მოგზაურობა სამურზაყანოსა და აფხაზეთში
1881 წელი. ტექსტი და ნახატები პირველად ქვეყნდება
ტექსტის ავტორი კარლა სერენა
ფრანგულიდან თარგმნა ანა ჭეიშვილმა
II
სოფლები ეშქეთი და ბედია. – ჯგუფური და ჟანრული სცენები. – სტუმრად ადგილობრივ მთავართან. – ცეკვები და გართობა. – ბედიის ყოფილი მონასტერი. – ანტონ შერვაშიძე. – მთებითა და ხეობებით. – ტყვარჩელის გოგირდის აბანოები. – ქორწილი აფხაზეთში.
მართალია, სამურზაყანოში გზები იშვიათობაა, სამაგიეროდ, ბუნება არ იშურებს ბრწყინვალებას მოგზაურის მოსახიბლად. არაფერია უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი მცენარეულობის თვალსაზრისით, ვიდრე ვაზის გირლანდებით მორთული ეს მაღალი ხეები და ტყეები, რომლებიც თითქოს პარკების წყებას ქმნიან, და რომელთა ხშირ ფოთლებშიც რთულია გზის გაკვლევა. ამას გარდა, დაბა ოქუმიდან გამოსვლისას საჭიროა ამავე სახელწოდების მდინარის ფონზე გადასვლა, რომელიც მეზობელ მთებში იბადება და მალევე იქცევა ლოდებით დაფარულ კალაპოტზე მორბენალ სწრაფ და ბობოქარ დინებად: ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა მოგზაურისთვის – გამოუცდელი მხედრისთვის, რომ განსაცდელში გამოიწრთოს, რადგან არც თუ ისე მოსახერხებელია იმ ცხენზე ჯდომა, რომელიც გაბედულად მიაპობს დინებას. განა მეც ასე არ დამემართა, როდესაც გასულ ნოემბერში შუაღამით მომიხდა მდინარე ოქუმზე გადასვლა, რომ მზის ამოსვლისას იმ ადგილზე ვყოფილიყავი, სადაც ფოტოების გადაღება მსურდა. ამ ამბის გამო დიდად დავალებული ვარ ჩაფარ ბახუა სურგულაძისგან [Bachoua Sourgouladzé], რომელიც მახლდა და რომელმაც თავისი სიმარჯვით სიკვდილს გადამარჩინა. საერთოდ, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, გზის სირთულეებზე საუბარს თუ თავს გავანებებთ, ეს მხარე სრულიად უსაფრთხოა. მოსახლეობის მხრიდან საშიში არაფერია – ხალხი უაღრესად კეთილი და მშვიდობისმოყვარეა; გზებზე მძარცვლები და ავაზაკები არ არიან. ჩხუბი გაცილებით უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ევროპაში, და, მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველა შეიარაღებულია, ადგილობრივები შეხლა-შემოხლის დროს იშვიათად იყენებენ პისტოლეტს ან ხანჯალს.
ეშქეთის ხედი. პოლ ლანგლუას ნახატი კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
ეს მხარე თუმცა განუვითარებელია, მაგრამ სრულიად დასახლებული: აქ უმეტეს შემთხვევაში დაუმუშავებელი მიწებით გარშემორტყმული პატარა სოფლებია, რომლებიც ხის პატარა სახლებისგან ან მარტივად დაწნული ქოხებისგან შედგება. ეს მიწები აქ მამიდან შვილზე გადადის ისე, რომ ახალ თაობებს ბევრი ცვლილება არ შემოაქვთ.
ოქუმის შორიახლოს, გაშლილ ადგილას მოჩანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი ოჯახის – ლაკერბეის [Lakerbey] სასაფლაო. მათ მსგავსად, სხვა ოჯახებსაც აქვთ საგანგებოდ მათთვის განკუთვნილი სასაფლაოები, რომლებიც საცხოვრებლებივით მიმოფანტულია სოფლებში. ლაკერბეების ოჯახის ამჟამინდელმა უფროსმა მაჩვენა მამამისის საფლავი, რომელიც მისივე განსვენებული ძიძის გვერდით დაეკრძალა. მე უკვე აღვნიშნე, თუ როგორი პატივისცემით ექცევიან ამ ქალებს მათი აღზრდილის ოჯახები. აქვე მოჩანს მთავარ ემხვარის მიერ აღმართული მშენებარე ეკლესია.
ლაკერბეის ოჯახის სასაფლაო ოქუმის მახლობლად. ტეილორის ნახატი კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
აქ სასაფლაოები სევდას არ იწვევს; ზედაპირს არ ფარავს არც საფლავის ქვები და არც აკლდამები; საფლავები მცენარეულობის ქვეშ არის დამალული და ყოველ მათგანს შემოვლებული აქვს ხის ოთხკუთხა ღობე, ან ხის ტოტების ისეთივე წნული, როგორიც სახლის კედლებია. გარდაცვლილებს ასევე ასაფლავებენ ოჯახის მამულში, ცოცხალთა საცხოვრებლის ახლოს. ალბათ არის ამაში რაღაც მელანქოლიური ხიბლი – მან, ვინც ძვირფასი არსება დაკარგა, იცის, რომ იგი ახლოს განისვენებს.
თბილი და მშვენიერი ამინდი იყო, ამიტომ მთვარიანი ღამით ვისარგებლე და დაუყოვნებლივ გავემგზავრე ეშქეთში – მომხიბვლელ ადგილას. ჩემი ჩასვლის შესახებ წინასწარ იცოდნენ, ამიტომ ჩემს დასახვედრად ყველაფერი გაემზადებინათ სტარშინის თანაშემწის ოჯახში, სადაც ძალიან გვიან ჩავედი. ოჯახის ყველა წევრი ფეხზე იყო. ქოხის შუაგულში დიდი ცეცხლი გიზგიზებდა. ყველა ვახშმის მომზადებით იყო დაკავებული და სულ მალე მომიტანეს საუკეთესო შემწვარი ქათამი, შეუცვლელი სიმინდის შეჭამანდი[1] და კარგი ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ჩამოსვლამ ყველა შეაწუხა, სახეზე მაინც კეთილგანწყობა და სიხარული გადაჰფენოდათ.
დიასახლისი სტუმრების ღამის გასათევად განკუთვნილი საპატიო ქოხისკენ გამიძღვა. ჩემი გამცილებელი მამაკაცები ამ ქოხის გარშემო, გარეთ მოწყობილ ხის მერხებზე დაწვნენ დასაძინებლად. მალევე ჩამეძინა ჩემი მეგზურების მონოტონური სიმღერის ხმაზე.
მზის ამოსვლისას ლამაზი სცენის მომსწრე გავხდი: სახლის ზღურბლზე ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები მეზობელ მინდორში მოკრეფილ ბამბას არჩევდნენ. ცოტა კი გამიჭირდა ფოტოს გადაღებაზე მათი დათანხმება; მაშინვე გაქცევა სცადეს, რადგან აპარატის შეეშინდათ.
იმ დილით მეზობელ მინდორში ვისაუზმე – იქ, სადაც ზაფხულობით თამაშა იმართება. კორდზე ჩამომჯდარმა, უხვი ვაზის ჩრდილში, რომლიდანაც ჩემი მეგზურები ქორფა წვრილმარცვლიან მუქ იისფერ ყურძენს კრეფდნენ, ჩინებულად ვისაუზმე (15 ნოემბერი 1881 წელი).
ყოველი თემის სტარშინა ვალდებულია ცხენები და ჩაფრები უზრუნველყოს იმ მოგზაურთათვის, ვისაც ხელისუფლება მფარველობს. ამგვარად, ყველგან მხვდებოდა ცხენი და ესკორტი.
ეშქეთიდან ჩემი გამგზავრების დილას სტარშინამ მამაც ჩაფარს ჩამაბარა, რომელმაც რუსული იცოდა და ვისთანაც გასაუბრება შევძელი.
ეშქეთიდან გზა მეტად უსწორმასწორო და საოცრად თვალწარმტაცი ხდება, შემდეგ კი კვლავ იცვლება სოფელ ბედიასთან მიახლოებისას, რომელიც ხეობაშია ჩამჯდარი. ამ ადგილს ძველად თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა, რომელიც ბედიელის [Bedeliam] წოდებას ატარებდა. აქაურობას ჯერ ეგრი ერქვა, დამაარსებლის – ქართლის მეფის თარგამოსის ვაჟის ეგროსის სახელი. მოგვიანებით, აქაურობით მოხიბლულმა ქვეყნის სხვა მონარქმა, მეფე ფარნავაზმა, აქ თავისი რეზიდენციაა მოაწყო და თავდაპირველი სახელი „ბედიათი“ შეცვალა, რაც „ბედნიერებას“ ნიშნავს. დღესაც შემორჩენილია ნანგრევები საუცხოო მონასტრისა, რომელიც საქართველოს მეოთხე მეფემ ბაგრატ V-ემ აღმართა და თვითონაც აქვეა დაკრძალული.
როგორც ყველგან, სამურზაყანოშიც მოსახლეობის შეკრების ადგილს წარმოადგენს შენობათა ჯგუფი, რომელშიც შედის სკოლა, მასთან მომიჯნავე მოსწავლეთა საცხოვრებელი და სტარშინის კანცელარია. სწორედ აქ, ამ მინდორზე, ანტიკურ ბერძენთა და რომაელთა მსგავსად, ადგილობრი მცხოვრებლები ყოველდღიური საქმეებისა და წვრილმანი პირადი ამბების გასარჩევად იკრიბებიან. უნდა ნახოთ ეს ჭრელა-ჭრულა ჯგუფები გარს როგორ ეხვევიან სტარშინას (სოფლის მერი), რომელიც თავისი გრძელი წვერით და ჭირვეულ-გრეხილებიანი თეთრი ყაბალახით თავდახურული, მხარზე მოგდებული გრძელბეწვიანი მრგვალი ნაბდით (ოპა opa), ქამარზე მბზინავი იარაღით, საკუთარი ხალხით გარშემორტყმულ წარსული დროის ბელადს ჰგავს. მოხუცი თავისი სახლის კართან ზის, აივნის ერთ-ერთ ხის მერხზე (ასეთი აივნები სამურზაყანოს ყველა სახლის მშვენებაა), სანამ ქუდმოხდილი ხალხი მის წინაშე მოწიწებით დგას.
სტარშინას სახლი ეშქეთში. პოლ ლანგლუას ნახატი კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
მოშორებით, დიდებული კაკლის ხის ქვეშ არანაკლებ თვალწარმტაცი სურათი იშლება: მხედართა ჯგუფი ცხენებთან ერთად ისვენებს. თავადები, აზნაურები, გლეხები, მეზობელი სოფლიდან ჩამოსულები, ყველანი აქ არიან, ერთმანეთის მომჩივანნი, ზოგი ცხენის ქურდობისა და ზოგიც საქონლის მოპარვის გამო. ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ესალმებიან და დავის მოგვარების მოლოდინში ერთმანეთთან გულითად ურთიერთობას განაგრძობენ. ეს ხალხი დახელოვნებულია ყველაზე ჭირვეული ცხენების გახედნაში და მათი თავაწყვეტილი ჭენებით მოახლოებული კავალკადის ნახვა მართლაც რომ შთამბეჭდავი სანახაობაა. ვისაც ცხენი არ ჰყავს, მას პატივს არ სცემენ და უკანასკნელ ღარიბად თვლიან; სწორედ ამიტომ, პირველი ხელსაყრელი შემთხვევისთანავე ეს ადამიანი დაუყოვნებლივ მოიმარაგებს ცხენს, იმის ხარჯზე, ვინც ამ თვალსაზრისით უფრო უხვად არის დაჯილდოებული. ბედიას პატივად ერგო ცხენების ყველაზე სახელგანთქმული ქურდის ყოლა; ის ყოფილი მმართველი ოჯახის შთამომავალია, რომელმაც, როგორც ჩანს, მისი ქონების უმეტესი წილი მოპარული ცხენების ვაჭრობით დააგროვა. ეს საცხენოსნო გმირობები მას რუსეთში ოთხწლიან გადასახლებად დაუჯდა; თუმცა ამ გაკვეთილმა იგი არ გამოასწორა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო სარფიანი ვაჭრობა.
ბედიაში ჩემი პირველი ვიზიტისას სწორედ ამ კეთილშობილი ქურდის სტუმართმოყვარე სახლის ჭერქვეშ გავჩერდი. ოჯახის წევრების იქ არყოფნისას, ოჯახის უფროსმა გულითადად მიმიღო. დიდგვაროვანთა და ღარიბთა საცხოვრებლებს შორის აქ დიდი განსხვავება არ არის: შემოღობილი ეზოს შუაგულში, სადაც აქა-იქ ლამაზი ხეხილი ხარობს, პატარა სახლებისა და ხის ან დაწნული ქოხების ერთობლიობაა. ერთ მათგანში ოჯახი ცხოვრობს, მეორე სტუმრებისთვისაა, დანარჩენები კი მრავალრიცხოვანი მსახურებისთვის არის განკუთვნილი. სამზარეულოსთვის, ღვინისა და სანოვაგისთვის ცალკე სათავსოებია, რომლებიც ამავე დროს სახლის სხვადასხვა მოსამსახურეთათვის საწოლი ოთახის მოვალეობას ასრულებს. თუ მოულოდნელად უცხოელი ესტუმრათ, მას ოჯახის უფროსის სახლში იღებენ, რომელიც ჩვეულებრივ ორი უფანჯრო, თუმცა ერთმანეთის პირისპირ განლაგებული ორკარიანი ოთახისგან შედგება. სუფრას მთავარ ოთახში შლიან და თუ სტუმარი გამორჩეულია, მაშინ მას ამავე ოთახში დაძინების პატივი ხვდება წილად. ნაკლები რანგის უცხოელებს ღამის გასათევად სხვა ადგილას ათავსებენ.
ამ თავადურ სახლებში მთელი ავეჯი ტლანქი ხის მერხებისგან შედგება, რომლებზეც ზოგჯერ გადაფარებულია ძველი გახუნებული და დახვრეტილი ხალიჩა. ყოველ ოთახში მაღალი ბუხარია, რომელშიც დახვავებულია ფერფლი და სხვადასხვა ნარჩენები, მათ შორის დახრული ძვლები. ამ ნარჩენებში დამშეული ძაღლები იქექებიან, რომლებიც ქოხებში ყოველთვის ბევრი ჰყავთ, რადგან გარშემო მტაცებელი ცხოველები დღედაღამ დაძრწიან. ჭამის დროს შემოაქვს დაბალი მაგიდები, რომლებზეც სიმინდის შეჭამანდის ულუფები და ხორცის ნაჭრები აწყვია. მაგიდებს იმ ხის მერხების წინ აწყობენ, რომლებზეც სტუმრები სხედან. ადგილობრივი ჩვეულების მიუხედავად, რომლის თანახმადაც სახლის უფროსი ფეხზე მდგარი ემსახურება სტუმრებს, ჩვენი მასპინძელი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა, რომ რუსეთში ცხოვრებამ „ცივილიზაციას“ აზიარა, ჩვენ გვერდით მერხზე ჩამოჯდა. ყოველთვის მემახსოვრება ის ახალგაზრდა კავკასიელი, რომელიც მთავარს ემსახურებოდა და მისი კამერდინერის მოვალეობას ასრულებდა. მან ის ხელის დასაბანი მოწყობილობა მოგვიტანა, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვაცნობე მკითხველს. თხუთმეტიოდე წლის იყო, გამხდარი, მაღალი, დიდი გადაპარსული თავით, ტლანქი ხელ-ფეხითა და პირი-სახით, სულელი გამომეტყველებით – იგი წარმოადგენდა სიმახინჯის სრულყოფილ განსახიერებას, იმ ქვეყანაში, სადაც სიმახინჯე თითქმის უცნობია. ტანსაცმელიც არ ჰქონდა მოხდენილი. მას ეცვა ახალუხი [achalouk], ერთ დროს შავად დაწინწკლული თეთრი ბამბის ნაჭრის ერთგვარი მკლავებიანი ჟილეტი, რომლისთვისაც ხანგრძლივ ხმარებას დაემატებინა სხვადასხვაგვარი არაბესკები და ნახატები და რომელთა ქვეშაც თავდაპირველი ფონი ჩაკარგულიყო. ტილოს ბოლოებჩამორღვეული შარვლის ნაგლეჯები მოურიდებლად აჩენდა მზემოკიდებულ კანს; ბაშლიყის მაგივრად თავზე ჩამოცმული ტილოს ტომარა, ასევე სწევდა პირსახოცის მაგივრობას; კისერზე ტყავის წითელი თასმით შეკრული და მხრებზე მოქანავე შავი ოპა ასრულებდა ამ ახალგაზრდას მსახურის სასაცილო მორთულობას. მას, როგორც თავადის ნდობით აღჭურვილი პირს, მასსავით ჭუჭყიან, მაგრამ გასაოცრად ლამაზ მერიქიფესთან ერთად, სადილობისას ოჯახის უფროსის გვერდით ყოფნის პატივი ხვდა წილად. სწორედ მან შემოიტანა საპატიო კერძი (ბატკნის თავი და შიგნეულობა), რომლიდანაც თითო ნაჭერი მასპინძელმა, პატივისცემის ნიშნად, საკუთარი ხელით შესთავაზა სტუმრებს.
ცხენოსნები მოსამართლის მოლოდინში ბედიის ველზე. პრიანიშნიკოვის ნახატი კარლა სერენასა და ერმაკოვის ფოტოების მიხედვით.
სამურზაყანოში უმცირეს თავადსაც კი მრავალრიცხოვანი ამალა ჰყავს და, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა თუ რა არის ამ ხალხის დანიშნულება, რომელიც მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გარს ეხვევა სტუმარს, და რომელიც, დაკონკილი და ჭუჭყიანი, ფეხდაფეხ დაყვება თავის ბატონს, ან საათების განმავლობაში უსიტყვოდ და უძრავად დგას ბუხრის მახლობლად კედელზე მიყრდნობილი, ან კარის ღიობში ხელში მათრახით ან ხანჯალზე ჩამოდებული მუშტით, რომელიც ყოველ მათგანს ქამარზე ჰკიდია. ეს ცოცხალი ქანდაკებები იმ ბრინჯაოს ფიგურებს მოგვაგონებენ, რომლითაც ჩვენთან მისაღები ოთახის კუთხეს ან კარნიზის შვერილებს რთავენ. სინამდვილეში, ეს მრავალრიცხოვანი „მოსამსახურე“ იმ ფეოდალური რეჟიმის გადმონაშთია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ყვაოდა ამ მხარეში. ეს შეიარაღებული კაცები შინაყმების კლასს გვაგონებენ – მუდმივად მზად მყოფ დაცვას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ისინი ერთგვარ დეკორაციასა და სავალდებულო მორთულობას წარმოადგენენ თავადაზნაურთა ინტერიერში, როგორც სამურზაყანოში, ასევე აფხაზეთში, და ბევრ მათგანს ტიტულიც კი აქვს. როგორც კი მნიშვნელოვან სტუმართა სადილი დასრულდება, ამ პანსიონერებს ამავე სუფრასთან მათი რანგის მიხედვით ეპატიჟებიან – ჯერ აზნაურებს და შემდეგ კი უბრალო ხალხს.
ამის შემდეგ ახალგაზრდა ფარეშმა საპატიო ოთახში ლოგინი გამიმზადა, მაგრამ წითელი წერტილებით დაწინწკლულ თეთრეულზე, რაც აქ კონკრეტული მწერების გავლას მიუთითებდა, თვალის ერთი შევლების შემდეგ გადავწყვიტე არ დავწოლილიყავი: შედეგად ღამე თეთრად გავათენე. ბედია ყველასთვის არ ყოფილა „ბედნიერების“ ადგილი.
კვლავ გავიმეორებ, რომ სამურზაყანოს ამ კუთხეში, რომელიც დღემდე თითქმის შეუსწავლელია, სტუმართმოყვარეობის ისეთი სულისკვეთება მეფობს, რომ ყოველ მოგზაურს აქ ჩამოსვლისთანავე დახვდება სოფლის სტარშინა, რომელიც მას თავშესაფარს შესთავაზებს საკუთარ ჭერქვეშ ან რომელიმე სხვა თანასოფლელის სახლში, თუ ჩათვლის, რომ სტუმარი იქ უფრო მოისვენებს. მასპინძელი, რომელსაც ამგვარად უცაბედად თავს წამოადგა სტუმარი, თავს ამ არჩევანით პატივცემულად ჩათვლის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისთვის ჩაბარებული უცხო ღირსეულად მიიღოს. აქ, 1876 წლის მაისში, ერთი კვირა დღის მიწურულს ჩამოვედი და, სამეგრელოს მსგავსად, ადგილობრივები ერთ ადგილას, მინდორში შეკრებილნი დამხვდნენ. მხოლოდ, სამურზაყანოში, ხალხი გაცილებით ნაკლებად მხიარულია და მათი გართობაც ნაკლებად ხმაურიანია. ამ ხალხს არ აქვს ის სიკოხტავე, რაც აქვთ მეგრელებს, რომელიც თავის წარმოსაჩენად ახალი და ბრწყინვალე ტანსაცმლით იკაზმება. სადღესასწაულოდ მორთული სამურზაყანოელი ცოტათი თუ განსხვავდება ჩვეულებრივად ჩაცმულისგან; ყოველთვის ერთი და იგივე ჭუჭყიანი ძონძების გამოფენაა, თანაც, გეგონებათ ამ საკითხზე ორივე სქესი ერთმანეთში შეთანხმებულაო.
აქ გავრცელებული ცეკვა აფხაზური ცეკვაა. მას ერთი ან ორი ადამიანი ასრულებს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ნახტომისებრ ნაბიჯებს (დახტომისას მოცეკვავე ყოველთვის ფეხის წვერებზე ეცემა) აკომპანირებას დამსწრეთა შეძახილი უწევს – ერთგვარი ვოკალური ორკესტრი, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩერდება, როდესაც მოცეკვავეს ძალა ეცლება. საბოლოო ჯამში, ეს ველური ტოკვა არ არის ორიგინალობას მოკლებული. გამყინავი წამოძახილი, რომელიც ცეკვას თან ახლავს, ძალიან ჰგავს ტყეში ქარის სტვენას. რაც შეეხება ქალებს, ისინი ნაკლებად თავისუფლები არიან მიხვრა-მოხვრაში, ვიდრე მათი მეზობელი მეგრელი ქალები და იშვიათად ეძლევიან თამაშას სიამოვნებას. ბედიაში ჩემი ყოფნა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდა ქალებს თავისი ბუნებრივი სიმორცხვე დაეძლიათ.
ჩემს პატივსაცემად გამართულ სანახაობას განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. ცეკვა სტარშინამ გახსნა და 70 წლის ასაკის მიუხედავად, დიდხანს არ ჩამორჩა ახალგაზრდა მოცეკვავე ქალს, მისი შვილიშვილის საცოლეს. ეს ქერა, ცისფერთვალება ქალი, რომელსაც ნიკაპქვეშ შეკრული თავსაფრიდან ჩამოშვებული სქელი ნაწნავები მხრებზე ეცემოდა, გერმანელი პოეტის მიერ იდეალიზებული გრეტჰენის სრულყოფილ ტიპს წარმოადგენდა; ოღონდ, ეს იყო გრეტჰენი ძონძებში; გაცვეთილი და დახეული ბლუზის მიღმა მისი ქალწულებრივი გულის ფეთქვა მოჩანდა. თეძოზე შემოდებული მარცხენა ხელით მას ქვედატანის კალთა ეჭირა, მარჯვენა ხელში კი ცხვირსახოცი, რომლითაც სახეს მოჩვენებითად იფარავდა – ეს აფხაზური ცეკვის პოზაა.
პირველი წყვილები მომდევნო წყვილებმა შეცვალეს და დღესასწაული შუაღამემდე გაგრძელდა. არც ერთი საცეკვაო დარბაზი არასდროს ყოფილა ისე განათებული, როგორც იმ საღამოს ჩამავალი მზის სხივებით გაბრწყინებული ბედიის მინდორი. ამ ცის ჯადოსნურ ბზინვარებას, რომელიც თავის მრავალფერ და მუდმივად ცვალებად ანარეკლს მთების მთრთოლვარე ფერდობებს მიმოაფენდა, ვერცერთი ფუნჯი და კალამი ვერ გადმოსცემდა. ეს ფანტასტიკურად წითლად მოლაპლაპე ჰორიზონტი, ეს ყვავილებით მომინანქრებული გაშლილი ველი, რომელიც მოცეკვავეებს იატაკის მაგივრობას უწევდა, ამ დიდებული ხეების თაიგულები, საიდანაც ეშვებოდა ვაზის გრძელი ლერწები, ამ მდიდარი დეკორის შუაგულში აღტყინებული მაყურებლის მიერ შეკრული წრე, რომელიც ხმითა და ჟესტით აგულიანებდა წყვილებს – ყველაფერს ჰქონდა უცნაური და დიდებული ხასიათი, რაც მე რეალურობის შეგრძნებას მართმევდა და იდეალურ სამყაროში გადავყავდი.
ამ ყველაფერთან კონტრასტს ქმნიდა მინდვრის მეორე მხარეს, მთის მაღალ წვერზე აღმართული, ბედიის ძველი მონასტრის დიდებული და ჩაფიქრებული ნანგრევები.
მინდვრიდან მონასტრის ნანგრევებამდე რთული და ციცაბო ბილიკი მიდის; გარკვეულ სიმაღლეზე იგი იმდენად იკლაკნება, რომ ცხენები ვეღარ ადიან და იძულებული ვხდებით, ავცოცდეთ იმ კლდის მწერვალამდე, რომელზეც უძველესი ეკლესია მდებარეობს.
ბედიის ტაძარი. დ. ლანსელოს ნახატი კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
ამ ბრწყინვალე არქიტექტურის ეკლესიის გუმბათი კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ტაძრის გუმბათს მოგვაგონებს, ოღონდ უფრო მცირე ზომისას. ჩუქურთმები, როგორც ინტერიერში, ასევე გარეთაც, კარგ მდგომარეობაშია და ადვილი იქნებოდა ამ ძველი ნაგებობის რესტავრაცია, რომელიც თავისი სილამაზით გელათისა და მარტვილის მონასტრებს აღემატება. ერთ-ერთი გვერდითი სამლოცველო ხელუხლებელია. დაზიანებულია მხოლოდ თაღი, რომელიც ძირითადი შესასვლელის თავზე, საკურთხევლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ნანგრევში გამომძვრალი მოხეტიალე სუროს ლერწები და უზარმაზარი ლეღვის ხის ტოტები ქვის კედლებზე მიწებებულან, როგორც უსწორმასწორო ზედაპირიანი გობელენი, რომელიც უამრავი ჩიტის თავშესაფარი გამხდარა – ერთადერთი მგალობლების, რომელთა ხმაც ექოდ ისმის ამ უკაცრიელ ტაძარში.
გაყვანილი გზებისგან მოშორებით, ნაკლებად ცნობილ რეგიონში მდებარე ეს უძველესი მონასტერი კავკასიის მკვლევართა უმეტესობას გამორჩენია. არადა, ის ნამდვილად იმსახურებს მხატვართა ყურადღებას! ყველა ქართული წარწერა აქ შესანიშნავად იკითხება; ასევე, ხელუხლებელია რამდენიმე ფრესკა. ერთ-ერთ მათგანზე ასახულია სამარიტელი ქალი, რომელიც ქრისტეს აწვდის წყალს. სამარიტელი ქალი ფეხზე დგას; მისი მარცხენა ხელი მოყვითალო ფერის ამფორას ეყრდნობა. ამფორა დგას წითელი ქვის ჭაზე, რომლის თავიც თეთრი დაძარღვული მარმარილოსია და რომელსაც დიდი ხის ჩრდილი ეცემა. ქალს მარჯვენა ხელი გულზე აქვს მიდებული. მას ორმაგ ქვედატანიანი ლურჯი კაბა აცვია – ზედა უფრო მუქი ელფერისაა, ვიდრე ქვედა, რომელიც უფრო ნაცრისფრისკენ იხრება და ოქრომკედის ფოჩები აქვს შემოკერებული. ლურჯად შემოსილი მაცხოვარი ჭასთან ზის და მარჯვენა ხელი ზემოთ აქვს აწეული. კარს ზემოთ მოთავსებული ეს ფრესკა კედლის ნახევარს იკავებს, რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფს ვიწრო ისრული სარკმელი. ზემოთ გამოსახულია ექვსი წმინდანის თავი, რომელთაგან მარცხნიდან მესამე კარგად არის შემონახული; თხელი ნაკვთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ქალის სახე უნდა იყოს; მას მოყავისფრო ფერის კაპიუშონიანი მოსასხამი აცვია და ერთმანეთთან მიტანილი ხელებით ჯვარი უჭირავს.
ეკლესიის ექსტერიერი, გუმბათი, სარკმლები, კარიბჭე, გვერდითი შესასვლელები, კარგად შემონახული შესანიშნავი სინატიფის ჩუქურთმებით არის ნაკვეთი. მოკლედ რომ ვთქვათ, განსაცვიფრებელია ამ ველურ და განუვითარებელ პროვინციაში არქიტექტურის მსგავსი შედევრის – გამქრალი ცივილიზაციის მოწმის აღმოჩენა. ეკლესიის გარშემო სასაფლაოზე ქვის რამდენიმე მავზოლეუმი მოჩანს, რომლებზეც ძველი ადგილობრივი მმართველი ოჯახის წევრთა სახელებია ამოკვეთილი. ერთ საფლავს თაღად ადგას ცაცხვი, რომლის გარშემოწერილობაც 20 მეტრია.
ტაძრის მოპირდაპირედ სხვა ნაგებობაა, რომელიც ბერთა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო და რომელშიც თაღიანი კარიდან შევდივართ. ასევე ვხედავთ გალავნის კედლის ნანგრევებს. გარშემო ბრწყინვალე ხედი იშლება. უკანა ფონზე აღმართულია თითქმის ყოველთვის თოვლის გვირგვინით დაფარული აფხაზეთის მთები. 25 მაისს, ჩემი პირველი ვიზიტის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, ეს მწვერვალები მთლიანად თეთრი იყო. უფრო დაბლა, მარადიული თოვლის ხაზს ქვემოთ, მოჩანს ტყეებით დაფარული მთები, რომლებიც ნაყოფიერ ხეობას დაჰყურებენ. იმ კლდის მეორე მხარეს, რომელზეც ეს უძველესი მონასტერი შეკიდულა, უთვალავი შავი ცხვარი ძოვს. მედიდური სიმაღლიდან დანახული ეს განსაკუთრებული ადგილობრივი ჯიში ფაფუკი ბალახის ხალიჩაზე უცნაურად მოფუთფუთე აურაცხელ მსუქან ჭიანჭველას ჰგავს.
დასავლეთის მხარეს უკიდურეს ჰორიზონტს ქმნის ზღვა, რომლის ბზინვარე ტალღებიც აქედან განირჩევა. აქეთ მხარეს, ველებს შორის მიიკლაკნება მდინარე ოხოჯა [Ochodji] (რაც ფრანგულად ხარს ნიშნავს). მისი მოვერცხლისფრო წყალი სიმინდის დიდ ყანებს რწყავს, რომელთა ღეროებიც ადამიანის სიმაღლეზე ატყორცნილა. ძველი პონტოს ევქსინოსის [Pont-Euxin] მარცხნივ ტყით დაფარული გორაკები აღმართულან, რომლის ზემოთაც ვარჩევთ ენგურის ნაპირას მდებარე სათანჯოს [Satandjo] მთას, სადაც ამავე სახელწოდების ციხე მდებარეობს.
ჩემი ჩაფრის ოჯახი, სოფელი ბედია. პრიანიშნიკოვის ნახატი კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
ჩემი ჩაფარი სოფელ ბედიაში ცხოვრობდა. მან მოისურვა, რომ მისი სტუმარი ვყოფილიყავი და ჩემი მისვლის შესახებ მეუღლის გასაფრთხილებლად კაცი გაგზავნა. მისი ცოლის ქოხის ზღურბლზე შემეგება ქალიშვილთან ერთად. მომხიბვლელი ცისფერთვალება და ქერათმიანი პატარა გოგონა ისეთივე განცვიფრებით შემომცქეროდა, როგორი მოკრძალებითაც მიყურებდა დედამისი. ათიოდე წლის ბიჭი ჩემს მასპინძელს პატივისცემით მიუახლოვდა. ეს მისი აღზრდილი იყო, მასსავით კეთილშობილი ერთ-ერთი მეგობრის ვაჟი. მის სანაცვლოდ მეგობარს ჩემი ჩაფრის უფროსი ქალიშვილი უშვილებია. ამგვარი შვილად აყვანა კავკასიაში გავრცელებული ჩვეულებაა. ამგვარი არანათესაური კავშირები ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ოჯახური. აღზრდილი რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება მეურვის სახლში, რომელიც მას შვილივით უვლის.
ბედიაში დღის ბოლოს ჩამოვედით. ჩემი მასპინძლის მსახურები უკვე ვახშმის მზადებაში იყვნენ. ერთი მათგანი ქოხის წინ იჯდა და სიმინდს ფშვნიდა. სხვები სახლში იყვნენ სხვადასხვა საქმით დაკავებული. მასპინძლის ცოლმა, ალბათ იმისთვის, რომ ჩემთვის ესიამოვნებინა, ფერ-უმარილი მაჩუქა, რომელსაც ტანსაცმლის ქვეშ, ბამბის ქსოვილში გადახვეულს ინახავდა. ჩაფარმა, თავის მხრივ, ყურძენი მოკრიფა და თავისი ბაშლიყით მომიტანა. ლამაზი მამაკაცი იყო, მზისგან გარუჯული პირისახით. თურქების წინააღმდეგ უკანასკნელი ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ორი ჯილდო ჰქონდა მიღებული.
ყოველ საღამოს, იმ ქოხში დაბრუნებისას, სადაც ღამეს ვატარებდი, ჩარჩოებში მინის ფირფიტებს ვცვლიდი, რომ მეორე დღეს ახალი ფოტოების გადაღება შემძლებოდა. ამ ოპერაციისას ვიყენებდი წითელ მინებიან ფარანს, რადგან, როგორც ცნობილია, ჟელატინის მეთოდი დიდ სიფრთხილეს მოითხოვს სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად. ჩემი ფოტოაპარატი ყველგან დიდ გაოცებას იწვევდა. მაგრამ არსად ეს გაოცება ისე მკვეთრად არ გამოუხატავთ, როგორც ჩემი გულადი ჩაფრის სახლში, როდესაც საღამოს ჩემს საქმიანობას შევუდექი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა გარშემომყოფთა დასარწმუნებლად, რომ ბელზებელის მოკავშირე არ ვიყავი.
როგორც კი ჩემი ჩამოსვლის ამბავი გავრცელდა, სოფლის ყველა მცხოვრებმა მოისურვა ჩემი ნახვა. უკვე დამშვიდებულები, რომ სატანასთან არ ვიყავი გარიგებული, ყველაზე მფრთხალებიც კი ისეთი გაბედულები გახდნენ ძლივს ვიგერიებდი, ისე ძლიერ სურდათ ჩემს აპარატთან შეხება და მისი დათვალიერება. თავიდან რომ მომეშორებინა, ვუთხარი მონასტრის შესასვლელთან დამდგარიყვნენ და პორტრეტის გადაღებას დავპირდი. მორჩილად მელოდნენ, სანამ მე ამ წმინდა ადგილსამყოფელის ნანგრევებისა და გარემომცველი პეიზაჟის ფოტოებს ვიღებდი.
ვინაიდან ბედიის მონასტერი ფოტოგრაფიისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა, მსურდა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ჩამეტარებინა ეს სამუშაო. ამგვარად, სოფელი გამთენიისას დავტოვე ჩემს ჩაფარის თანხლებით, რომელიც ჩემი ბარგით დატვირთულიყო. იმ პლატოს, სადაც მონასტერი და მისი გარშემო ნაგებობები მდებარეობს, მზის ამოსვლისას მივადექით. ვერასდროს აღვწერ და ვერასდროს დავივიწყებ იმ დიდებულ სანახაობას, რომელიც თვალწინ გადამეშალა! სახტად დავრჩი!
სასაფლაოს განაპირას ვიყავი. ჩემი ჩაფარიც უკან გამომყვა, მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოვახერხეთ, რადგან მაღალი ბალახი და ხშირი ბუჩქნარი გზას ფარავდა. წინ წასაწევად და ჩემი აპარატის დასადგმელად მათი მოჭრა იქნებოდა საჭირო; ეს არ იყო ადვილი საქმე. ჩემი მეგზური ამას მიხვდა და დახმარების საძებნელად წასვლა შემომთავაზა. მეც დავეთანხმე და მის დაბრუნებას დაველოდე.
დიდხანს ვიჯექი მარტო ამ ძველი სასაფლაოს კიდეში და საკმარისი დრო მქონდა, რომ ამ ადგილით გაცოცხლებული ფიქრების დინებას გავყოლოდი. რამდენიმე საათი გასულიყო, რადგან მზე უკვე თავს ზემოთ ლივლივებდა, როდესაც ჩაფარი დაბრუნდა. მას კაცების მთელი ბატალიონი მოჰყვებოდა, რომლებმაც მაშინვე დაიწყეს გზაზე გადაღობილი მცენარეულობის უმოწყალოდ ჩეხვა. ამ შემთხვევითმა ტყის მჭრელებმა მუშაობა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როდესაც მზე უკვე ჰორიზონტიდან უნდა გამქრალიყო. ასე დავკარგე ერთი დღე.
იძულებული გავხდი სოფელში დავბრუნებულიყავი, რომ მეორე დღეს კიდევ ერთხელ გამევლო ეს რთული გზა; თუმცა ამჯერად უკვე ცნობისმოყვარეთა მრავალრიცხოვანი კორტეჟი მაცილებდა.
ბედიის ტაძრის ინტერიერი, ხედი საკურთხევლის მოპირდაპირედ. დ. ლანსელოს ნახატი კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
როგორც იქნა დავიწყე ჩემი სამუშაო, რომელიც უკიდურესად რთული აღმოჩნდა. ეკლესია შიგნით ღორღისგან უნდა გამესუფთავებინა, რომ აპარატის დადგმა შემძლებოდა, რადგან იგი უსწორმასწორო მიწაზე ყანყალებდა. დროდადრო კედლიდან ქვები ცვიოდა და ჩემს მამაც ჩაფარს უნდა ვუმადლოდე, რომ დიდი ქვა არ მომხვდა და ჩამოვარდნისას დაიჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ, სასაფლაოზე, მაღალი მცენარეები უკვე მოეჭრათ, მაინც რჩებოდა იმდენი, რომ ჩემი აპარატის ფეხებში გახლართულიყო. ასევე შევნიშნე მინდვრის გვირილების მაღალი კონები: ეს ერთადერთი ადგილია ამ მხარეში, სადაც ეს ყვავილები ვნახე.
ჩემი ფოტოგრაფიული მცდელობა წარმატებული იყო. აქვე გთავაზობთ შედეგს. საკმარისი რაოდენობის ფოტოები გადავიღე იმისთვის, რომ ბედიის ეკლესიის ინტერიერი ყველა რაკურსით მეჩვენებინა. ეს ეკლესია, რომელიც აქამდე არასდროს გადაუღიათ, არქეოლოგთათვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
უკვე ბინდდებოდა, როდესაც შევუერთდი მორჩილ ცნობისმოყვარეებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში მოთმინებით მელოდნენ მონასტრის შესასვლელთან. ისინი ისხდნენ ქვების გროვებზე, რომელთა შორის იზრდებოდა აურაცხელი რაოდენობის კეთილსურნელოვანი ბალახი (ამ სოფლებში ფლორა ძალიან უხვი და მრავალფეროვანია). ზოგიერთნი ისე მხატვრულად შეჯგუფებულიყვნენ, რომ როგორც დავინახე, ისევე გადავუღე ფოტო. მაგრამ ჩემს მოდელთაგან რამდენიმეს ცხვირი საჩვენებელი და ცერა თითით ეჭირა – ეს ცხვირის მოწმენდის მანერაა, რომელსაც ისინი ყოველ წამს იმეორებენ. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად მე მათ ხელები ზურგსუკან ჯვარედინად დავაწყობინე, სასტიკად ავუკრძალე პოზის შეცვლა და ისინიც დამემორჩილნენ.
ეს ორი დღე, 1881 წლის 16 და 17 ნოემბერი, რომლებიც ბედიის მონასტრის ნანგრევებზე გავატარე, ყველაზე საინტერესო იყო ჩემი, როგორც დამწყები ფოტოგრაფის მოგზაურობისას.
ციცაბო კლდიდან დაშვებისას წინ მიმიძღოდა ფეხით მავალი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მცირე ჯარი. ჩემს ცხენს უკან მოჰყვებოდა ფოტოაპარატის ყუთებით დატვირთული მამაკაცი. შემდეგ მოდიოდა ჩაფარი, რომლის დახმარებაც ასე გამომადგა. თუმცა ერთი რამ უაღრესად არ მომწონდა მასში: ყოველთვის პირში ჩიბუხით მიახლოვდებოდა – გამუდმებით კბილებს შორის ჰქონდა გაჩრილი და მგონი ძილის დროსაც არ იშორებდა. ალბათ რამდენიმე ჩიბუხი დაჰქონდა თან, რადგან ყოველთვის როცა სადმე დაუვარდებოდა, ვინმეს გზავნიდა მის მოსაძებნად და, როგორც წესი, ეს უკანასკნელი ვერასდროს პოულობდა მის ჩიბუხს. სწორედ ეს იყო, როგორც ის მეუბნებოდა, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სასოწარკვეთილება.
მთის ძირში მარტოსულად მდგარი პატარა ქოხი შევნიშნეთ: ამ მოკრძალებული სახლის ჭერქვეშ ცხოვრობს თვით იმ კაცის შვილთაშვილი, ვინც თავისი სახელი დაარქვა სამურზაყანოს. მთავართა ოჯახის ეს შთამომავალი, ანტონ შერვაშიძე [Anton Sherwachidzé], ორმაგად იმსახურებს აქ ხსენებას. ბედიაში დაბადებული, იგი რუსეთში 23 წლისა წავიდა და ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 1812 წელს სანქტ-პეტერბურგში ნახა საზეიმო ილუმინაცია, რომლითაც დიდი არმიის [Grande Armée] უკან დახევა აღნიშნეს.
ამ მოხუცმა 1876 წელს საინტერესო ცნობები მომაწოდა ამ მხარის შესახებ. ის მარტო ცხოვრობს თავის ღარიბულ ქოხში, რომლის სიგრძეც და სიგანეც ექვსი ფუტია; რამდენიმე გადასაფარებელი და ბალიში, სიმინდის მოსახარშად ერთი კარდალა და ერთიც კაუჭი ცეცხლზე ჩამოსაკიდად – სულ ეს არის მისი ავლა-დიდება. კედლებზე ჩამოკიდებულია ორი ამოჭრილი გამოსახულება: ერთზე ნაპოლეონია გამოსახული, მეორეზე კი პეტრე პირველის ძეგლი – ალბათ ახალგაზრდობისა და ბედნიერების მოგონებები, რომლებშიც სიამოვნებას პოულობს განდეგილის ჩაფიქრებული მზერა. ძალიან სუსტი იმ რამდენიმე არპანი[2] მიწის დასამუშავებლად, რომელიც მის ქოხს გარს აკრავს, უძველესი ოჯახის ეს შთამომავალი ყველა ნათესავმა, რომელთაგან უმრავლესობა მდიდარია, მიატოვა და იგი კვლავაც ელოდება დაპირებულ პენსიას. მისი ერთადერთი თავშესაქცევი დედის საფლავის მონახულებაა, რომელიც სწორედ იმ უზარმაზარი ცაცხვის ქვეშ მოქცეულ აკლდამაშია დაკრძალული. რაც შეეხება მის საფლავს, იგი გაცილებით უფრო მოკრძალებული იქნება. მოგვიანებით მისი სიკვდილის შესახებ გავიგე და ჩემი უკანასკნელი მოგზაურობისას მისი მიტოვებული ქოხიც ვინახულე.
ბედიის მონასტრის შესასვლელი. ტეილორის ნახატი კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
ბედიიდან აფხაზეთში წასასვლელად უნდა გადავკვეთოთ მდინარე ოხურეი [Okhouri], სამურზაყანოს საზღვარი. მდინარეზე, რომელიც ამ ადგილას ძალიან ვიწროა, გადებულია ფიცრებით შეკრული პატარა ხიდი. ასწლოვანი ხეებით დაჩრდილული ეს მშვენიერი მინდორი აფხაზეთში შესასვლელს ქმნის. ბუნებით მორთულ ამ პერისტილს[3] საუცხოო ტყემდე მივყავართ, რომელშიც ვაზის გირლანდები მუხებსა და კაკლის ხეებს ეხვევა.
აფხაზეთის მხარეს საგუშაგო ჯიხური დგას, ხის ტოტებით შეკრული, ჩალით დახურული დახრილი სახურავით. ეს სამხედრო პოსტი უკანასკნელი ომის დროს აფხაზებს ეკავათ. ოხურეის ორივე სანაპირო ლამაზია. ხიდიდან დაახლოებით ორ ვერსზე პირველი აფხაზური დასახლებაა, ფოქვეში [Pokvechi], რომელშიც 170 კომლს ითვლიან.
ტყეში რამდენიმე ადგილობრივი ოჯახი დავინახე და გაოცებული დავრჩი მათსა და სამურზაყანოელებს შორის განსხვავებით; ისინი ერთსა და იმავე ენაზეც კი არ ლაპარაკობენ.
ბედია სამურზაყანოს უკანასკნელი სოფელია აფხაზეთის მხრიდან. გარშემო მთებზე კარგი საძოვრებია და ზაფხულში ფერდობები დაფარულია ჯოგებითა და მწყემსებით, რომლებიც ძმურად თანაცხოვრობენ – ადამიანები ცხოველებივით უდარდელები არიან და სხვა ბედნიერებას არც ითხოვენ. კამეჩის რძე ძროხის რძეზე მეტად ფასობს. მისგან ამზადებენ ჭყინტ ყველს [fromage frais], რომელიც სიმინდის შეჭამანდთან და ადგილობრივი თაფლით შეზავებულ ხაჭოსთან [caillebotte] ერთად მეცხვარეთა ძირითად საჭმელს შეადგენს.
სამურზაყანოსა და სვანეთის მთებს შორის, ზეგანზე, მდებარეობს ტბა მოგუაშერქუა [Moguascherchoua], რომელსაც ერთი ცრურწმენა უკავშირდება. ვერავინ ბედავს ამ ტბის გაყინულ წყალში ბანაობას, რომელიც სავარაუდოდ მიწისქვეშა წყაროდან საზრდოობს, იმის შიშით, რომ ასეთ საქციელს მოსავლისთვის დამღუპველი ცუდი ამინდისა და ჭექა-ქუხილის გამოწვევა შეუძლია. ერთი უცნაური რამ: ამ წყალში გაზავებული რძე სულ რამდენიმე წამში ცხელდება და დუღილს იწყებს. სასურველია ამ წყლის ანალიზის გაკეთება, რომელიც შესაძლებელია, მთის მრავალი სხვა წყაროს მსავსად, სამკურნალო თვისებებს ფლობდეს.
ბედიის დაბლობიდან გამოსვლისას გზა სულ უფრო ველური და გაუვალი ხდება, და თხების სავალ ბილიკად იქცევა, რომელზე ცოცვაც ხანდახან, ამ მარჯვე ცხოველის მსგავსად, ოთხ ფეხზეა საჭირო. ეკალნარი იმდენად ხშირია, რომ ხშირად იძულებულები ვართ გზა გავიკაფოთ ხანჯლებით, რომლითაც შეიარაღებულები არიან აქაურები. რთული საქმეა უფსკრულებით მომიჯნავე ამ ვიწრო ფედობებზე ადგილობრივი ფიცხი ცხენების ტარება! ფრთხილი მოგზაურისთვის აქ საუკეთესო ასამხედრებელი ცხოველი მძიმედ და ზანტად მოსიარულე კამეჩი იქნებოდა. ეს საშიში ხეობები დიდებულ ტყეებში გადაიზრდება, სადაც უხვადაა ყოველგვარი ხილი: გარგარი, ატამი, ვაშლი და ყურძენი. ბუნების საგანძურის ამ სიუხვის შემხედვარეს თავი სამოთხეში გეგონებათ; თუმცა კულტურის გარეშე გაშენებულ ამ ხილს არ აქვს იგივე გემო, რაც ჩვენთან და ევას შეიძლება ეუკადრისა მათი მოწყვეტა, რაც, სხვათა შორის, კაცობრიობას მრავალ ტანჯვას ააცილებდა თავიდან.
ერთი მთიდან მეორეზე ცხენებით გადავდივართ, მივუყვებით მდინარეებს, რომლებიც აქა-იქ მომხიბვლელ ჩანჩქერებს ქმნიან და რაც უფრო ღრმად შევდივართ აფხაზეთში, მით უფრო მკვეთრად ვხედავთ ამ მიწისა და მასზე მცხოვრებთა ორმაგ სიველურეს; მაშინვე ვხვდებით, რომ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც რუსები სამურზაყანოზე უფრო გვიან შემოვიდნენ. მთის ნაკეცში ჩამჯდარა სოფელი ტყვარჩელი [Tkvartchéli], რომლის სახელი მახლობელ მინერალური წყლების აბანოებს ჰქვია და რომლის მთავარი სიმდიდრე გარშემო ტყეებში მცხოვრები ფუტკრების უთვალავი ნაყარის მიერ შეგროვებული თაფლია. ბედიიდან დილაუთენია გამოსულმა ამ დასახლებაში ნაშუადღევს ჩამოვაღწიე. ჩაფარი, რომელსაც ადგილობრივი სტარშინას გაფრთხილება ევალებოდა, დროულად ვერ ჩავიდა ადგილზე, ამიტომ ჩვენი კავალკადა მოულოდნელად წამოადგა თავს მასპინძელს, ვისთანაც სასადილოდ უნდა გავჩერებულიყავი ჩემი პირველი ჩამოსვლისას. ამ გარემოების გამო, როგორც იტყვიან ხოლმე, იმით ვისადილეთ, რაც ღმერთმა გამოგვიგზავნა, ამან კი საშუალება მომცა უკეთ შემეფასებინა ყოველდღიური ადგილობრივი საჭმელი. ჩემი მასპინძელი სწორედ იმ ანჩაბაძის [Anchebadzé] შთამომავალი იყო, რომლის განხეთქილებაც სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანთან, ამ უკანასკნელის მოთხოვნით, რუსების აქ შემოჭრის საბაბი გახდა. ამ ორ თავადს შორის შუღლის მიზეზი პირველის მიერ მეორის მორჩილებაზე უარის თქმა იყო. გაბრაზებულმა დადიანმა ჯოხი აღმართა ქვეშევრდომზე (იმ დროს აფხაზეთი მეგრელ მთავრებს ექვემდებარებოდა); ანჩაბაძემ თავის დასაცავად ხანჯალი იშიშვლა, თუმცა ის მაშინვე დააპატიმრეს და ციხესიმაგრეში გამოამწყვდიეს. იგი ციხიდან გაიქცა და თავი სამურზაყანოს შეაფარა, საიდანაც არაერთხელ დაესხა თავს სამეგრელოს ტერიტორიას. დადიანმა, რომელიც უფრო სუსტი აღმოჩნდა, დასახმარებლად მის მეზობელ წებელდელ [tschebeldiens] მთიელებს მოუხმო, თუმცა ამაოდ – ისინი თავად ანჩაბაძეს შეეკვრნენ და, ამგვარად, ლევანი იძულებული გახდა დასახმარებლად რუსებისთვის ეხმო. სწორედ მაშინ, 1832 წელს, რუსებმა ენგურის ნაპირზე ააგეს ათანგელოს [Attangelo] ციხე, რომელსაც ადგილობრივებმა სათანჯო უწოდეს; მაგრამ ეს ციხე-სიმაგრე უძლური აღმოჩნდა სამურზაყანოს საზღვრის დასაცავად. ომით დაღლილმა სამეგრელოს მთავარმა დადიანმა საკუთარ ვასალთან შერიგება გადაწყვიტა. შუღლის შედეგი კი შემდეგი იყო: ერთით მეტი ციხე კავკასიის მიწაზე და ამ მხარეში რუსი ჯარისკაცების შეჭრა, და სავარაუდოდ სწორედ ის ადამიანის დარჩა უკმაყოფილო, ვინც მათ საშველად უხმო.
ჩემი მასპინძელი ტყვარჩელელი ანჩაბაძე, აქაურობისთვის ტიპური სოფლის თავადი იყო. სამოციოდე წლის მაღალი, გამხდარი, ხმელ-ხმელი კაცი თეთრი თმითა და გრძელი წვერით, რომელთა სითეთრეც მის ნამზეურ კანს წარმოაჩენდა. ლურჯი თვალები – ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობას ამ ფერის თვალები აქვს – და მეტისმეტად გრძელი ცხვირი მას სრულიად განსაკუთრებულ გამომეტყველებას აძლევდა. მის ტანსაცმელს თავადობის არაფერი ეცხო: ნაცრისფერი შალის პაჭანაკიან შარვალზე გადმოშვებული დაგლეჯილი ჩოხა; თასმებით დამაგრებული ცხვრის ტყავის უძირო ფეხსაცმელი თითებს აჩენდა (წინდები აქ უცნობი ნივთია); კარაკულით შემოკერებული შავი მაუდის მაღალი ფაფახი – ამგვარი იყო ამ წარჩინებული პიროვნების უაღრესად დაუდევარი ჩაცმულობა, რომელიც კიდევ უფრო აგრძელებდა მის ისედაც მაღალ ტანს.
მისი მეუღლე, თავადის ქალიც შესაბამისად იყო ჩაცმული, ხმარებისგან ბოლოებშემოცვეთილი
შავ-მონაცრისფო დაგლეჯილ კაბაში, რომელიც, ადგილობრივი მოდის თანახმად, გულზე გახსნილი
იყო და პერანგის გულისპირს აჩენდა, რომლის თავდაპირველი ფერის დადგენა შეუძლებელი იყო.
კაბის მსგავსი თავსაფარი მას თავსა და შუბლს უფარავდა. ამ პრიმიტიული წყვილის ნაშიერი
დაახლოებით მამამისივით იყო ჩაცმული, თუმცა თავსაბურავი ჰქონდა განსხვავებული – გაჩეჩილ
თმაზე დაფარებული თხის ბეწვის ქუდით ცოტათი რობინზონს[4]
წააგავდა.
ჩვეულებისამებრ, უცხოელი ქალი სტუმრის გამოჩენაზე ყველა მხრიდან უამრავი
ცნობისმოყვარე მოგროვდა: თავადები და თავადის ქალები, ოჯახში თუ მეზობლად მცხოვრებლები,
მამულის მსახურები და გლეხები, – ისეთი უცნაური არეულობა ტიპებისა და ძონძების, რომელთა
აღწერაზეც ჩემი კალამი უარს ამბობს. ქალებს ეცვათ ბუფებიანი შარვლები თურქულ ყაიდაზე,
რომელიც აქ, როგორც უკვე ვთქვი, ჩაცმულობის უმთავრესი ელემენტია და რომელიც თავისუფლად
მოჩანს იმ ნახვრეტებში, რომლითაც ქვედატანები უცვლელად არის მორთული. ეს ევროპული სტილის
ქვედატანები ცუდად არის აჭრილი და აქაურ მტვერსა და ტალახში ყოველთვის დასთრევს შლეიფად
რამდენიმე დაძონძილი არშია. ზოგჯერ ქალები ღრმად ამოჭრილი კორსაჟი აცვიათ, რომელზეც
ლითონის ლამაზი აბზინდებია დამაგრებული. ყველა მათგანის თავსაბურავი რამდენიმე ფერადი
ნაჭრისგან შედგება, რომელიც თავსაფრის მაგივრობას წევს. ფეხი ან შიშველი აქვთ, ან შემოსილი
აქვთ ერთი მთლიანი ტყავის ნაჭრისგან შეკერილი უძირო ფეხსაცმლით, რომელსაც ქალები თავად
ამზადებენ. ამ მხარეებში ქალებმა ყველა ხელობა იციან და
გაცილებით უფრო მეტ აქტიურობასა და ჭკუა-გონებას ავლენენ, ვიდრე მამაკაცები.
ბედიის მონასტრიდან დაშვება. პრიანიშნიკოვის ნახატი ტექსტისა და ჩანახატების მიხედვით.
სწორედ ქალები ქსოვენ შალისა და ტილოს ნაჭრებს, რომლისგანაც შემდეგ მამაკაცის ტანსაცმელსა და ოჯახის თეთრეულს კერავენ, რომელიც სხვათაშორის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში და უფრო უხვადაა გლეხთან, ვიდრე თავადის ოჯახში. სწორედ ქალები ამზადებენ გამაშებს, უნაგირებს და წნავენ ყურძნის მოსაკრეფ კალათებს; ამ კალათებს ისინი მარჯვედ მოგონილი ხერხით აფერადებენ – სიმინდის მოსახარში კარდალის თავზე, კაუჭზე კიდებენ ისე, რომ საღებავის როლს ბოლი არულებს.
აფხაზი თავადის ეზო ისეთივე იყო, როგორც ყველა აქაური ეზო. ჩვენი იქ ყოფნისას აშენებდნენ ხის სახლს [აკვასკი akwaski], რაც ოჯახის უფროსის ზრუნვის მთავარ საგანს შეადგენდა. სახლის დამთავრების მოლოდინში ოჯახი ფაცხაში [patchka] ანუ სათადარიგო ქოხში ცხოვრობდა, სადაც ჩვეულებისამებრ ყველას, სქესის მიუხედავად, ერთ ოთახში ეძინა. ვახშმის შემდეგ, რომელშიც, ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, საზეიმო ქათმის კერძი არ შემოუტანიათ, მინდორზე აფხაზური თამაშა შესრულდა, რომელშიც თავადის ნაშიერიც გაერია.
სოფელ ტყვარჩელიდან ათიოდე ვერსის დაშორებით მდებარეობს ამავე სახელწოდების გოგირდის წყლის აბანოები. იქამდე მისასვლელ გზას ორივე მხარეს უფსკრულები მიუყვება და იმდენად ვიწრო და ციცაბოა, რომ ცხენსაც კი უჭირს ასვლა. წყარო მთის ფერდობზე, კლდიდან გადმოდის და აქედან 6 მეტრში ეცემა ერთ მეტრზე მეტი სიღრმის, ხის ფსკერიან, ქვისგან ნაშენებ აუზში. ამ აუზში, რომელსაც მზისგან ხის ბოძებზე შედგმული უხეში სახურავი იცავს, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ბანაობს. იქვეა ოთახი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ათბობენ და რომელსაც გამოსაცვლელად იყენებენ. ეს აბანოები უფასოა; ისინი აფხაზეთის უკანასკნელმა აჰუმ მიხეილ შერვაშიძემ მოაწყო, რომელიც აქ კენჭისგან განიკურნა და რომელსაც ამ მთის წვერზე სახლი ჰქონდა – დღეისთვის უკვე ხანძრისგან დამწვარი. სწორედ ამ აჰუს სურდა, რომ ადგილობრივებს ესარგებლათ ამ წყლებით, რომელიც მრავალი დაავადების მოსარჩენად ეფექტურია და მობანავეებისთვის ააშენებინა ნაგებობა, რომელიც რეზერვუარიდან თორმეტიოდე მეტრში მდებარეობს.
ტყვარჩელის ეს წყარო თერმულია და რამდენადმე ჰგავს ტფილისის თერმულ წყალს; ამ უკანასკნელივით ესეც მძაფრ სუნს გამოყოფს. აუზისგან შორიახლოს, ორ მთას შორის მოედინება მდინარე ღალიძგა [Galizga], რომელიც ციცაბო კლდეებიდან ისეთი გრუხუნით ეშვება, რომ კიდევ უფრო მეტ სიველურეს მატებს ამ ადგილს. ყოველ ზაფხულს, დიდი სიცხეებისას (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ავადმყოფები ამ პრიმიტიული ტიპის ბალნეოლოგიურ კურორტს სტუმრობენ; განსაკუთებით მეგრელები მოაწყდებიან ხოლმე ამ ადგილს. მობანავეები სულაც არ არიან პრეტენზიულები; კლდე მათი საწოლია და გამოქვაბული კი თავშესაფარი. დარაჯი, რომელიც მეზობელ ქოხში ცხოვრობს, რესტორატორის მოვალეობას ასრულებს – განა აქვე არ არიან მეცხვარეები, რომლებიც სტუმრებისთვის გაშლილ მის სუფრას კამეჩის ყველითა და მაწვნით [lait caillé] მოამარაგებენ? ამას დაუმატეთ დიდი კარდალა, რომელშიც სიმინდის შეჭამანდი იხარშება, მეორე ქვაბი, რომელშიც ახლადდაკლული ცხვარი თუხთუხებს და თქვენ გექნებათ სრული სურათი ამ სოფლელ სნეულთა ბანაკისა, რომელიც ერთად უზის სუფრას მინდორზე ან რომელიმე დიდი მუხის ჩრდილქვეშ. ორკესტრიც კი არ აკლიათ: მეგრული ჩონგურისა და აფხაზების აბხარცას [abchertsa] (გიტარა აბრეშუმის ორი სიმით) ხმები ხეობებში ექოდ გაისმის. ყოველ ტრაპეზს თამაშა მოსდევს.
რაღა დავამატო? ადგილობრივთა სიმორცხვემ ტყვარჩელის ამ აუზში წესიერების კანონების დაცვის რეგლამენტი გამოიგონა: რეზერვუარის ერთი მხარე მამაკაცებისთის არის განკუთვნილი, მეორე კი ქალებისთვის; ორივე სქესი ერთდროულად ბანაობს, მაგრამ ზურგშექცევით და ისე, თითქოს ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ამას გარდა, აუზში ჩასვლისა და ამოსვლის წესებიც წინასწარ განსაზღვრულია; ჩასვლა უკუსვლით არის შესაძლებელი და ამოსვლა, პირიქით, წინსვლით ხდება: და ეს ყველაფერი ტანსაცმლის გარეშე. განა მართალი არ არის, რომ ხშირად ყველაზე უბრალო ხალხს შეუძლია მაგალითის მიცემა ყველაზე დახვეწილთათვის?
გასულ ნოემბერში ტყვარჩელის აბანოების სანახავად არ წავსულვარ, რადგან ზამთარში მისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. სწორედ ამიტომ არ მაქვს ამ ადგილის ფოტოები.
მდინარე ღალიძგა, რომელიც სათავეს ტყვარჩელის თერმული წყლების მახლობლად იღებს, აფხაზეთის ნაწილს კვეთს და ოჩამჩირესა და ილორს შორის ჩაედინება შავ ზღვაში. მისი დინება ძალიან სწრაფია და კალაპოტი კი ქვიანი. დაბა ფოქვეშიდან სოფელ ტყვარჩელამდე მისასვლელად, დაახლოებით 12 ვერსი მანძილის გასავლელად, მისი ფონის ექვსჯერ გადალახვაა საჭირო. ფოქვეში საკმაოდ ფართოდ დასახლებული პუნქტია და მდინარის პირას მდიდარ მიწებს ფლობს; ყველა საცხოვრებელი ერთნაირი ტიპისაა: ეს არის შემოღობილი ეზოს შუაში მდგარი დაწნული ფაცხები. სასიამოვნო სანახავია მინდორზე გაშლილი სასაფლაო თავისი მწვანე კვადრატებითა და ხეების გალერეებით გარშემორტყმული საფლავებით – ეს განხსვავება იმათ შეძლებას განსაზღვრავს, ვინც ისინი აქ აღმართა.
ფოქვეშს არ აქვს ბაზარი, სადაც გარშემო რეგიონის მცხოვრებლები თავისი პროდუქტის გასაყიდად მოვიდოდნენ, ამიტომ ამ პატარა დაბაში ყოველწლიური ბაზრობის გამართვა იგეგმება: ეს კარგი სიახლე იქნებოდა ამ მხარისთვის. ამას გარდა, აქაურებმა, ვისთვისაც პროგრესი უცხო არ არის, სურვილი გამოთქვეს საკუთარი ხარჯით აეშენებინათ იპოდრომი და პრიზები დაეწესებინათ საცხენოსნო რბოლისთვის, რომელიც ბაზრობის დროს გაიმართებოდა – კიდევ ერთი სიახლე კავკასიისთვის, სადაც დღემდე ამ ტიპის გასართობი ოფიციალურად არ იყო ნებადართული. 1881 წლისთვის ამ პროექტებიდან არცერთი არ განხორციელებულა. ომმა წელში გაწყვიტა ეს მხარე და ხალხს ახალი საზრუნავი გაუჩინა. და მიუხედავად ამისა, სხვა რომელი ხალხია ადგილობრივებზე უფრო ნიჭიერი ამგვარ შეჯიბრებებში? აქაურები ხომ, როგორც უკვე ვნახეთ, ბრწყინვალე ცხენოსნები არიან (სხვათაშორის, ეს ერთადერთი ხელოვნებაა, რომელიც მათთვის მახლობელია) და ხელიდან არასდროს უშვებენ მათრახს – მათი ცხენოსნობის ნიჭის სიმბოლოს. ამ თვალსაზრისით ქალები მამაკაცებს არაფრით ჩამოუვარდებიან; ისინი მარჯვედ ფლობენ ყველაზე ფიცხს ცხენს, კაცის უნაგირზე ამხედრებულნი გაბედულად დააჭენებენ და დოღზე ხშირად უკან იტოვებენ მამაკაც მხედრებს. აქ არცერთი დღესასწაული არ ტარდება დოღის გარეშე და ეს შესრულება უკან იტოვებს იმ ე.წ. „მაღალი სკოლის“ მანევრებს, რომელსაც ტაშს ვუკრავთ ჩვენს ცირკებში. მხოლოდ მათში შემოტანილია ისეთი ბარბაროსული და ველური ქცევა, რომლის აკრძალვაც კარგი იქნებოდა. ყოველ ვერსზე დგანან ცხენოსნები, რომლებიც ჯირითში მონაწილე ცხენების ჩავლისას მათ არა მხოლოდ შეძახილებით, არამედ თოფის სროლითა და ძლიერი დარტყმებით აქეზებენ. ბევრი ცხენი იღუპება ამ გაშმაგებული სტიპლჩეიზის[5] დროს, რომელიც სიამოვნებას ისევე იწვევს ახალგაზრდებში, როგორც მოხუცებში.
ფოქვეშის ამ დაბლობზე, რომელსაც მდინარე ღალიძგა ჩამოუდის, სოფლელი გოგონების მომხიბვლელ ჯგუფებს ვამჩნევთ, რომელთაც დიდი დოქები ეს-ეს არის მდინარეში აუვსიათ. როგორი დარბაისლური სიარული, როგორი თანდაყოლილი გრაცია აქვთ ამ სოფლელებს და როგორ განსხვავდებიან ისინი ჩვენი, დასავლეთის გლეხის ქალებისგან! უკვე აღვნიშნე, რომ აფხაზი ქალები ნაკლებად ჩნდებიან საქვეყნოდ, ვიდრე სამურზაყანოელი ან მეგრელი ქალები. ამის მიზეზია ისლამი, რომელიც ძველად იყო გავრცელებული, ადგილობრივ ჩვეულებებში კვალი დატოვა და ქრისტიანობაშიც კი შერეულა, რომელსაც დღეს აქ აღიარებენ. მიუხედავად ამისა, თუ ცოლი ქმრით უკმაყოფილოა, მას უფლება აქვს იგი მიატოვოს და თავის ოჯახში დაბრუნდეს ისე, რომ ქმარს წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. ქალი, სხვათაშორის, საკუთარ ოჯახში დედოფალია. კაცი მას დიდი პატივისცემითა და ყურადღებით ეპყრობა და თავიდან აცილებს თითქმის ყველა დამღლელ სამუშაოს. ქორწინება დიდი დღესასწაულია ამ მხარეში.
როგორც კი ქორწილის დღეს დათქვამენ, აქაც, ისევე როგორც სამეგრელოში, ცხენზე ამხედრებული მახარობელები ჩამოივლიან მშობლებისა და მეგობრების დასაპატიჟებლად. ვინაიდან სწორედ ამ დროს ფოქვეშის სტარშინა თავის თხუთმეტი წლის ქალიშვილს ათხოვებდა, შესაძლებლობა მომეცა ყველა ეს რიტუალი ახლოდან მენახა. სახლთან მიახლოებისას, სტუმრები თავის მოსვლას ამცნობენ იარაღის სროლითა და იმ ერთ-ერთი უსიტყვო სიმღერით, ერთგვარი მონოტონური მოდულაციით, რომლის აქცენტიც ვითარების მიხედვით იცვლება: ტრიუმფის ხმა ცხენის ქურდისთვის, რომელმაც ეს-ეს არის თავისი ნადავლი საიმედოდ დააბინავა; საომარი შეძახილი მტრის მოახლოებისას; მაყრიონის მხიარული ყიჟინა. რა თქმა უნდა, მიუჩვეველი ყური ერთმანეთში ადვილად ურევს ამ სხვადასხვა ტონალობებს და მათ განსხვავებულ ხასიათს ვერ არჩევს.
ეზოში შემოსული მხედრები მისალმების ნიშნად ცხენს შეანავარდებენ და ყოველი ახალი სტუმრის შემოსწრებისას ეს ცერემონია კვლავ მეორდება. შემდეგ ყველა მაგიდას მიუსხდება ფანჩატურის ქვეშ, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვეულების შეურაცხყოფა იქნებოდა. ტრაპეზის დასასრულს ხელიდან ხელში გადადის ყანწი, რომელიც სამ, ზოგჯერ კი მეტ, ბოთლს ღვინოს შეიცავს. საზოგადოებიდან გაძევების შიშით ყოველი სტუმარი ყანწს ბოლომდე ცლის. ვერ ვიტყოდი, რომ სტუმრები თვრებიან ღვინის იმ უკანასკნელი „ჭიქის“ დალევის შემდეგ, რომელიც ზედ ერთვის საკვების თავზარდამცემი რაოდენობის მოხმარებას (ხარის, ცხვრისა და ბატკნის მეოთხედი ნაჭრები, ქათმები, სიმინდის შეჭამანდი, კამეჩის ყველი) – აფხაზები მედგრად დგანან, თუმცა კი ღვინო მათ ისე ხალისიან განწყობას აძლევს, რაც სრულიად მისაღებია ასეთ შემთხვევისას.
შემდეგ ტაშისკვრით იძლევიან ცეკვის დაწყების ნიშანს. ცოტა ხანში ამ მეჯლისს ერევა მოჯირითეთა ფანტაზია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, და თამაში, ცეკვა და ქეიფი გვიან ღამემდე გრძელდება. მეორე დღეს დღესასწაული თავიდან იწყება. სტუმრებს საჩუქრები მიაქვთ პატარძალთან, რომელიც მათ ფეხზე მდგარი და სახედაბურული იღებს. ის სახეს მხოლოდ მას შემდეგ გამოაჩენს, რო დესაც მშობლები საჩუქარს მიართმევენ. პატარძალი მაშინვე არ ტოვებს მშობლების სახლს. სიძე გადმოდის მასთან საცხოვრებლად, მანამდე, სანამ არ დასრულდება მათთვის განკუთვნილი სახლის გამართვა. ზოგჯერ ახალგაზრდა მამაკაცი თავისი ცოლისგან მოშორებით რჩება და მისი ნამდვილი ქმარი მხოლოდ იმ დღეს ხდება, როდესაც ცოლს მასთან ოჯახი მიიყვანს. ამ შემთხვევაში საქორწინო დღესასწაული ხელახლა იწყება, ამჯერად უკვე სიძის ოჯახში.
ახალ დიასახლისს თან მოაქვს მზითვი – მისი ხელითვე და მეგობრების დახმარებით გამზადებული ლოგინი. ქმარი ახვედრებს ავეჯს, რომელიც ერთნაირად უბრალოა თავადისა თუ გლეხისთვის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ შეძლებული გლეხის ოჯახში ჩვეულებრივ უფრო მეტი კომფორტი და სისუფთავეა, ვიდრე ტიტულოვან თავადთან. ამგვარად, ფოქვეშში, ჩემი მასპინძელი სტარშინას სახლში კვალიც კი არ იყო იმ უსუფთაობისა და დაუდევრობისა, რაც, სამწუხაროდ, ასე არ უხდება აფხაზ დიდებულთა სტუმართმოყვარეობას.
ფოქვეშიდან ბესლახუბამდე [Beslahouba] (ოჩამჩირის თემში შემავალი სოფელი) რამდენიმე ვერსის სიგრძის მხოლოდ ერთი გზა მიდის, რომელიც განსაკუთრებით საღამოს, ჩამავალი მზისას არის შესანიშნავი, როდესაც წითლად აგიზგიზებული მთების მწერვალები თავის ანარეკლს მოჰფენენ და ჯადოსნური შუქით გაანათებენ მდინარეებს, ტყეებსა და მინდვრებს. ბესლახუბაში მდიდარ გლეხთან, მაზრის უფროსის მოადგილესთან გავჩერდი, და რა კმაყოფილი ვიყავი, როდესაც ასეთი საინტერესო და დატვირთული დღის შემდეგ ამ ახალი სახლის ჭერქვეშ დამხვდა თეთრი პირსახოცი, ბზინვარე ჭურჭელი, საუკეთესოდ შემწვარი ქათამი და მასპინძლები, რომლებსაც არ ემოსათ ძონძები.
მეორე დღეს სოფელში ჩატარდა წვიმის მოსაყვანი ცერემონია, რომელსაც გვალვის დროს მიმართავენ ხოლმე. აფხაზები, ვიმეორებ, ცრუმორწმუნე ხალხია. ეს არის ტრაპეზი, რომელიც სიმღერებითა და ცეკვებით სრულდება, რის შემდეგაც დამსწრეები საზეიმო პროცესიით მიემართებიან მდინარისკენ ჯორზე შესმულ მანეკენთან ერთად, რომელსაც ორივე მხარეს თანაბარი რაოდენობის გოგო-ბიჭი მიუყვება. გზაში მღერიან შელოცვას, რომლითაც მდინარის ღმერთს მიმართავენ: „აი, თოჯინა, თოჯინა. აჰუს ქალიშვილს სწყურია. ის ღვინოს არ სვამს და წყალი ენატრება, რადგან მდინარე თითქმის დამშრალა. იგი არ მოდის, რადგან მდინარეში ცოტა წყალია“. სიმღერ-სიმღერით ჯორს მდინარეში შეაგდებენ და მთელი პროცესიაც თან მიჰყვება წყალში. თითოეული მათგანი წყალს ასხამს მანეკენს, რომელსაც შემდეგ მდინარეში ძირავენ. მთელი დღის მანძილზე იმეორებენ ამ ცერემონიას. ამის შემდეგ, საღამოს, მეორე ტრაპეზია, რომელსაც თან ჩვეული გართობა ერთვის. თუ ამ მუდარის მიუხედავად წვიმა არ მოდის, მაშინ არის მეორე ჩვეულებაც, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, რადგან იგი ცოდვად ითვლება: მინდორში ორ ბაყაყს ისვრიან, რომელიც აქ უსუფთაო ცხოველად ითვლება და ამის შემდეგ უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მდინარის ღმერთი ამგვარი შეხებით წაბილწულ დედამიწას ძლიერი წვიმით გარეცხავს.
ამ მაგალითით ვხედავთ თუ უცოდინრობისა და ცრუმორწმუნეობის რა საფეხურზეა დარჩენილი ეს აფხაზი ხალხი იმ იზოლაციის გამო, რომელშიც ის ამდენი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა.
ოჩამჩირე [Otchemtchiri] ბესლახუბადან დაახლოებით 7 ვერსის მანძილზე მდებარეობს. იქ მიმავალი გზა ბუნებრივ პარკს კვეთს, რომელიც თავისი ბრწყინვალებით ყველაფერ იმას აღემატება, რისი შექმნაც კი ხელოვნებას შეუძლია. წარმოუდგენელია ამაზე უფრო ლამაზ ხეივნებზე, ამაზე უფრო მრავალფეროვან და ხშირ ჭალებზე ოცნებაც კი, როგორებსაც ამ გზაზე გავლისას ვხვდებით. დიდებული მუხის, ჭადრის, ცაცხვის ხეები ჩრდილავს მოოქროვილი იელის ყვავილნარებს და ეს გარემო უცნაურ კონტრასტშია იმ სრულიად ველურ ადგილებთან, რომლებსაც ეს-ესაა დავშორდით. ამგვარი მოულოდნელობით აღტაცებულები ვართ. შემდეგ, უცბად, მწვანე მასივიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენს თვალწინ შავი ზღვა გადაიშალა – ჩვენ ოჩამჩირეში ვართ.
პროცესია ტიკინასთან ერთად. პრიანიშნიკოვის ნახატი ტექსტისა და ფოტოების მიხედვით.
როდესაც გასულ ნოემბერს ეს გზა გავიარე, ღალიძგას ნაპირზე ღამით აღმოვჩნდი. ჩემმა ჩაფარმა შემომთავაზა, მდინარეზე გადასასვლელად გათენებას დავლოდებოდით. მაგრამ მე გზის გაგრძელება მსურდა, რადგან არ მინდოდა დროის დაკარგვა და ვფიქრობდი, ფოთისკენ მიმავალ მომდევნო გემს გავყოლოდი. ჩემი უსაფრთხოებისთვის, მდინარის გადაკვეთისას, მან წელზე შემოხვეული მათრახით დამიჭირა. ამგვარად გამაგრებული, უნაგირზე მუხლებით შევდექი, რომ არ დავსველებულიყავი. მოპირდაპირე ნაპირზე გადასულები, ჩაფარმა დამარწმუნა, რომ ძლიერ სახიფათო ფონი გადავლახეთ. მისი სიმარჯვის წყალობით კიდევ ერთ განსაცდელს გადავურჩი მშვიდობიანად.
(გაგრძელება იქნება)
Carla Serena. Excursion au Samourzakan et en Abkhasie. Le Tour du Monde, XLIII, 1882. p. 353-416.
[1] იგულისხმება ღომი (მთარგმნელის შენიშვნა).
[2] ძველი ფრანგული მიწის საზომი ერთეული (მთარგმნელის შენიშვნა).
[3] (არქ.) სწორკუთხა ეზო, ბაღი ან მოედანი, რომელსაც გარს არტყია გადახურული კოლონადა (მთარგმნელის შენიშვნა).
[4] იგულისხმება რობინზონ კრუზო – ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს (დაახ. 1660-1731) რომანების სერიის გმირი (მთარგმნელის შენიშვნა).
[5] დოღი გრძელ დისტანციაზე დაბრკოლებათა გადალახვით (მთარგმნელის შენიშვნა).












Commentaires
Enregistrer un commentaire