკის ბუნაგისთვის.

სასიამოვნო კონტრასტს ქმნის ჯოჯოხეთური მთის სიახლოვეს მდებარე სამოთხის ადგილი: აბაშის ჩანჩქერი. არაფერია ამ წყლის ვარდნილზე უფრო თვალწარმტაცი. მდინარე აბაშა სვანეთის მთებიდან გამოდის და, როგორც უკვე ვთქვი, კვეთს სამეგრელოს ტერიტორიას. ნაოღალევის თავზე მოსვლისას, მას ხვდება ციცაბო კლდეები, საიდანაც მისი სწრაფი ტალღა ეშვება ტბის ფორმის აუზში, რომელშიც, როგორც ამბობენ, კავკასიაში საუკეთესო კალმახს იჭერენ.

ამ უზარმაზარ აუზში წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ შეგვიძლია თვალი გავაყოლოთ, ისევე როგორც აკვარიუმში, თევზების ცურვასა და ხტუნვას. თევზი აქ ისე უხვადაა, რომ მას ხელითაც კი იჭერენ. ასიოდე ფუტის სიმაღლის კლდის საძირკველი ყველაზე თვალწარმტაცია; ქვების ნაპრალებში უთვალავი სახეობის მცენარე იზრდება – გასაოცარი სიმდიდრისა და სიმძლავრის ველური ფლორა ხალიჩასავით მოფენილა. ხეებს შორის საუცხოოდ გაფოთლილა ბზა. ზოგ სეზონზე, განსაკუთრებით კი თოვლის დნობისას, ადიდებული მდინარის ტალღები გარშემო ყველაფერს ტბორავს. ამ დროს ჩანჩქერის მქუხარე გრგვინვა სამი ვერსის მანძილზე ისმის და გაშმაგებული დინების დანახვა მართლაც დიდებულ ეფექტს ახდენს.

 

სამეგრელოს რუკა.

 

ტბის გარშემო მიწამ, რომელიც კერძო პირმა შეიძინა, გარკვეული მხატვრული ტრანსფორმაცია განიცადა და თუ ამას ბუნების ჩარევასაც დავამატებთ, ეს ნაპირი სასიამოვნო ადგილად ქცეულა. კიბეს აუზის პირამდე ჩავყავართ, საიდანაც აყვავებულ ბილიკებს მივყავართ კლდეში გამოკვეთილ ტლანქ სკამებამდე. ამას გარდა, კლდის შვერის უკანა ციცაბო ფერდზე აქა-იქ პატარა ქოხები მოჩანს. შორიდან ისინი ნაიადებისა და წყლის სხვა ფერიების თავშესაფარს მოგვაგონებს; სინამდვილეში კი ასე სასიამოვნო შესახედაობის ეს პატარა სახლები პროზაული წყლის წისქვილებია ფქვილის დასაფქვავად. მიუხედავად ამისა, იქ შესვლისას სრულად არ ვკარგავთ ილუზიას. აქ ლამაზი მეგრელი ქალები გვხვდებიან, რომელთაც ევალებათ წისქვილის მეთვალყურეობა მაშინ, როდესაც მამაკაცები მინდორში მუშაობენ. განუწყვეტლივ რთვასა და ათასნაირ გარჯაში, ეს ქალები რუდუნებით უვლიან სახლს და ამგვარად საკუთარი წვლილი შეაქვთ საზოგადო კეთილდღეობაში. სახის მოხაზულობითა და ნაკვთებით მათი უმეტესობა ბერძნულ ტიპს მოგვაგონებს.

მათ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი უყვართ; განსაკუთრებით ნარინჯისფერი მოსწონთ; სწორედ ამ ფერს ამჯობინებენ ისინი თავიანთი გრძელი ქვედაკაბებისთვის; გამოსასვლელად თავზე ვუალს იხვევენ, ყოველდღიურობაში კი მხოლოდ ჭრელ თავსაფარს ხმარობენ. ამ ლამაზი და დიდებული გლეხი ქალების დანახვისას, რომლებიც თითისტარით ხელში ნესტიან ბილიკებს წისქვილებისკენ მიუყვებიან, სადაც მათ ყოველდღიური საქმიანობა ელოდებათ, გეგონება კირკეს თანამგზავრებს ვხედავთ, რომლებიც იმ ტახტისთვის ართავენ სელს ცნობილ ულისესა და მის თანამგზავრებს რომ მიართვეს კოლხეთში ჩასვლისას.

 

სამეგრელოს წისქვილები. ტეილორის ნახატი ფოტოების მიხედვით.

 

აბაშის ჩანჩქერი უპირატესი ადგილია იმ დღესასწაულებისთვის, რომლებსაც აქ დროდადრო ადგილობრივი ხელისუფლება მართავს. ჩემს ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ეს მდელო სამეჯლისო დარბაზად ქცეულიყო, სადაც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილმა ადგილობრივებმა ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტების ხმაზე სოფლის ტრადიციული ცეკვები შეასრულეს.

ნაოღალევსა და ჩანჩქერს შორის დაბლობზე უცხოელებს სამ გიგანტურ ისტორიულ ხეს უჩვენებენ: ეს სამი ცაცხვი 1830 წელს მეფე ნიკოლოზის ჯარისკაცებს დაურგავთ, რომლებიც სამეგრელოში თავადი დადიანის მოთხოვნით ჩამოსულან. დადიანი ამ მხარეს მართავდა როგორც რუსეთის ვასალი და აჯანყებულ ქვეშევრდომთა წინააღმდეგ სუზერენის ჯარების დახმარება სჭირდებოდა.

ჩანჩქერიდან ერთი ვერსის დაშორებით, ბუმბუასხიდში [Boumbouaschidy], ვხვდებით თლილი ქვებისგან ნაშენ ხიდს, რომელიც ამ მხარეში გავრცელებულ მყიფე ბოგირებთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის. ეს ხიდი იმ დროით თარიღდება, როდესაც მეფე ნიკოლოზი ჩამოვიდა სამეგრელოში. სწორედ ამ ადგილას, სამეგრელოსა და იმერეთის საზღვარზე, გამოატარა დადიანმა იმპერატორი და მისი ამალა, მას შემდეგ, რაც მას დახვდა შავ ზღვაზე, რედუტ-კალეს პატარა პორტში. აქ ჯერ კიდევ მოჩანს ძველი ხიდის ნანგრევები მდინარე ჰიპუსზე [Hippus], რომელსაც ახლა ცხენისწყალი ეწოდება. მეფის ამ მოგზაურობის გამო სამეგრელოს გზები საგანგებოდ გამოძახებულმა რუსმა ინჟინრებმა მოაწესრიგეს. მათ ზუგდიდიდან, ადგილობრივ სუვერენთა რეზიდენციიდან გაიყვანეს გზა, რომელსაც დღემდე „ზემო სამეგრელოს გზას“ უწოდებენ.

ხის ბოგირით შეცვლილი პომპეუსის ხიდიდან 8 ვერსის დაშორებით, კლდეებს შორის, ზღვის დონიდან 450 ფუტ სიმაღლეზე, გადის გზა, რომელსაც თურჩუს [Tourtchou] ძირში მდებარე პლატოსთან მივყავართ. თურჩუ შესანიშნავი წიწვნარითა და ნაძვნარით დაფარული მაღალი მწვერვალია.

ცხენისწყლის ახალი ხიდი გადებულია წყლის დინების სწრაფ და ვიწრო ადგილას. მოსაზღვრე მთა ორივე მხრიდან ქმნის 7 თუ 8 ათასი ფუტი სიმაღლის კლდის კედელს და დაგვირგვინებულია კარგად შენახული ციხესიმაგრის რელიეფით, რომელმაც საუკუნეების მანძილზე უამრავი შემოტევა გადაიტანა.

სწორედ ამ გაუთავებელმა ბრძოლებმა, რომელიც ადგილობრივთა განხეთქილებას თან ერთვოდა, ეს მდიდარი პროვინცია დღევანდელ ატროფიულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ის რაც ყველაზე მეტად გასაოცარია აქ, ეს არის საკუთრების განუყოფელი ხასიათი. ყოველ მიწის ნაკვეთს რამდენიმე მფლობელი ჰყავს და ყოველ მათგანს სურს შემოსავლიდან წილის მიღება. სწორედ აქედან მოდის დაუსრულებელი დავა და სასამართლო პროცესები. ვინაიდან ამ მხარეში ინდუსტრია არ ასებობს, ყველა ქონება, დიდი თუ მცირე, განკუთვნილია ადგილ-მამულის შესაძენად. სიმინდის ყანისა თუ ტყის შესაძენად წილგროვებას აწყობენ და ამ შემთხვევაში, ხშირად ხდება, რომ მეურნე გლეხს მთავრისა და აზნაურის  მსგავსად აქვს უფლება სახნავ მიწაზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე II-ის ახალმა კანონმა ბატონ-ყმობის გაუქმების შესახებ ყველა კლასს შორის თანასწორობა დაამყარა, სამეგრელოში ფეოდალურმა სისტემამ საკუთარი კვალი დატოვა. არაერთი ადგილობრივი მმართველი საკუთარი სურვილით ივიწყებს კანონს, ამის შედეგი კი ხშირად კონფლიქტია, რომელშიც ყველაზე სუსტი მარცხდება.

მთის ძირში პლატოზე ჩამჯდარა წარმტაცი სოფელი გორდი – ძველ სუვერენთა საზაფხულო რეზიდენცია. ლამაზი ნაგებობებით გარშემორტყმული პარკი და ახლახანს აშენებული სასახლე ამ ლამაზი სოფლის მშვენებაა, საიდანაც ხედი შავ ზღვამდე და მოსაზღვრე თოვლიან მწვერვალებამდე იშლება. გარშემო ადგილები ბევრ მონადირეს იზიდავს. თურჩუს მთა, უკანასკნელი დადიანების ნადირობის ასპარეზი ნაკრძალი, სავსეა მორჩილი დათვებით, რომლებიც ტყის პირა სახლებს საკუთარი ნებით უახლოვდებიან თოფის გასროლის მანძილზე.

აქედან ზუგდიდში წავედი. ლამაზი გზაა. შუა მგზავრობისას მდინარე ხობმა [Khopi] შემაჩერა. ეკლესია, რომელიც სახელს ამავე მდინარისგან იღებს, აქვე ახლოს, მაღლობზე მდებარეობს. ჩემი მისვლისას ეს პრიმიტიული ბორანი, რომელსაც ხალხი ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავს, შუა წყალში იყო. ამიტომ ლოდინის დროით ვისარგებლე და მაღლობზე ავედი, საიდანაც წარმტაცი და მრავალფეროვანი ხედი იშლება.

ყოფილი სამთავროს ყოფილი დედაქალაქი, პატარა ქალაქი ზუგდიდი, დაახლოებით ათასი სულით არის დასახლებული და შედგება, ისევე როგორც სამეგრელოს ყველა დასახლებული პუნქტი, დამუშავებული მიწების გარშემო მიმოფანტული სახლებით. იგი გაშლილ მაღლობზე მდებარეობს და მორთულია, იმ პარკის გარდა, სადაც უამრავი სახეობის ეგზოტიკური მცენარე იზრდება, არხით, რომელსაც გასწვრივ მიუყვება ასწლოვანი ხეები და რომელიც კვეთს და ახალისებს ქალაქს. ჩემი იქ ყოფნისას, თურქების მიერ 1855 წელს დამწვარი მთავრის სასახლის ადგილას ორ ახალ სასახლეს აშენებდნენ.

ქალაქიდან 12 ვერსის დაშორებით მდებარეობს ათანგელას [Atangela] ძველი ციხე, რომლის მოპირდაპირე მხარესაც, ენგურის[9]  მარჯვენა ნაპირზე გაშლილმა მინდორმა მეცნიერთა და არქეოლოგთა ყურადღება მიიქცია და დავის საგანი გამხდარა. ბატონი ბაიერნი, მეცნიერი ნატურალისტი ტფილისიდან, ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ციხესიმაგრის მეზობელ ველზე იყო აღმართული ანტიკური ტროა. მიუხედავად იმისა, დავეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, ის მაინც შესაძლებელია, რომ ტფილისელი მეცნიერის მიერ მითითებულ ამ ადგილზე ოდესღაც ელინისტური წარმოშობის ქალაქი ყოფილიყო. ბერძნებმა ამ ქვეყანაში დატოვეს კვალი, რომელიც შემორჩენილია როგორც ადგილობრივების ფიზიკური ტიპების სილამაზის, ასევე იმ უთვალავ წეს-ჩვეულებაში, რომლებიც აქ კვლავ გავრცელებულია.

ბერძნებისა და ძველი დროის ქართველების მსგავსად, ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც აგრძელებს გარდაცვლილების დაკრძალვას მათი ტანსაცმლითა და მთელი მათი სამკაულით.

თუ ვინმე მოკვდა, მის მშობლებსა და მეგობრებს ატყობინებენ და ტირილის დღეს ნიშნავენ. მოწვევას ცხენოსანი შიკრიკები აკეთებენ, იმის ხედვით თუ რამდენად არის ერთმანეთისგან დაშორებული ის სოფლები, სადაც სხვადასხვა მთავრები და აზნაურები  ცხოვრობენ. მანძილისა და წყალდიდობების გამო ზოგჯერ მიცვალებულს რამდენიმე კვირას არ ასაფლავენებენ მათი მოსვლის ლოდინში, ვინც მას უკანასკნელი პატივი უნდა მიაგოს. დათქმულ დღეს, ყოველი მთავარი თუ აზნაური მიდის გარდაცვლილის სახლში, თავის ოჯახთან, მსახურებთან და მის მიწებზე დასახლებულ გლეხებთან ერთად. ხშირად მხოლოდ ერთი ოჯახი ქმნის ასიოდე ადამიანისგან შემდგარ კავალკადას.

 

 ტირილი. პრიანიშნიკოვის ნახატი ავტორის ჩანახატის მიხედვით.

 

სამრეკლოს ზარი მგლოვიარეებს რეკვით ამცნობს ცხენებზე ამხედრებული ყოველი ახალი ოჯახის ეზოში შემოსვლას. როცა ყველა ადგილზეა, ისინი რიგში ორ-ორნი დგებიან, წინ მგალობლები მიუძღვით და ასე ტირილით, მოთქმით, გულმკრედში ხელების ცემით ეს პირქუში და უცნაური პროცესია იმ ოთახში შედის, სადაც დახურული კუბო ასვენია. კუბოს წინ ყოველი ოჯახის უფროსი წარმოთქვამს დიდებულ სიტყვას მიცვალებულის საპატივცემულოდ, ჩამოთვლის მის თვისებებს და გამოთქვამს სინანულს რაც მისმა სიკვდილმა გამოიწვია ყველა მის მეგობარში; ის თვით მიცვალებულს მიმართავს და შენობით ისე ელაპარაკება, თითქოს ისევ ცოცხალი იყოს. ამის შემდეგ გარდაცვლილის მშობლებს უსამძიმრებენ და დაახლოებით იგივე შინაარსის ტექსტს ეუბნებიან, როგორითაც მიცვალებულს მიმართეს, და ასე მეორდება უსასრულოდ.

სრულიად ჩაბნელებულ ოთახში გაჭიმული ბალდახინის ქვეშ დგას ან ძირს ზის ძაძებში ჩაცმული მგლოვიარე ოჯახი. კივილი და ტირილი ლოცვასა და გოდებაში ირევა. ქალები მშობლების გვერდით არიან და თმააწეწილნი ხელს მკერდში ირტყამენ. მამაკაცები მეორე მხარეს დგანან. ცერემონიის შემდეგ, სახლის ეზოში ყველას საჭმლით უმასპინძლდებიან. ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ ამზადებენ პურის ნაირსახეობას, ლავაშს, რომლის თხელ, მოქნილ ცომს ყველანაირი ფორმისა და ზომის მიღება შეუძლია. მისი დამზადება დიდ შრომას მოითხოვს, ვინაიდან, ამგვარ გამოსათხოვარ სადილებზე სტუმრებს ზოგჯერ ათასობით ითვლიან. დაკრძალვის ხარჯებს ნაწილობრივ დამსწრეები იხდიან. ამასთანავე წესად აქვთ გარდაცვლილის ოჯახისთვის გარკვეული თანხის ჩუქება. ამ მიზნით ეზოში კარავია გაშლილი; იქ მოლარე ზის, რომელიც ფულს იღებს და თანხას და შემწირველის სახელს ინიშნავს, რადგან ამგვარად გაცემული ფული მხოლოდ ვალია; ყოველ ოჯახს, რომელიც თავის მხრივ დაკარგავს ერთ-ერთ წევრს, უბრუნდება ზუსტად ის თანხა, რომელიც მან მანამდე გასცა.

რადგან დასაფლავება ტირილის მეორე დღეს არის, მშობლები და მეგობრები ღამეს მიცვალებულის სახლში ათევენ. ვინაიდან, ამ ქვეყანაში ლოგინი, რომლის მიმართაც სხვათაშორის მომთხოვნები არ არიან, ბარგის განუყოფელი ნაწილია, ყველა ისე მოეწყობა, როგორც შეუძლია, რომ ასე საჭირო დასვენებას მისცეს თავი დამღლელი მგზავრობისა და ტირილის შემდეგ.

ისევე როგორც წინა დღეს, იგივე კავალკადა ტირილითა და მოთქმით აცილებს  გარდაცვლილს მის უკანასკნელ თავშესაფრამდე. მოვერცხლილი ორნამენტებით მორთულ მამაკაცის უნაგირზე ამხედრებული ქვრივი სამგლოვიარო კორტეჟს მიჰყვება. იგი ორივე მხარეს ქალებს უჭირავს მკლავებით, რომ მას სახის დასახიჩრების ან თმის მოგლეჯის ნება არ მისცენ. მიცვალებულს ბალდახინიანი ეტლით მიასვენებენ; კუბოს გარშემო მოტირალი ქალები სხედან, ზუსტად ისე როგორც ანტიკური დაკრძალვისას[10].

 

ხობის ეკლესია. პ. სელიეს ნახატი დიუბუა დე მონპერეს მიხედვით.

 

დაკრძალვის ცერემონიას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წინა – ტირილის დღეს, თუმცა ცრემლების წყარო ერთ დღეში არ შრება. სიკვდილიდან ორმოცი დღის შემდეგ მიცვალებულის სახლში მეორე სამგლოვიარო ცერემონია იმართება, რომელსაც იგივე ხალხი ესწრება, ვინც პირველს დაესწრო.

ამ შემთხვევის გამო შავად მორთულ ოთახებში გამოფენილია ყველა ის ნივთი, იარაღი, თავსაბურავი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რაც  გარდაცვლილ კაცს ან ქალს ეკუთვნოდა. ამ რელიქვიებს ისეთივე საქები სიტყვითა და პატივისცემით მიმართავენ, როგორც კუბოს. ამ დღესაც სიტყვას კვლავ მოჰყვება ტირილი და გოდება.

სახლის კართან გარდაცვლილის ცხენია, რომელსაც უნაგირი უკუღმა ადგას. ზოგჯერ, ეს კეთილშობილი ცხოველი, თითქოს ხვდებოდეს პატრონის დაკარგას, თავის საბრალო ჭიხვინს ურთავს ამ პირქუშ სანახაობას. ახალი ტრაპეზით გვირგვინდება ტკივილის ეს მეორე და უკანასკნელი გამომჟღავნება.

(გაგრძელება იქნება)

 

Carla Serena. Un tour en Mingrélie. Le Tour du Monde, XLI, 1881. p. 385-416.



[1] ვახუშტის გეოგრაფიაში წერია, რომ სამეგრელოს ეწოდება მეეგრელ [Méégrel] და ოდიშ [Odich]. პირველი დასახელება მოდის საქართველოს მეფე ეგროსისგან, რომელმაც ქალაქი ეგრისი დააარსა, მეორე კი შემდეგი ისტორიისგან: ბერძნების გავლენის ქვეშ მოქცევის შემდეგ ადგილობრივებმა თქვეს: „აქამდე ეს ქვეყანა ჩვენი იყო“ – ფრაზა, რომელშიც ქართულ ენაზე გვხვდება სიტყვა ოდიში.

[2] ასეთი სახელი შეარქვეს ამ მდინარეს მისი დამანგრეველი გააფთრების გამო. იგი თავის გზაზე ყველაფერს ტეხს და თან მიაქვს: tekha ადგილობრივ ენაზე ტეხას ნიშნავს.   

[3] მდინარე აბაშას, რიონის შენაკადს, ძველად ერქვა Thacwer, იმ მთის სახელი, საიდანაც იგი სათავეს იღებს (Thaciverie პურის მთა – ეს სახელი მისი ფორმის გამო ეწოდა). მისი ახალი სახელწოდება შემდეგ ამბავს უკავშირდება: ანაკოპიიდან დაბრუნებისას მურვან ყრუმ თავისი ჯარის 60 000 ცხენოსანი დაკარგა მდინარე აბაშის შესართავ ცხენისწყალში [Tzkhénis Tskal], რომელსაც ძველად ჰიპუსი ეწოდებოდა. აბაშელთა წინააღმდეგ გალაშქრებისას კი მდინარე აბაშის ტალღებში 80 000 კაცი დაიღუპა.

[4] აქ იგულისხმება სანქტ-პეტერბურგში 1866 წლის 4 აპრილს ალექსანდრე II-ზე მომხდარი თავდასხმა, როდესაც ოსიპ კომისაროვმა თავდამსხმელს იარაღზე ხელი აუკრა (მთარგმნელის შენიშვნა).

[5] სოფელი ნაფიჩხოვო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მთარგმნელის შენიშვნა).

[6] სტრაბონი სვანებს მოიხსენიებს, როგორც სიბინძურით ცნობილ ხალხს და მათ უწოდებს „რწყილიჭამიებს“ – ეპითეტს, რომელსაც კვლავაც იმსახურებენ.

[7] კარარა (Carrara) – ქალაქი იტალიაში, მარმარილოს მოპოვების ცენტრი ცნობილი რომაული ეპოქიდან (მთარგმნელის შენიშვნა).

[8] « Ce livre a été écrit par moi, le moine Eprème, l’an 6904 après la création du monde ». იგულისხმება მოქვის სახარება (მთარგმნელის შენიშვნა).

[9] ეს სახელი მეზობელი სოფლის სახელის გამო დაერქვა.

[10] ზოგიერთ სოფელში კუბო ხელით მიაქვთ.

Commentaires