მოგზაურობა სამეგრელოში (ნაწილი 2)

 

მოგზაურობა სამეგრელოში

1876-1878 წლები. ტექსტი და ნახატები პირველად ქვეყნდება

 

ტექსტის ავტორი კარლა სერენა
ფრანგულიდან თარგმნა ანა ჭეიშვილმა

 

IV

მეგრელთა წეს-ჩვეულებები. – როგორ ქორწინდებიან. – პატარძლის შესვლა ახალ ოჯახში: ცხენებით მსვლელობა, ქორწილის სუფრა, ქმარზე ნადირობა.

 

რა ტკბილია მისთვის, ვინც სამშობლო დატოვა და მის გულთან მიბმული აგრერიგად ძვირფასი ყველა კავშირი მცირე ხნით გაწყვიტა, შორეული ცის ქვეშ შეხვდეს გაშლილ მკლავებსა და სტუმართმოყვარე მიღებას, ისეთს, როგორიც მე საქართველოში მხვდა წილად! ამ სასიამოვნო და მომღიმარ გარემოში უცხოელი თავს გარიყულად არ გრძნობს. კავკასიის ამ ლამაზ ნაწილში ყველგან გვხვდება პატრიარქალური გულითადობა და სისადავის ტკბილი სურნელი, რომლებიც გულს მაშინვე სასიამოვნოდ გაგიხარებთ, გარდა ტფილისისა, სადაც დედაქალაქებისთვის დამახასიათებელმა კოსმოპოლიტიზმმა უკვე შეცვალა თავდაპირველი ჩვეულებები. ურთიერთობები თვალის დახამხამებაში ყალიბდება და იმ ჭერქვეშ, სადაც სტუმრად გვიღებენ, უკვე ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ვინ მოთვლის რამდენი შინაური სცენა, ხან მხიარული და ხანაც სევდიანი, თუმცა კი ყოველთვის ამაღელვებელი, ჩაივლის თქვენს თვალწინ!

 

 დედოფლის დროებითი საცხოვრებელი ზუგდიდში. ტეილორის ნახატი, ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.

 

სამეგრელოში ჩემი მოგზაურობისას ერთ დღეს აქ ვიყავი, მეორე დღეს კი იქ, და ასე განუწყვეტლივ მასპინძლისა და თავშესაფრის ცვლაში დავინახე თვალწინ როგორ ჩამიქროლა ადამიანის ცხოვრებამ. ოჯახი, რომელიც ჩემი მისვლისას მხიარული დამხვდა, ჩემი წასვლისას მგლოვიარე იყო; ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ წასვლისას თან მიმქონდა ამ გლოვის ნაგლეჯი. თუმცა, გზებზე შემხვედრი გაბრწყინებული სახეების დანახვა საკმარისი იყო ამ სევდიანი ღრუბლის გასაფანტად; მრჩებოდა მხოლოდ იმის სინანული, რომ ასეთ კარგ ხალხს დავშორდი. ახალი ეტაპი თავის მხრივ დასასრულს უახლოვდებოდა და მე კი ახალ სახლს მივუახლოვდი. კარის ზღურბლიდანვე მივხვდი, რომ ამ სახლში ბედნიერებდა სუფევდა. გახარებული იმით, რომ მის ლხენას ერთით მეტი მოწმე ეყოლებოდა, ეს მომღიმარი და მხიარული ოჯახი ჩემს შესახვედრად მოიჩქაროდა. სახლში ქორწილი გაემართათ.

ევროპაში, ჩვეულებრივ, ქორწინება სერიოზული რამ არის. ის ორი არსების კავშირია, კავშირი, რომელიც იმისთვის, რომ რეალური იყოს და განსაცდელს არ მალავდეს, ურთიერთ სიმპათიით უნდა იყოს განმტკიცებული. სამეგრელოში სხვაგვარად ხდება, მიუხედავად იმ სიხარულის გამოხატვისა, რომელიც თან ახლავს ქორწინების ცერემონიას. ქორწინება აქ, ხშირად, ორ ერთმანეთთან მორიგებულ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებაა.

              დღევანდელი კავკასიელები წინაპრების მსგავსად იქცევიან – მთავარი მთავართან და აზნაური კი აზნაურთან ესწრაფვის დაქორწინებას. რაც შეეხება ქართველებისა და რუსების შერეულ ქორწინებას, თუ მეუღლეთაგან რომელიმეს ტიტული არ აქვს, ასეთ კავშირს ოჯახი სიხარულით არასდროს თანხმდება: მათ თვალში ეს თითქმის სოციალურად უთანასწორო ქორწინებად განიხილება.

აქ ხშირად ნახავთ 10 წლის ასაკში დანიშნულ ახალგაზრდა ქალს. საცოლე-ბავშვი მამის სახლის ჭერქვეშ იღებს საქმროს ვიზიტებს, ისე თითქოს ძმა სტუმრობდეს. რაც შეეხება დანარჩენს, საქართველოში ყველაფერს უდარდელობა სდევს თან და ეს უდარდელობა ქორწინებაზეც ვრცელდება.

ხელის თხოვნა სწრაფად ხდება: არც თაიგული, არც სავალდებულო თავაზიანობა, არცერთი იმ ფორმალობათაგან, რომელიც ჩვენთან ასე მკაცრად სავალდებულოა. საქმე თვალის დახამხამებაში გვარდება – იმ დროში, რაც საპატარძლო კაბის შეკერვას სჭირდება –, და წყვილს მღვდელი აკურთხებს. ეს კურთხევა ერთგვარი ნიშნობის რიტუალია. ამ საქორწინო ცერემონიის შემდეგ, რომელზე დასწრების უფლება ეტიკეტის მიხედვით დედას არ აქვს, ახალგაზრდა მამაკაცი ცოლს სახლში მიაცილებს. ეწყობა ვახშამი (ქორწილს საღამოს ზეიმობენ), რომელსაც მხოლოდ ყველაზე ახლო ნათესავები ესწრებიან. ამის შემდეგ სიძე მარტო ბრუნდება სახლში.

რამდენიმე წლის წინ, სომხებში ჩვევად იყო, რომ პატარძალი ეკლესიაში კაპიუშონით სახედაფარული მისულიყო. სიძეს მომავალი ცოლის სახის ნახვა, მხოლოდ მშობლის სახლში მისვლისას შეეძლო; მხოლოდ აქ, დედის თანდასწრებით შეეძლო მას კაპიუშონის მოხდა. როგორც ამბობენ, ამ ჩვეულებამ ბევრი გააბრიყვა: მდიდრად და ლამაზად მიჩნეული ახალგაზრდა ქალი, რომლის მზითვსაც შესანიშნავი ოფიცერი ან რომელიმე უცხოელი მოეხიბლა, ვუალის მოხსნისას უშნო და უფულო აღმოჩენილა. უნდა ითქვას, რომ ოქროს წყურვილი სომხებში ხშირად უკიდურესობამდეა მისული და ნამდვილ ფანატიზმად ქცეულა. ქალიშვილის უმზითვოდ გათხოვებას უბადლო მოხერხებულობა სჭირდება. რადგან რუსეთის პროვინციებში განქორწინება იშვიათად არის ნებადართული, ვუალით გაბრიყვებულებს შეუძლიათ თქვან, რომ მათ მართლაც გადასცეს „კატა ტომარაში“. ტყუილი ხანდახან იქამდეც კი მიდის, რომ პატარძალს მისი ხათრიანი მეგობრებისგან ნათხოვარი სამკაულით რთავენ, რომლებიც მეორე დღეს კუთვნილი ძვირფასი ნივთების უკან წასაღებად ბრუნდებიან.

სანამ ცოლი მშობლების სახლში რჩება, ქმარი ცოლის ღირსეულად მისაღები სახლის მოწყობით არის დაკავებული. როცა ყველაფერი მზად არის, იგი მეგობრების ამალას აგზავნის ცოლის წამოსაყვანად. უკანა გზაზე კორტეჟს ახალგაზრდა ქალის მშობლები და ახლობლები უერთდებიან და ცხენებზე ამხედრებულები მოაცილებენ მას. ქალის გასართობად გზად ყველანი მღერიან, ოინბაზობენ და უნაგირზე ცეკვავენ კიდევაც; გეგონებათ ცხენოსანთა თეატრალური დასი მოგზაურობსო.

გლეხებთან მზითვი კორტეჟის ნაწილს შეადგენს: ეს არის სპეციალურად ამ მიზნით შეკრული მოხატული ხის სკივრები, ლითონის ფირფიტებითა და სხვა მორთულობით შემკული, რომლებშიც იშვიათად თუ დევს რამე.

მაღალ ფენაში მზითვი ქმართან ცოლის მოსვლამდე მიაქვთ. უმეტესად მზითვი ფრიად ღარიბულია, განსაკუთრებით კი თეთრეულის თვალსაზრისით, რომელიც სრულიად უცნობი ფუფუნება. კინაღამ დამავიწყდა იმის თქმა, რომ მშობლების სახლის დატოვებისას პატარძალს სახეს თავშლით უფარავენ, რომელიც მხოლოდ ქმრის სახლში მისვლისას უნდა მოიხსნას. შემდეგ მეგობრები მას ყველაზე ძვირფასი სამკაულებით მორთავენ და მაგიდასთან ქმრის გვერდით დასვამენ. პატარძალმა არ უნდა ისაუბროს და საჭმელი არ უნდა ჭამოს.

ქორწილის სუფრას, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება, ეზოში გაშლილ კარვებში აწყობენ. კარვები ზოგჯერ ძალიან ელეგანტურია და ის ადგილი, სადაც ნეფე-პატარძალი ზის ცოცხალი ყვავილებითა და გირლანდებით არის მორთული. მენიუ ორმოცამდე კერძისგან შედგება, რომელთაც მრავალ ჩაფ შესანიშნავ მეგრულ ღვინოს აყოლებენ. ამ ღვინოებიდან ბევრი გაუწევდა კონკურენციას ბურგუნდიის ღვინოებს. ნადიმს თან ახლავს სიმღერები, ცეკვები და ოინბაზობა. ვახშმის დასასრულს სიძე ხის კენწეროზე, ან სახლის რომელიმე კუთხეში იმალება. მისი გაქრობა იმ კომედიის დაწყების ნიშანია, რომელსაც ის და მისი მეგობრები გაითამაშებენ: გაქცეულ სიძეს ყველგან ეძებენ და როდესაც იპოვიან ხელის კვრით მიჰყავთ საძინებლისკენ, ის კი ამ დროს მოჩვენებით უწევს წინააღმდეგობას.

ერთ ასეთ დღესასწაულზე სიძესთან, მეგრელ გლეხთან ერთად ლეზგინკა  ვიცეკვე. როგორც ამბობენ, ზოგჯერ სტუმრები ვერცხლის დანა-ჩანგალს ხელს გააყოლებენ ხოლმე. წმინდა ანდრიას ანათემის გამო ხომ არა?

ქორწილი. პრიანიშნიკოვის ნახატი ფოტოების მიხედვით.

 

V

ახალსენაკიდან ზუგდიდამდე. – ისტორიული მიმოხილვა. – მთავარი დავით დადიანი და დედოფალთა დედოფალი. – როგორ დასრულდა სამეგრელოს დამოუკიდებლობა. – აღდგომის დღესასწაული ზუგდიდში. – ხალხური სცენები. – ქუჩაში; ეკლესიაში; მთავრის სასახლეში; მინდორში. – თამაშას 3 დღე.

 

სამეგრელოში ჩემი მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება ზუგდიდში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება. ამ პატარა ქალაქში სასტუმრო არ არის, თუმცა მე მაზრის მთავარმა, დედოფალმა ეკატერინე დადიანმა და სხვა ოჯახებმა მიმასპინძლეს. ჩემი შტაბ-ბინიდან – ახალსენაკიდან სამეგრელოს უძველეს დედაქალაქამდე მანძილი ორმოცი ვერსია და ტრადიციული რუსული საფოსტო ეტლით პერეკლადნაიათი  მგზავრობას დაახლოებით ოთხი საათი სჭირდება. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ მიწას თოვლი ისევ ფარავდა, ჰაერში უკვე სითბო ტრიალებდა და გაზაფხულის სუნთქვა იგრძნობოდა.

რკინიგზისა და შავ ზღვასთან პირდაპირი კავშირის გარეშე ზუგდიდი, ეს იზოლირებული ადგილი, დაბა უფროა, ვიდრე ქალაქი. ზუგდიდში ხმები დადის სოხუმ-ყალესა და ახალსენაკის დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზის გამართვაზე. თუ ეს პროექტი განხორციელდა, დადიანების ძველი რეზიდენცია, რომელიც ამ ხაზის მარშრუტზე მდებარეობს, უმცირეს დროში მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა და, ამასთანავე, სამურზაყანო – მეზობელი ნაყოფიერი პროვინცია, საკუთარი საქონლისთვის გასაღების ბაზარს იპოვის.

     ახალსენაკსა და ზუგდიდს შორის არსებული დაბლობები, მთელი ქვემო სამეგრელოს მსგავსად, უთვალავი წყლის დინებით არის დასერილი. მთებზე, მარჯვნივ და მარცხნივ, მოჩანს ძველი ციხეების ნანგრევები, რომლებიც ადგილობრივ მთავართათვის თავდაცვის ხაზს წარმოადგენდა, ხოლო სპარსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან  მომავალი სურსათით დატვირთული ქარავნებისთვის კი თავშესაფარს. ხობის [Khopi] თავზე, მაღლობზე, ამავე სახელწოდების მონასტერი მდებარეობს – მთავართა კიდევ ერთი უკანასკნელი განსასვენებელი. აქ გიორგი დადიანის საფლავია, რომელიც XIV საუკუნის შუა წლებში მეფობდა (1345 წელი). საფლავის ძეგლი მისმა ვაჟმა ვამეყმა [Wanik] აღმართა იმ მარმარილოს ფრაგმენტებისგან, რომლებიც ომში დამარცხებული მოწინააღმდეგის პროვინციიდან ჩამოიტანა.


 ქუჩა ზუგდიდში. ტეილორის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.


გზაზე გვხვდება ცაიშის მონასტერი, რომლის ეკლესიაც ძველ ბიზანტიურ სტილშია აგებული. მის აკლდამაში შედარებით ახალი თაობის დადიანების საფლავებია, ანუ სამეფოს უკანასკნელ მმართველთა ვაჟებისა და ქალიშვილების.

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდმა, როგორც დედაქალაქმა მნიშვნელობა დაკარგა, მას საკუთარი წარსული არ დავიწყებია. თუ აქ მცხოვრებ ძველ რეგენტს უფლება აღარ აქვს სუვერენის წოდებაზე, მან ადგილობრივთა თვალში მაინც შეინარჩუნა მორალური პრესტიჟი და გამქრალი სამეფოს ანარეკლი: მას კვლავ დედოფალს უწოდებენ ისევე, როგორც მისი დიდების ხანაში. ეს გულის ამაჩუყებელი სახელი მისთვის საპატიო დიდების დაკარგვის ერთვარი კომპენსაციაა.

აღმოსავლეთის იმ რეგიონებს შორის, რომელთა ისტორიაც სავსეა ძალაუფლებისთვის მებროლი სისხლიანი ომებით, არცერთი არ გვთავაზობს ისეთ ტრაგიკულ მატიანეს, როგორსაც სამეგრელო. პირველი დადიანიდან, გიორგიდან მოყოლებული, რომელიც 1323 წელს გარდაიცვალა, ეს პროვინცია ყველანაირი ბოროტმოქმედებისა და ომის ასპარეზი იყო. ამ დროის მანძილზე ამ მხარეს ორი ოჯახი განაგებდა: პირველი – 1300 წლიდან დაახლოებით 1600 წლამდე, მეორე კი, 1600-დან 1867 წლამდე. 1867 წელს ჩიქოვანების ხაზის (როგორც ამბობენ, მათი წინაპრები გენუელები უნდა ყოფილიყვნენ) უკანასკნელმა შთამომავალმა და მემკვიდრემ თავისი ძალაუფლება რუსეთს დაუთმო.

ამ მხარეში, რომელსაც ფეოდალური წესისა და საქართველოს სჯულმდებელი მეფე ვახტანგის კანონებით მართავდნენ, ერთადერთ კანონად სუვერენის ნება მიიჩნეოდა. სამართალი აქ სახალხო მოედანზე სრულდებოდა. ცაცხვის ჩრდილში შეკრებილი მოსამართლეები საკუთარი სურვილის მიხედვით წარმოთქვამდნენ განაჩენს და უბრძანებდნენ, რომ ამ დამნაშავისთვის თუ ბრალდებულისთვის თვალები დაეთხარათ, იმისთვის კი მკლავები, ხელის მტევნები, ფეხები ან ტერფები დაეჭრათ. ასეთი განაჩენები სისრულეში უმალ მოჰყავდათ – გასაჩივრების გარეშე.


ჩემი ერთ-ერთი მასპინძელი ქალიშვილთან ერთად, ზუგდიდი. ა. სირუის ნახატი ფოტოს მიხედვით.

 

ამგვარი არაჰუმანური მოპყრობა, მხოლოდ უკანასკნელი მთავრის, განათლებული და პროგრესული ადამიანის, დავით დადიანის დროს შეწყდა, რომელმაც დიდგვაროვანი მეუღლის მხარდაჭერით, ამ მხარეში  ცივილიზაციის პირველი ჩანასახი შემოიტანა. სამწუხაროდ, 1853 წელს ნაადრევად გარდაცვლილმა დავით დადიანმა ვერ მოასწრო საკუთარი შრომის ნაყოფის ნახვა. დაწყებული საქმე მხნედ განაგრძო მისმა მეუღლემ, ქალიშვილმა ალექსანდრე ჭავჭავაძისა – განათლებული და ასევე პროგრესის მომხრე ადამიანისა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1814 წლის კამპანიაში და პარიზში რუსულ ჯართან ერთად შევიდა (რაც ფრანგებისთვის უსამოვნო მოგონებად დარჩა). 1840 წელს სამეგრელოში ჩამოსვლისთანავე დედოფალი ღრმად დაამწუხრა იმ სანახევროდ ველური მდგომარეობის ნახვამ, რომელშიც კავკასიის ეს ლამაზი რეგიონი იმყოფებოდა და მაშინვე მისი აღდგენა დაისახა მიზნად. სხვა, წმინდად მატერიალურ სიახლეებთან ერთად, ზუგდიდი მას უნდა უმადლოდეს იმ შესანიშნავი პარკის გაშენებას (სამწუხაროდ, დღეს მიტოვებულს), სადაც ყველა ბუნებრივი ზონიდან ჩამოტანილი მცენარეები და ყვავილები ველურად იზრდება და რომელიც ამ ტიპის პირველი ბაღია კავკასიაში.

აღმოსავლეთის ომის გაჩაღებისას, ექვსი კვირის დაქვრივებული დედოფალი ამ მხარეს რეგენტის როლში მართავდა საბჭოს დახმარებით, რომლის წევრებიც იყვნენ გიორგი და კონსტანტინე დადიანები და სამეგრელოს ეპისკოპისი. ზუგდიდი ამ ომისგან ძალიან დაზარალდა: თავდაპირველად რუსების მიერ ოკუპირებული, შემდეგ ის ომარ-ფაშას ჯარისკაცებმა დაიპყრეს, რომლებიც რვა თვის მანძილზე ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ. ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო, დედოფალი იძულებული გახდა შვილებთან ერთად თავშესაფარი მთის ხეობებში მოეძებნა. როდესაც უკუქცეული რუსული ჯარი შეტევაზე გადავიდა, გულადი ეკატერინე თავშესაფრიდან გამოვიდა, შეკრიბა მილიცია და მას სათავეში ჩაუდგა. ეს მისი ცხოვრების განსაკუთრებულად ღირსსახსოვარი ხანა იყო. ხანგრძლივი წვიმების პერიოდის – ნოემბრის დასასრული იდგა. ენგური ადიდებულიყო და უკვე 15 დღე იყო, რაც ვერავინ ბედავდა მასზე გადასვლას. რეგენტმა პირველმა გადაკვეთა უშიშრად მდინარე. ომი კიდევ 7 თვეს გრძელდებოდა და გლოვასა და ნგრევას ამრავლებდა. დასასრულს, დადიანების სასახლიდან მხოლოდ მბოლავი ნანგრევები დარჩა: ყველაფერი დარბეული იყო. სამეგრელო ამ ომში სამი წლის მანძილზე იყო ჩართული. საბოლოოდ, 1856 წლის 21 მარტს, ზავი გამოცხადდა. იმავე წლის აგვისტოში, რეგენტმა, სიტუაციის კარგად მართვის ნიშნად, ოფიციალური მიწვევა მიიღო მისი უდიდებულესობა ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად. შემდეგ, 1857 წელს, საიმპერატორო რესკრიპტის[1] თანახმად იგი სანქტ-პეტერბურგში მიიწვიეს მისი ვაჟებისთვის განათლების მისაცემად. ამ პერიოდიდან მან ძალაუფლებაზე უარი თქვა და მისი ვაჟის სრულწლოვანებამდე, იგი ახალ საბჭოს გადასცა. ათი წლის შემდეგ, 1867 წელს, დადიანთა უკანასკნელმა შთამომავალმა სუვერენიტეტზე მისი უფლება რუსეთს ერთი მილიონი რუბლის სანაცვლოდ გადასცა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანექსიის შემდეგ, ყოფილმა სამთავრომ წესრიგის, აყვავებისა და ცივილიზაციის თვალსაზრისით აშკარად მოიგო. სამაგიეროდ, ადგილობრივმა წეს-ჩვეულებებმა გარკვეულწილად დაკარგა თავდაპირველი თვითმყოფადობა. თუმცა კვლავ რჩება ჩვეულებები, რომლებზეც ყველა ერთგულად არის მიჯაჭვული და ერთი მათგანია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

წითელი პარასკევიდან ზუგდიდი ცოცხლება. მეზობელი სოფლებიდან უთენია ჩამოსულ გლეხებს ბაზრის მოედანზე საკუთარი ან სოფლის წარმოების პროდუქტები გამოაქვთ. ხეივანი, რომელიც სავაჭრო ფარდულებს მიუყვება, ჭრელი ხალხით ივსება – აქ ყველა ტიპისა და კლასის წარმომადგენლები ირევიან. აქეთ მეცხვარეა, რომელიც ბატკნების – შესაწირად გასუქებული მსხვერპლის – ფარასთან ერთად მოსულა; იქეთ ნეზვი თავის პატარებთან ერთად პირველობას ეცილება ქათმებსა და ინდაურებს, რომლებიც ასევე სააღდგომო სუფრისთვის არიან განკუთვნილნი. მოშორებით ერთმანეთზე დაზვინული უამრავი კვერცხი მოჩანს – ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი. კვერცხებს ლამაზი და საყვარელი ფეხშიშველი ბავშვი ყიდის. არანაკლებ ლამაზია მის გვერდით მდგარი დედა, რომელიც გაკორტნილ თმას თავზე შემოხვეული თეთრი თავსაფრით მალავს: ქალს თავისი მშვენიერი ნაწნავები მოუჭრია და ახლა მათ მუშტარს სთავაზობს, რათა სამაგიეროდ ის სამშვენისები შეიძინოს, რომლებსაც ადგილობრივი ქალები ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მოშორებით, ახალგაზრდა ქალთა ჯგუფია, რომელთაც წინ გაუფენიათ ყაბალახები – მათ მიერვე დართული და მოქსოვილი უხეში შალის კაპიუშონები. ნეტავ ვინ შეიძენს ამ ახალ მორთულობას, რომ მომდევნო კვირას თამაშას ცეკვის დროს გაიბრწყინოს?! მამაკაცები, ქალები, ბავშვები – ყველა ემზადება ამ გართობისთვის, რომელიც წლის პირველი სახალხო მეჯლისია.


პრინცი ანდრე დადიანი. ე. რონჟას ნახატი ფოტოს მიხედვით.

 

ცოტა სანახაობით თუ დავინტერესებულვარ ისე, როგორც ამ მშვენიერი ბაზრობით. კეთილშობილი დედოფლის თანხლებით, რომელიც ჩემი ჩიჩერონეც იყო და მეგზურიც, ცნობისმოყვარეობით შევერეოდი ხოლმე ყველა ჯგუფს. ქალები დედოფლის წინაშე იჩოქებდნენ და ღრმა პატივისცემით მკერდზე ეამბორებოდნენ, მაშინ, როდესაც მამაკაცები მის წინაშე ერთსულოვნად იხრიდნენ თავს. რა შესანიშნავი სიუჟეტია მხატვრის ტილოსთვის ეს ხალხი, რომელსაც თავს დასტრიალებს წარსულის პატივსაცემი მოგონება!

მომდევნო დღეს, შაბათს, პატარა ქალაქი ჩვეულ სიწყნარეს იბრუნებს. პროდუქტის გაყიდვის შემდეგ მეზობელი სოფლებისა და სამურზაყანოს მცხოვრებლები მთებს უბრუნდებიან მნიშვნელოვანი ტრაპეზის მოსამზადებლად, რომლის ძირითადი კერძები ბატკანი და გოჭი იქნება.

რელიგიური დღესასწაული შუაღამის სადღესასწაულო წირვით იხსნება. ეკლესიები სავსეა მორწმუნეებით. ქალების გვერდით, რომელთა უმრავლესობასაც თეთრი აცვია, მოიჩქარიან თავიანთ ყველაზე თვალწარმტაც ტანისამოსში გამოწყობილი მეგრელი მამაკაცები: უნდა ნახოთ თუ როგორ ბრწყინავს მათი იარაღი იმ უთვალავი სანთლის ალზე, რომლითაც განათებულია წმინდა ადგილი – აქ ხომ მაცხოვრის აღდგომით გამოწვეული სიხარულის ნიშნად ყოველ დამსწრეს თითო სანთელი უჭირავს ხელში. მას შემდეგ რაც მღვდელი წარმოთქვამს რიტუალურ ფრაზას ქრისტე აღდგა [Christe agdga], რომელსაც დამსწრენი გუნდურად პასუხობენ ჭეშმარიტად [Tschesmaridad], ყველა ერთმანეთს გადაეხვევა და მიულოცავს: მეგობრებიც და მტრებიც ერთმანეთს ლოყას უწვდიან და მშვიდობისა და ძმობის ნიშნად ერთმანეთს კოცნიან.

ზუგდიდი ძალიან პატარა ქალაქია და მისი სამი ეკლესიიდან ერთი დადიანებს ეკუთვნით. აღდგომის წინა ღამეს სწორედ ამ ეკლესიაში წამიყვანა დედოფალმა განსაკუთრებული საპარადე კარეტით[2], დიდი დახურული ოთხადგილიანი ეტლით, რომელიც, ისევე როგორც საოჯახო ლივრეა, ანტიკური ოქროს საწმისის ნიშნად ყვითლად არის შეღებილი. ტაძარი მართლაც ბრწყინვალე იყო. კვლავ ლამაზ დედოფალს ხშირ შავ თმაზე დიადემა ედგა და ევროპული მოდის მიხედვით დეკოლტირებული წითელი ხავერდის კაბა ეცვა. მარცხენა მხარზე ბრილიანტები უბრწყინავდა – რუსეთის იმპერატრიცას ვენზელი, მკერდზე კი გადადებული ჰქონდა ეკატერინე დიდის ორდენის ბაფთა. ძველი რეგენტის გვერდით მისი ოჯახის წევრებისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ამალა იყო. უმცროსი ვაჟი, უფლისწული ანდრე დადიანი, საიმპერატორო გვარდიის ჰუსართა ელეგანტურ უნიფორმას ატარებდა. ყოფილი დედოფლის გარშემო შეკრებილი მეგობრები და მსახურები ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები: ბევრს საგანგებოდ ჩაეცვა ჩოხა – გრძელი თეთრი ტანისამოსი, წელზე ვერცხლის მდიდრული ქამრით შემოჭერილი. მათი ტიპითა თუ თავდაჭერით შეუძლებელი იყო იმის თქმა, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე ლამაზი. მაგრამ ამ სცენის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც ყველანი დედოფლისკენ გაეშურნენ, რათა კოცნით ეხარებინათ ქრისტეს აღდგომა.


პრინცესა ეკატერინე დადიანი. ე. რონჟას ნახატი მადამ ლინცის მიერ მოწოდებული ლითოგრაფიის მიხედვით.

 

ძველად, ეკლესიიდან გამოსვლისას, საზეიმო პროცესიით მიდიოდნენ მთავრის სასახლეში, სადაც დილის 3 თუ 4 საათზე აღდგომის საუზმე იმართებოდა. დღეს ეს წესი მხოლოდ დედოფლის მეგობრებისა და ახლობლებისთვის არსებობს. მეც დამპატიჟეს ამ საზეიმო საუზმეზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კაპელანი[3] და მთავრის კარის ეკლესიის სხვა მღვდლები და სადაც სტუმრები, რიგ-რიგობით ან გუნდურად გალობდნენ უფლის აკლდამიდან გამოსვლის სადიდებლად. მსგავსი აღაპი ყველა მეგრულ ოჯახში გათენებამდე გრძელდება და მომდევნო დღის მანძილზე მაგიდა სტუმრებისთვის გაშლილი რჩება. ყოველი სტუმარი მილოცვით შემოდის ოჯახში და საერთოდ ლხინში მონაწილეობას იღებს. კვერცხების გაცვლას თან ახლავს ტრადიციული მისალმება: ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად! [Christe agdga! Tschesmaridad!]

შემდეგ იწყება სახალხო გართობა. მთელი დაბა თავს იყრის  მინდორზე, სადაც წოდების გარჩევის გარეშე ერთმანეთში ირევიან ეროვნული ცეკვის მონაწილეები და მაყურებლები. აქეთ, გრაციოზული ლეზგინკაა; იქეთ, აფხაზური, უფრო აჩქარებული ნაბიჯით. დამსწრეები სიმღერითა და ტაშით აგულიანებენ მოცეკვაცეებს და ამგვარად ქმნიან უცნაურ ორკესტრს, რომელიც მონოტონური რეფრენისა და ზომიერი ჟესტიდან უეცრად გადადის ველურ შეყვირებასა და თავშეუკავებელ ტაშის ცემაზე.

აქ მარტო მამაკაცი, ან მარტო ქალბატონი, ან ორივე ერთად, იძლევა ნიშანს. შემდეგ მამაკაცები და ქალები წრეში დგებიან. ქალები რიტმული ნაბიჯით, უხმოდ დადიან, მაშინ როდესაც მამაკაცები მღერიან და ხტუნავენ. მათ შორის მეტ-ნაკლებად გონებამახვილი დიალოგი იმართება, ბრბოს ყიჟინისა და წამოძახილების თანხლებით. ამ ხალხში, რომელსაც არისტოკრატულ მანერებთან ერთად ერთგვარი ბუნებრივი სიცხოველე აქვს, ცეცხლოვანი მოსაუბრეების ნახვა ხშირია. თამაშას ამგვარი შეკრებები, რომელიც აღდგომის კვირას იწყება და სამ დღეს გრძელდება, მთელი ზაფხულის მანძილზე, აბრეშუმის მოსავლის აღებამდე, ყოველკვირეულად იმართება.

ცეკვებს თან ერთვის gentlemen riders-ის[4] ღირსი ჯირითი. მამაკაცებს ეროვნული ტანსაცმელი აცვიათ თავზე ელეგანტურად შემოხვეული ან დაფენილი ყაბალახით; ქალებს, პირიქით, ევროპულ ყაიდაზე აცვიათ, ზოგჯერ ყველაზე სასაცილო და მათი სილამაზის საზიანო ფასონზე.

ზუგდიდის ბაზარში. პრიანიშნიკოვის კომპოზიცია ფოტოების მიხედვით.

 

თამაშას მოცეკვავეებს შორის რამდენიმე სვანი მოჩანს, რომლებიც მთავრის ოჯახის მცველები არიან. მათი საბრძოლო ცეკვას, რომელსაც ხან ორი ასრულებს, ხან კი ფერხულში ჩამდგარი რამდენიმე მოცეკვავე, ის განსაკუთრებულობა ახასიათებს, რომ თან ერთვის შესაბრალისი შეძახილი. ეს მთიელები განსაცვიფრებელ სიმკვირცხლეს ავლენენ და თითის წვერებზე დაუღალავად ცეკვავენ.

მათი ტიპი განსხვავდება მეგრელთა ტიპისგან და გერმანელებისას გვაგონებს. ტანსაცმელიც განსხვავებული აქვთ. მათი ნაბდის ქუდი ძველ ფრიგიულ ქუდს ჰგავს. ქალებს გრძელი პერანგი აცვიათ, ზემოდან კი ვერცხლის კაუჭებით შეკრული შემოსაცმელი; შარვლის მაგივრად პაჭიჭს [patidji] ატარებენ. მათ მორთულობას ასრულებს წითელი ტარსიკონის[5] ფეხსაცმელი და თეთრი მანდილი [tzougeli]. ერთი სიტყვით, თამაშას სანახაობას, რომელსაც წესებისა და ჩვეულებების თავისებურებები ერთვის თან, შუასაუკუნეებსა და ფეოდალურ ეპოქაში გადავყავართ.

თამაშას სამი დღის მანძილზე დედოფალი თავაზიანად გამიძღვა ყველგან – ამჯერად არა დიდი კარეტით, არამედ საამო ვიქტორიათი[6]. ევროპაში ხანგრძლივად ყოფნამ იგი თანამედროვე ცხოვრების ყველა ელეგანტურობას აზიარა, რომლის ინსტინქტი და გემოვნება მას ყოველთვის ჰქონდა. ამ დღესასწაულების დრო დილა ვიზიტებს ეთმობა. ის დროებითი სახლი (მისი ბარაკი[7], როგორც იგი უწოდებდა), სადაც იგი ცხოვრობდა სასახლის მშენებლობის დასრულების მოლოდინში, სავსე იყო ზუგდიდიდან და მახლობელი ადგილებიდან მოსული ხალხით. დედოფალთან უსაჩუქროდ არავინ მიდიოდა: ეს შეიძლება ყოფილიყო ბატკანი, რძის ნაწარმი ან სხვა უბრალო ძღვენი – ის, რაც აქაურს აქვს ყველაზე ძვირფასი.


 ენგურის ხეობა. ტეილორის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.

 

 

VI

გაზაფხული სამეგრელოში. – რუხის ციხე და ენგურის ხეობა. – ტელეგრაფის ბოძი. – პეიზაჟი და ნახატები. – მეგრული ფერმა: ძირითადი შენობა; ინტერიერი; დამხმარე ნაგებობები; ბეღელი და მარანი; საქონლის სადგომი; სასოფლო-სამეურნეო იარაღები.

 

ზუგდიდში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ ტფილისში დასაბრუნებლად ვემზადებოდი, როდესაც დედოფალმა ეკატერინემ შემაჩერა და მისი თანხლებით რამდენიმე ექსკურსია შემომთავაზა, რომ მეგრელი გლეხების ცხოვრების ნირის შესწავლა ამგვარად დამესრულებინა.

განახლების ამ სეზონზე, როდესაც ბუნება მისი ხანგრძლივი გარინდებული მდგომარეობიდან გამოდის, სამეგრელოს მიწა გაცოცხლებულ ნორჩ მცენარეულობას წარმოგვიჩენს. სულ რამდენიმე დღეში, მზის პირველი სხივების ქვეშ, მცენარეები და ყვავილები ერთმანეთს დაასწრებენ გაფურჩქვნას. ზუგდიდი წარმტაც ბაღად იქცევა. უზარმაზარი აკაციები თეთრი ყვავილების მომხიბვლავი კუნწულებით ირთვება და მათი სურნელი ჰაერში ვრცელდება. მუქი ყვითელი ფერის ველური იელი ისე უხვად იშლება დაბლობში, რომ ამ ოქროსფერი მინდვრების შორიდან დანახვისას ის ოქროს საწმისი გვახსენდება, რომელმაც ოდესღაც ასე გაუთქვა სახელი ამ ქვეყანას[8].

ენგური სამეგრელოს ჰყოფს სამურზაყანოსგან – პროვინციისგან, რომელსაც ძველად დადიანები და აფხაზი მთავრები ერთმანეთს ეცილებოდნენ და რომელიც რუსებმა მიითვისეს ცნობილი იგავის მოსამართლის მსგავსად, რომელმაც ორივე მოწინააღმდეგე პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

შერეული მოსახლეობით დასახლებული სამურზაყანო, სადაც ძარცვა ფესვგადგმული ჩვევაა, სამხედრო ხელმძღვანელობის ქვეშ არის და მუდმივ საალყო მდგომარეობას ექვემდებარება. რუსებმა გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ცივილიზაცია შეეტანათ პროგრესისადმი ურჩ კუთხეში. ენგურის ნაპირზე მოჩანს რუხის ციხე, რომელიც პირველმა დადიანებმა აფხაზებისგან თავის დასაცავად ააშენეს. მრავალჯერ დანგრეული ციხე აღადგინეს, როგორც აქ ამბობენ, გიორგი ლიპარტიანის მთავრობის დროს; იგი მეორე დინასტიის სუვერენი იყო, რომელიც 1700 წელს მეფობდა. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის დღეს არის, ეს ციხესიმაგრე მხოლოდ დეკორია ამ პეიზაჟში, რაც მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს.

ენგური რუხს ათანგელას ციხისგან გამოჰყოფს, რომელიც დადიანების უძველესი რეზიდენციაა. დასავლეთით გაშლილია დიდი დაბლობი Pargali Etseri, ანუ კომპასის დაბლობი, რომელსაც ეს სახელი თავისი ფორმის გამო ეწოდა. დაბლობი გრძელდება გუდავამდე, რომელიც სამურზაყანოსთვის შავ ზღვაზე გასასვლელია და სადაც ტყვეებით –ძირითადად სამეგრელოში მოტაცებული ქალებით – ვაჭრობდნენ. ამჟამად აქედან მხოლოდ სიმინდის ექსპორტი ხდება. მოშორებით, აღმოსავლეთით, იმ ხეობიდან გამოსასვლელი მოჩანს, საიდანაც ენგური სადადიანო სვანეთიდან გამოედინება. ეს პეიზაჟი არა მხოლოდ მთლიანობაში არის შესანიშნავი, არამედ, საითკენაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან გამოარჩევთ გასაოცრად თვალწარმტაც დეტალებს ადამიანისგან უყურადღებოდ მიტოვებულ და ბუნებისგან უხვად დაჯილდოვებულ ამ მხარეში!

ზუგდიდიდან მომავალი გზა რუხის მახლობლად ორად იტოტება. გვერდითა განშტოებას სვანეთისკენ მივყავართ სოფელ ჯვარზე გავლით, სადაც ისევ ცხოვრობს უმცროს დადიანთა – ბატონიშვილთა – შტო.

რუხიდან სამი ვერსის მანძილზე მდებარეობს სოფელი კორცხელი, რომელიც მმართველმა მთავრებმა, საკუთარი ცოდვების შესანდობრად, იერუსალიმის წმინდა საფლავის ტაძარს გადასცეს. აქაურ მონასტერში ბერძენი არქიმანდრიტი ცხოვრობდა და შეგროვებულ შემოწირულობას რეგულარულად აგზავნიდა წმინდა მიწაზე.

კერძო საკუთრების ყველა უფლება დღეს რუსეთს ეკუთვნის; სანახევროდ პირველყოფილი ჩვეულებებისა და იმ განუვითარებელი იარაღების მიუხედავად, რომლითაც ადგილობრივი გლეხი მიწას ამუშავებს, ცივილიზაციამ, თავისი გასაოცარი და ძლიერი მანქანების მეშვეობით, აქ დიდი გარღვევა მოახდინა.

ინდურ-ბრიტანული ტელეგრაფი, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის, მდინარე ენგურს რუხის ძველი ციხის ახლოს, ერთმანეთისგან ერთი ვერსით (3 500 ფუტი) დაშორებული ორი ბოძის საშუალებით კვეთს. მდინარის მარცხენა ნაპირზე, ძველ ციხესიმაგრესთან აღმართული ბოძი სიმაღლეში სულ მცირე 112 ფუტი იქნება და მსოფლიოში ალბათ ერთადერთია ასეთი. იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ ის გაუთავებელი უბედური შემთხვევები, რასაც წყალდიდობების სეზონზე ენგურის შმაგი დინების მიერ ზედა ხეობიდან ჩამოტანილი მორების ბოძთან შეჯახება იწვევდა, იძულებულები იყვნენ ამ სიმაღლის ბოძი აღემართათ. ამ გიგანტური ბოძის აღმართვა ისეთ მხარეში, სადაც მანქანების გამოყენება არ იციან, შეიძლება ნამდვილ სასწაულად მივიჩნიოთ. როგორც ამბობენ, ამ იდეის ავტორი ტელეგრაფის მომსახურების კონტროლიორი ბატონი ჟივკოვიჩია [Jifcovitch]. ზღვის დონიდან სიმაღლესა და მანძილს თუ გავითვალისწინებთ, ერთი ნაპირიდან მეორეზე გამავალი სადენები, მკვეთრად გამოხატულ მრუდს ქმნის.

მდინარის მაღალ ნაპირზე, ციხესიმაგრის ნანგრევების ძირში, სოფლის მცხოვრებთა სახლები შეჯგუფულა. აქაური კეთილდღეობა დიდ კონტრასტს ქმნის ამ მხარეში სოფლების უმრავლესობის ღარიბულ შესახედაობასთან. საქმე იმაშია, რომ ზუგდიდის ეს მეზობელი სოფელი მის შედარებით უკეთეს მდგომარეობას მდიდარი თავადის ბრძნულ მართვას უნდა უმადლოდეს, რომელიც გლეხს სულს არ ხდის და მას გადასახადებით არ ამძიმებს. ეს მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს სამეგრელოს ხელმოკლე, მცირე მემამულეებისთვის, რომლებიც გლეხების შრომის სპეკულაციას ეწევიან და მათ მონებივით ექცევიან. ამასთანავე, იმის მაგივრად, რომ სიბრალული ან ზიზღი გამოიწვიოს, ამ მაზრის სოფლის სახლები განსაკუთრებული სისუფთავითა და კომფორტით გამოირჩევა. ეზო შემოღობილია ხის, 5-6 ფუტის სიგრძის, სიგრძეზე გაპობილი და ჰორიზონტალურად დაწყობილი მსხვილი ვარჯების ღობით, რომლებსაც იჭერს X ფორმით ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხიმინჯები. ეზოშია სხვადასხვა საცხოვრებელი და მოსავლის დასაბინავებელი ნაგებობა. კარგად მოვლილ ბალახზე მოჩანს ალუბლის, მსხლისა და თუთის ძლიერი ხეები, რომლებზეც გაშვებული ვაზი ერთი ტოტიდან მეორეზე გადადის და მომხიბვლელ ხშირ მწვანე ტალავერს ქმნის. მეპატრონის სახლი ეზოს შუაში დგას.

6-7 მეტრის ფართობის სახლს გარშემო შემოუყვება ვერანდა, რომელიც სახლის დამცავ ჩარდახს ქმნის და კედლების წვიმით დასველებას ხელს უშლის. კარგი ამინდის დროს, ეს აივანი-გალერეა ოჯახის საყვარელი ადგილია, ხოლო აბრეშუმის მოსავლის აღებისას, როდესაც სახლის მთლიანი შიდა სივრცე ჭიის პარკებს აქვს დათმობილი, იგი შეკრების ერთადერთი ადგილიც კი ხდება. ამგვარი ვერანდები ელეგანტურ იერს აძლევს ამ ხის პატარა სახლებს, რომელთა კედლებიც აშენებულია ორივე ბოლოში გაბრტყელებული და ერთმანეთში ჩასმული მორებით. სახურავი, რომელიც განივ კოჭებზე დგას, კედლებზე 1 მეტრზეა გადმოშვერილი. სახლი გამძლე ისლით არის გადახურული, რომელიც წყალგაუმტარ, თანაბარ გადახურვას ქმნის და სითბოს ინარჩუნებს. ამგვარ სახლებში ფანჯრები არ არის; მათ მაგივრობას ორი, ერთმანეთის პირისპირ მოთავსებული კარი წევს. შიდა სივრცე ორ ნაწილად არის გაყოფილი; უკანა ნაწილი, რომელსაც თავისი ცალკე გასასვლელი აქვს და წინას უერთდება, გამოიყენება ახალგაზრდა საქონლის თავშესაფრად, რომელსაც აქ ცხოველების ქურდებისგან იცავენ. ამ მხარეში ეს ხელობა გავრცელებულია, მით უმეტეს, რომ აქ ბოსლები არ არსებობს და საქონელი დღეც და ღამეც თავის ნებაზეა მინდვრებში მიშვებული. ასე რომ, ცნობილ ანდაზას თუ დავესესხებით, ადამიანს ქურდად ხელსაყრელი შემთხვევა აქცევს.

სახლის შიგნით სახურავის დაქანება ნაგებობის სიგანის ერთი მეოთხედია; ცენტრში, რამდენიმე ფიცრით შეკრულ ორ განივ კოჭზე დამაგრებულია რკინის კაუჭი, რომელსაც სურვილისამებრ აგრძელებენ და ზედ საჭმლის მოსამზადებლად თუჯის კარდალას კიდებენ. კერა წარმოადგენს გრძელ ქვას, რომელზეც შეშას აწყობენ: ეს არის მეგრელი გლეხის „ცეცხლის კუთხე“. ავეჯი შედგება კედლების გასწვრივ მოთავსებული ხის მერხებისგან, რომელიც იშვიათად არის გაწყობილი ხალიჩებითა და მუთაქებით. ამ სოფლებში ლოგინი ოჯახისთვის ფუფუნების საგანია. პატარძალს მზითვში მოაქვს ლეიბების, ბალიშებისა და საბნების საკმაოდ დიდი რაოდენობა – ყველაფერი მისი შეკერილია და თან ისეთი გულმოდგინებით, რომ ეს ნივთები მისაბაძად გამოდგებოდა იმ უამრავი ადგილობრივი დიდგვაროვანი ქალისთვის, რომელთაც ხშირად მხოლოდ ძონძები გააჩნიათ.

დღის განმავლობაში ღარიბთა ეს სიმდიდრე კუთხეში ერთმანეთზეა დაზვინული და გადასაფარებელს მიღმა დამალული; ღამით კი საერთო ოთახი საძინებლად იქცევა, რომელშიც ოჯახის ყველა წევრი, ასაკისა და სქესის მიუხედავად, ერთად თავსდება და იძინებს. კარადა და ავეჯი აქ არ იციან: მათ მაგივრად ხის ზანდუკებს ხმარობენ, რომლებიც ასევე მზითვის ნაწილია. კედლებზე გაბმული თოკები საკიდების მოვალეობას ასრულებს. აქ არეულად ჩამოუკიდიათ ყველაზე შეუსაბამო ნივთები, მაგალითად ჩონგური უზარმაზარი შაშხის გვერდით. თუმცა კი მათ შორის კავშირი არც ისე უცნაურია, როგორიც შეიძლება მოგვეჩვენოს, რადგან ჩვეულებრივ ერთიც და მეორეც ერთდროულად პოულობს გამოყენებას: აქ არ არსებობს დღესასწაული ჩონგურის თანხლების გარეშე, ისევე როგორც სადილი შაშხით გამასპინძლების გარეშე.

ეზოში ძირითადი ნაგებობის გარდა შვიდი განსხვავებული შენობაა.

ფაცხა განკუთვნილია ახალდაქორწინებულთათვის და უცხოებისთვის: ეს პატარა სახლია, თხილის წნელების ცხაურისგან გაკეთებული, რომელიც ბათქაშის მაგვარად გვიმრის ერთი ჰორიზონტალური ფენით არის დაფარული.

მაღაზაში სიმინდის ტაროს ინახავენ. ის 6 ფუტის სიმაღლის ოთხ ბოძზეა შემდგარი და ისლის სახურავი აქვს. მეორე ფარდულში (ბეღელი) ძნებად შეკრულ ღომს ინახავენ. მარხვის დღეებში, რომლებიც აქ ხშირია, ღომი და სიმინდი, ლობიოსთან ერთად, ძირითადი საჭმელია, ხოლო ხსნილისას კი ღორის ხორცი.

მარანი სადაც მზადდება და ინახება ღვინო, ოთხკუთხა სივრცეა ისლის სახურავითა და ლასტის კედლებით. კედლების გასწვრივ აწყვია გულამოღებული ხეები, რომლებიც როფის მოვალეობას ასრულებენ[9]. ჭერში კიდია ხელოვანის ხელით დაწნული დიდი გოდრები, რომლებიც ყურძნის გადასატანად გამოიყენება. ყურძენს ხის მორებში ფეხით ჭყლეტენ: აქ რამდენიმე ადამიანი ერთად დგება ფეხების ბაკუნით, ცეკვით, სიმღერითა და შეძახილებით. სამეგრელოში ასეთი წესია, რომ ყველანაირ სამუშაოს, რაც საერთო ძალებით კეთდება, თან უნდა ახლდეს ხმაურიანი შეძახილები.

მარნის იატაკზე სხვადასხვა ზომის ნახვრეტებია, რომლებშიც დაფლულია თიხის ჭურჭლები, სადაც ყურძნის წვენს გამოწურვისთანავე ასხამენ. შემდეგ ამ ნახვრეტებს ალუბლის ხის ქერქით ან ბრტყელი ქვით ფარავენ, რომელიც ჭურჭლის პირს ეკვრის; ჰერმეტულად დასახურად მათ სამექოთნეო თიხით შემოგლისავენ. ამ ჭურჭელს, რომელიც ძალიან ჰგავს ანტიკურ ამფორებს, საჭიროებისამებრ ხსნიან და ღვინოს ჩამჩის ფორმის ჯოხისტარიანი გოგრის (ხრიკა) საშუალებით იღებენ. არაფერია იმაზე პრიმიტიული, ვიდრე ამ მოწყობილობის მთლიანობა, რომელიც გეგონებათ ნოეს დროინდელიაო.

ეზოს კიდევ ერთი აუცილებელი ნაგებობაა მარაკა, თხისა და ცხვრის შემაღლებული სადგომი: ისინი იქ კიბით აჰყავთ მტაცებელი ცხოველებისგან დასაცავად.

საქათმე [Sakatnio] მიწაზე დამაგრებული დიდი მოწნული კალათაა, ღამით საგულდაგულოდ დახურული დასაძინებელი ადგილი, სადაც ტურებისგან დაცულ ქათმებს სძინავთ.

და ბოლოს ჯარგვალი, ერთგვარი საკუჭნაო, სახელოსნო და საერთო ოთახი, სადაც სამუშაო იარაღები ინახება და სადაც ყველანი ერთად იკრიბებიან – კაცები, ქალები, ბავშვები, ცხოველები და ყოველი მათგანი იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება.

მეგრული გუთანი მარტივი ფორმისაა: იგი შედგება ხის ჰორიზონტალური ნაჭრისგან, რომელიც მოხრილია მახვილი კუთხით და რომელზეც მორგებულია ხელის მტევნის ზომის რკინის ნაჭერი; დაგრეხილი ხის ტოტი არის რვილი, რომელშიც შებმულია წყვილი ხარი ან კამეჩი. მათ არავინ მიუძღვის. კაცი გუთანს უკან მიჰყვება, მას მიმართულებას აძლევს და ხელით ასწორებს რკინის ნაჭერს, რომელმაც ხნული უნდა გაიყვანოს. ვინაიდან ამგვარად სახნისი მიწაში ღრმად არ ჩადის, ხომ არ არის სახნავ მიწაზე მოყვანილი მოსავლიანობა კავშირში ამ ძირითადად პრიმიტიულ ხვნის წესთან?

მეგრული გუთანი. პრიანიშნიკოვის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.

 

VII

საპატიო უფლისწული და მისი ამალა. – სოფელი ნიკოსია [Nicoscia] და მისი მცხოვრებლები. – ადგილობრივი წარმოება. – მეგრელი ქალი და მისი ნიფხავი. – გამასპინძლება. – ჩონგურის ხმებზე. – აკვნის გავლენა. – კავალკადა ჩემს საპატივცემულოდ. – სამეგრელოსთან გამოთხოვება.

 

ეს ექსკურსიები, რომლებზეც დედოფალთან ერთად დავდიოდი, შუა საუკუნეების ძველებური ციხედარბაზის მფლობელის საკუთარი მიწების მოსანახულებლად მოგზაურობას მაგონებდა. ყველგან გვხვდებოდნენ მისალმებით, მუხლმოყრითა და პატივისცემის ისეთი ნიშნებით, რაც ვასალს სუზერენისადმი მართებს. როგორც უკვე ვთქვი, მეგრელებმა, განსაკუთრებით კი ზუგდიდის მაზრის მცხოვრებლებმა, ფეოდალური ეპოქიდან შეინარჩუნეს ჩვევები და შეგნება, რომელთა აღმოფხვრაც ახალ პოლიტიკურ წყობას ძალიან გაუჭირდება. ბატონის პატივისცემა ძველ ჩვეულებებს შორის ყველაზე მტკიცეა. იგივე ნიუანსი შეიმჩნევა მთავრებსა  და აზნაურებს შორის ურთიერთობაში; პირველნი კვლავ იღებენ მეორეთაგან პატივისცემის ნიშანს, რომელიც გამოწვეულია წოდების პრეროგატივითა და ფესვგადგმული ჩვეულებით.

ამ მხარეში ასეთივე დამოკიდებულება აქვთ უფლისწულ ნიკოლოზ მინგრელსკისადმი [Nicolas de Mingrélie]. მიუხედავად იმისა, რომ იგი უბრალო მემამულეა და ასევეა აღიარებული ადგილობრივთაგან, მაინც ისე ექცევიან, როგორც ძველ სუვერენთა შთამომავალს. მას არ დაჰყვება თავისი ამალა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მისი აქ ჩამოსვლა მის გარშემო კრებს დიდძალ თავადებსა და აზნაურებს, რომელთაგან ყველას აქვთ თავისი ფუნქცია, თანამდებობა, რომელიც გარდასულ დღეებს გვახსენებს. ერთნი მასთან მსახურობენ წინაპართა ღირსების ხსოვნისათვის, მეორენი კი მას დაჰყვებიან როგორც ნადირობის, გართობისა და დღესასწაულების თანამგზავრები. თუმცა კი სიმართლეა, რომ მათი მხრიდან ეს ნებაყოფლობითი ხელქვეითობა სრულებით უანგარო არ არის. მუხედავად იმისა, რომ ეს აზნაურები არ იღებენ ჯამაგირს მათი სამსახურისთვის, როგორც მეჯინიბეთუხუცესი, ან მონადირეთუხუცესი, სამაგიეროდ მათი ერთგულება არანაკლებ არის დაფასებული ვერცხლითა და სხვა საჩუქრებით.

უფლისწულის გარშემო მისი მხლებლები ძირითად გორდში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში იყრიან თავს. ესენი არიან მონადირეები, მომღერლები, მოცეკვავეები, იმპროვიზატორები და მასხარებიც კი; კეთილშობილი მეგრელი, რომელიც ძირითადად გონებამახვილი და ენამოსწრებულია, ადვილად ირგებს ყველა იმ როლს, რომელიც შუასაუკუნეების სამეფო კარზე იყო მიღებული. სამღვდელოებასაც აქვს თავისი ადგილი მემამულის ამ გარემოცვაში, ვინაიდან ოჯახს ყოველ თავის მამულში თავისი სასულიერო პირები ჰყავს. თუმცა კი ნათელია, რომ დროთა განმავლობაში, ეს ნახევრად ფეოდალური ჩვეულებები, იმ ეპოქის ნარჩენები, რომელთა მოგონებაც კვლავ ცოცხალია გონებაში, წაუშლელი ვერ დარჩება.

მეგრული სახლი ნიკოსიაში. პრიანიშნიკოვის ნახატი ფოტოების მიხედვით.

 

ზუგდიდსა და რუხის ციხეს შორის, უფლისწულის სატყეო მიწების მახლობლად, მდებარეობს სოფელი, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. რამდენიმე წლის წინ გაშენებულ სოფელს მისი დამფუძნებლის სახელი დაარქვეს – ნიკოსია (ნიკოლოზი). მოსახლეობა მოიყვანეს სალხინოდან, უნაყოფო ადგილიდან, რომლის მიწაც ძლივს კვებავდა ადგილობრივებს. ეს სოფელი დაარსებულია როგორც სამურზაყანოელების შემოსევებისგან თავის დასაცავი ზღუდე და ერთადერთია სამეგრელოში, რომელიც ევროპულ დაბას ჰგავს.

იმის მაგივრად რომ მიმოფანტული იყოს, სახლები აქ აგლომერაციას ქმნიან და მცირე სასოფლო ცენტრის გეგმაზე არიან ჩამწკრივებულნი. ნიკოსია უკვე 145 ოჯახს ითვლის, რაც დაახლოებით 700 სულს უდრის. საიჯარო გადასახადად მოსახლეები მფლობელს მოსავლის დაახლოებით მეოთხედს უხდიან. მათ მიერვე აშენებული სახლები მათვე ეკუთვნით; ეზოსთვის, რომელშიც ეს სახლები მდებარეობს, ისინი წლიური გადასახადის სახით 3 რუბლს იხდიან. ეს ახალმოსახლეები გარშემო მინდვრებს ამუშავებენ, სადაც სიმინდი და ღომი უხვად იზრდება, თუმცა მებაღჩეობა მათთვის სრულიად უცნობია; იმ მდელოზე, რომელიც მათ სახლებს გარს აკრავს ვერ ვხედავთ ვერც ყვავილებს და ვერც ბოსტნეულს; ყვავილების რამდენიმე ბუჩქი, მხოლოდ ბუნების დამსახურებაა.

ჩვენ ვნახეთ, რომ სამეგრელოს მიწაზე მოყვანილ კულტურებს შორის ბამბასაც უჭირავს ადგილი. ადგილობრივები, რომლებსაც კვლავ გავიმეორებ, არანაირი მანქანები არ აქვთ, ზოგ შემთხევაში მშვენივრად ახერხებენ მოხერხებული სამუშაო იარაღების დამზადებას: ასეთია მაგალითად ხელსაწყო, რომელსაც ბამბის კურკების დასაცლელად იყენებენ[10]. ეს ხის მარტივი ჩარჩოა, რომელზეც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ორი ცილინდრია მიმაგრებული: ბავშვის სათამაშოს ჰგავს, რომელიც შესანიშნავად მუშაობს. ამ ბამბისგან გლეხის ქალები აკეთებენ ლამაზ ნაჭრებს, ხელის ტილოებს და სხვ. ისინი ასევე ართავენ შალს, მისგან აკეთებენ უხეშ ფლანელს (ჩოხა) მამაკაცის ტანისამოსისთვის, ასევე, ისინი ამზადებენ ერთგვარ სქელ თექას, ცალი მხრიდან გრძელი ბეწვით, რომელიც მოსასხამად გამოიყენება და ბურკა[11] ეწოდება.

მეგრელი გლეხის ქალები უფრო მეტს მუშაობენ ვიდრე მამაკაცები, თუმცა მძიმე სამუშაოს არ ასრულებენ და არც სოფლური იერი არ აქვთ. კეთილშობილება მათში თანდაყოლილია. ისინი გრძელ ქვედაკაბებს გასაოცარი თავისუფლებით ატარებენ და თავს ძალიან ელეგანტურად იბურავენ ვუალით. თითქმის ყველას აცვია კოჭებამდე ჩამოშვებული ფერადი შარვალი: ეს მათთვის ტანისამოსის უმთავრესი და ყველაზე მეტად დაფასებული ნაწილია, იმდენად, რომ სიტყვა უნიფხოს ისინი სალანძღავად იყენებენ რუსი ქალების მიმართ, რომელთაც ამგვარი ჩასაცმელი საჭიროდ არ მიაჩნიათ. ქალები მას ღამითაც არ იხდიან და ძვირფასი ნივთების შესანახ ერთგვარდ ტომსიკად აქცევენ: მის სარტყელზე განსაკუთრებით ძვირფას ნივთებს ამაგრებენ.

მივუბრუნდეთ ნიკოსიას, სადაც ადგილობრივებმა ყველა მეგრელისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარე სიმკვირცხლით ისეთი დღესასწაული მომიწყვეს, რომელსაც არაფერი აკლდა. ბუნებრივია ყველაფერი საჭმლით დაიწყო, სადაც ფიგურირებდა დიდებული ინდაური, რომლის ბუმბულიც ჩემი მასპინძელი გლეხის ეზოს მოსართავი იყო. ამ მხარეში შინაურ ფრინველს უცბად კლავენ: ჯოხის დარტყმა და ფრინველი გაპუტული, გატრუსული და მომზადებულია. როდესაც ის ოხშივარადენილი სუფრასთან შემოაქვთ, მისი დანაწევრების პატივი ოჯახის უფროსს ერგება წილად. ვინაიდან მან ამ ოპერაციის ჩატარებისას მხოლოდ თითებით უნდა იმოქმედოს, ხელის დასაბანად დოქით წყალი და პირსახოცი შემოაქვთ. შემდეგ იგივე დოქსა და პირსახოცს დამსწრე საზოგადოებისთვისაც ჩამოატარებენ.

სუფრა სახლის აივანზე იშლება. საპატიო კერძის, ინდაურის, გვერდით არის ღორის ხორცი და ღომი, რომლის ფაფასავით მოხარშული მარცვალიც აქ პურის მაგივრობას სწევს. საწებელი ყველაფერს უხდება და გასაგიჟებელი გემო აქვს. საქმე იმაშია, რომ ინდაურის ნახარშში ჩამატებულია ქორფა მწვანე ხახვის ღეროები, ოხრახუში და ბევრი მაგრად მოხარშული და წვრილად დაკეპილი კვერცხი. საჭმელს ადგილობრივ ღვინო იზაბელას ვაყოლებთ, რომლის არომატი მკვდარსაც კი გააცოცხლებდა. რაც შეეხება ჭიქებს, მეგრელები მათ არაფრად აგდებენ: ისინი ზედმეტად ყოჩაღი მსმელები არიან იმისთვის, რომ ეს ცეროდენა სასმისი გამოიყენონ; მათ განსხვავებული ზომის ქილები სჭირდებათ, ისეთები როგორებიცაა, კულა (ეს შეიძლება გრძელყელიანი დიდი ბოთლი ან გოგრა იყოს), კოვზები, რომელსაც ქვაბს უწოდებენ, ან ცხოველის რქები. ყოველი ასეთი ჭურჭელი ერთ ან რამდენიმე ბოთლს იტევს, და ერთ ჯერზე უნდა გამოიცალოს. სირცხვილი მას, ვინც იგივე სამმისს ორჯერ მიუბრუნდება!

ნიკოსიის ამ დღესასწაულზე შემთხვევით ერთი და მხოლოდ ერთადერთი ჭიქა აღმოჩნდა, რომელმაც მთელი მაგიდა მოიარა. ამის გამო ღვინო ნაკლებად კარგი არ მომჩვენებია. შევეჩვიე ამ მეგრული ნექტარის დალევას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან ტფილისელმა ექიმმა დამარწმუნა, რომ კავკასიური ვაზის წვენი ადგილობრივი ციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება იყო.

მაგიდა უკვე აიღეს და ანთებული ნაფოტისა და აუცილებელი პაპიროსის მოტანამდე, დოქი და პირსახოცი ხელახლა შემოაქვთ. საპნად ხმარობენ ღომს, მეგრულად დამზადებულ ერთგვარ მარციპანს, საიდანაც ხეირის ნახვა ჩვენს ევროპელ პარფიუმერებსაც შეუძლიათ.

ამავე დღეს, სუფრის ალაგების შემდეგ, ეზო სოფლის ქალებითა და კაცებით გაივსო, რომელთაც ოჯახის დიასახლისმა დაუძახა, რათა ჩემთვის ჩონგურის თანხლებით თამაშა ეჩვენებინათ. ყველა გლეხი, ქალი იქნება თუ კაცი, საუცხოოდ და არტისტულად ცეკვავს. რაც შეეხება სიმღერებს, ყველა სიმღერა მონოტონური იყო და მრავალხმიანობით არ ბწყინავდა.

ეს ლამაზი მოცეკვავე ხალხი, სრულებით არ არის მუსიკოსი. მიუხედავად ამისა, ეს მკვნესავი ჰარმონია მხოლოდ მოთენთილობას არ შთაგვაგონებს, რომლისგანაც თვით უცხოელსაც კი უჭირს თავის დაცვა. ჩონგური თავისი მელოდიური ჟღერადობით, რომელსაც თან ერთვის მომღერლის ხმა, მისტიკურ გავლენას ახდენს ავადმყოფზე და მის წუხილს აყუჩებს. ციებით შეპყრობილი არაერთი უძილო სნეული პოულობს მოსვენებას ამ მელოდიის მომადუნებელ რწევაზე. ხან დედა აძინებს ამგვარად შვილს, ხან კი საცოლეს მოგვრის საქმროს თვალებზე რულს. მოკლედ რომ ვთქვათ, არ არსებობს სახლი, სადაც ამ პოეტურ ინსტრუმენტს, ჩონგურს ვერ შეხვდებით. მახსოვს რომ გუნდად მომღერალი გლეხი ქალების, დამათრობელი სიმღერის ხმაზე, რომელშიც მარცვლები ნი, ნა, ნი მეორდება და რომლის ბოლო ბგერებიც ამოსუნთქვას მიჰყვება, ჩამეძინა კიდევაც.

რადგან ძილი ვახსენე, დროა აღვწერო ის ორიგინალური საწოლი, რომელშიც აქ ბავშვებს აწვენენ. მას აკვანი [ankarani] ეწოდება და შედგება ორი ფიცრისგან, რომლებიც თავის მხარეს მთლიან კიდეს ეყრდნობა. იგი გაწყობილია ბალიშით, ლეიბით და დაბამბული საბნით, რომელიც კისერთან ისეა ამოჭრილი, რომ მხრები თავისუფლად იყოს. ლეიბის შუაში დატოვებული ნახვრეტში ათავსებენ 25 სმ სიგრძის ლერწამს, რომლის ზედა ნაწილიც ბავშვის სქესის მიხედვით სხვადასხვაგვარად არის ამოჭრილი. ლეიბზე კიდევ ერთი გადასაფარებელი ჰიგიენისთვის არის განკუთვნილი. ტილოს ნაჭერი, რომლის ორივე ბოლოზე ჯოხებია დაკრული, ხელს უშლის დატყვევებული ბავშვს ფეხების ქნევაში ისე, რომ მისი კიდურების განვითარებას არ ავნოს. სწორედ აკვნების ამ სისტემას მიაკუთვნებენ, ამ ქვეყანაში, რასის ლამაზ აღნაგობას და გონჯების თითქმის სრულ არყოფნას.

გასაოცარი ნიჭით დაჯილდოებული გლეხები, საჭიროების შემთხვევაში, მჭევრმეტყველებიც არიან. ამის მაგალითი ის კომპლიმენტია, რომელიც ნიკოსიელმა გლეხმა მითხრა: „უცხოელო, გესალმები როგორც ქალს, ვინაიდან ყველანაირი სიკეთე ქალისგან მოდის. ქალს უნდა ვუმადლოდეთ ქვეყანაზე ბედნიერებას; ღვთისმშობელ ქალწულს, რომელმაც ქრისტე დაბადა, უნდა ვუმადლოდეთ განათლებასა და კაცობრიობის განთავისუფლების საწყისს. შენ მოგმართავ, უცხოელო ჩვენ შორის, როგორც განათლებულ ქალს, რომლის ჭკუაც ალმასივით ბრწყინავს. ალმასი ქვაა, რომელიც მისი ბრწყინვალებით ფასდება; ასევე ქალსაც მისი ჭკუა-გონებით ყველგან სიკაშკაშე შეაქვს. გაუნათლებელი ქალი წყვდიადში გვტოვებს, განათლებულს კი სინათლე შემოაქვს. უცხოელო, მე ამოვიცანი შენში ის, ვისაც სინათლე მოაქვს“.

გლეხი, რომელმაც ქათინაური მითხრა. პრიანიშნიკოვის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.

 

ამგვარად მელაპარა გლეხი და ვფიქრობ, რომ აღმოსავლურ სტილზე აგებულ ამ ფრაზებს მომხიბვლელობა ნამდვილად არ აკლდა.

კავკასიის ამ კუთხეში ცხოვრება არც პირქუში და არც სევდიანი არ არის. აქ ყოველ წუთას სეირნობენ ცხენებით ხან მხიარულ პიკნიკზე წასასვლელად და ხანაც რომელიმე კუთხის მოსალოცად. ერთი ასეთი ადგილია სოფელი ყულიშკარი [Kouliskani], სადაც, როგორც ამბობენ, დაცულია ყველაზე ძველი ადგილობრივი ხატი წმინდა გიორგის გამოსახულებით, რომელიც გველეშაპს კლავს. ამ წმინდანის ხსენების დღე 23 აპრილს (ბერძნული სტილით) აღინიშნება და საოცრად ბევრ მორწმუნეს იზიდავს. მეგრული სახლების არქეტექტურული მოდელის მიხედვით მთლიანად ხით აშენებული სოფლის ეკლესია გარშემორტყმულია მოაჯირიანი აივნით, სვეტებით, რომლებიც სახურავს იკავებს.

ზუგდიდიდან 10 ვერსით დაშორებული ეს სოფელი იმ გზაზე მდებარეობს, რომელსაც ნოქალაქევში (უძველესი ეა) მივყავართ და რომელიც ახალსენაკის ახალ გზას უერთდება. ეს გაადვილებული მიმოსვლა ერთ-ერთი მიზეზია იმ კეთილდღეობისა, რომელსაც აქ ვხვდებით. ცხენებით სეირნობა ამ ლამაზი სოფლების მცხოვრებთა საყვარელ გასართობთა შორის უპირატესია. ხშირად ერთი კორტეჟი ელეგანტურად და მრავალფეროვნად აღკაზმულ 50-მდე ქალსა და მამაკაცს მოიცავს. ეს მრავალფეროვნება განსაკუთრებით მოდის იმ ორიგინალური მანერისგან, რომლითაც თითოეული ატარებს ეროვნულ ტანსაცმელს, იქნება ეს ჩერქეზული ჩოხა, მკლავებიანი გრძელი ჟილეტი სახელად ახალუხი [aghalouki] თუ ტრადიციული ყაბალახი. მხოლოდ ტანსაცმლის მორგების სტილშიც კი იმდენად თვალწარმტაცი განსხვავებებია, რომ გეგონებათ იმდენივე განსხავვებულ კოსტუმს ხედავთ, რამდენი ცხენოსანიც არის. ფეხსაცმელი შედგება ტყავის გეტრის – მესტისა [mesti] და წუღისგან [zougha], ლანჩის, ზონრების, ღილების გარეშე; მას წინ აწეული ცხვირი აქვს და ფეხზე მჭიდროდ არის მომდგარი.

მაზრის უფროსმა ჩემს საპატივცემულოდ ცხენებით გასეირნება მოაწყო და ვინაიდან თვითონაც იღებდა მონაწილეობას, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო. ეს საჯარო მოხელე ამ მხარეში პატარა მეფესავით არის; გზად შემხვედრ ყოველ სოფელში სოფლის თავკაცები მასთან შესახვედრად და მის გასაცილებლად გამოდიოდნენ. ამგვარად, ერთი ადგილიდან მეორემდე მოგზაურობისას, მისი ამალა საგრძნობლად გაიზარდა. დანიშნულ ადგილას მისვლისას ყველანი წიფლის ფანჩატურში გაშლილ მაგიდას მიუსხდნენ. ტრაპეზის შემდეგ ყველანი ბალახზე წამოწვნენ, უფრო სწორედ კი იქ დაფენილ ხალიჩებზე, რათა სიესტით დამტკბარიყვნენ; შემდეგ კი ჩვეული სიმკვირცხლით დაიწყო თამაშას აუცილებელი ცეკვები. სახლისკენ უკან დაბრუნება არანაკლებ მომხიბვლელი იყო. ერთი სიტყვით, უხერხულობისა და ძალდატანების სრული არარსებობა მთავარი მიმზიდველობაა ამ დღესასწაულებისა, რომელთაგან უკლებლივ ყველამ საუკეთესო მოგონებები დამიტოვა.

მეგრელი ქალების საცხენოსნო კოსტუმი. პრიანიშნიკოვის ნახატი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.

 

 და აი, დადგა სამეგრელოსთან დამშვიდობების დროც. განზრახული მქონდა ტფილისში დაბრუნება, რათა იქედან დაღესტანში წავსულიყავი იმ მხარის გუბერნატორის მეუღლესთან ერთად; მაგრამ ჩემი ზუგდიდელი მეგობრების დაჟინებულმა თხოვნამ აზრი შემაცვლევინა და ლეკების მიწაზე ჩემი მოგზაურობა სხვა შემთხვევისთვის გადავდე. მეგობრებმა მითხრეს, რომ დედამიწის ზურგზე არაფრის ფასად არ უნდა დამეტოვებინა კავკასია ისე, რომ აფხაზეთში არ წავსულიყავი – ეს ხომ ერთ-ერთი იმ პროვინციათაგანია, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ყურადღებას. თანაც უფრო იმიტომ დავთანხმდი, რომ უკვე ნანახმა მოსვენება დაუკარგა ჩემს ცნობისმოყვარეობას. მასპინძლებს გამოვემშვიდობე და მდინარე ენგურის გადალახვით სამურზაყანოში შევიჭერი.

ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი აფხაზეთისკენ. იმედი მაქვს, რომ ჩემს მკითხველებს სურვილი ექნებათ თან გამომყვნენ.

უბედური არ ვყოფილვარ ამ სანახევროდ ველური ხალხის გარემოცვაში, რომელმაც დიდი ყურადღებით მიმიღო, მაგრამ მე იქ უნდა გამეძლო ქალისთვის ძალიან მკაცრი გამოცდისთვის. ადგილობრივი ენა საერთოდ არ ვიცოდი და იძულებული გავხდი – დამიჯერებთ კი? – სამი თვე ხმის ამოუღებლად გამეტარებინა.

 

 (გაგრძელება იქნება)

 

Carla Serena. Un tour en Mingrélie. Le Tour du Monde, XLI, 1881. p. 385-416.

 



[1] გაწეული სამსახურისთვის მადლობის გამოცხადების წერილი, რომელსაც მეფე აქვეყნებს  (მთარგმნელის შენიშვნა).

[2] დახურული, სარკმელებიანი ეტლი (მთარგმნელის შენიშვნა).

[3] სამეფო კარის მღვდელი (მთარგმნელის შენიშვნა).

[4] მოჯირითეთა ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი (მთარგმნელის შენიშვნა).

[5] თხელი, რბილი ტყავი (მთარგმნელის შენიშვნა).

[6] ღია ეტლი (მთარგმნელის შენიშვნა).

[7] დროებით საცხოვრებელი სახელდახელო ნაგებობა (მთარგმნელის შენიშვნა).

[8] იელის ბუჩქები უხვადაა სამეგრელოში, სადაც, ყვავილობის შემდეგ მას შეშად იყენებენ.

[9] იგულისხმება საწნახელი (მთარგმნელის შენიშვნა).

[10] ჩიხრიხი (მთარგმნელის შენიშვნა).

[11] ნაბადი (მთარგმნელის შენიშვნა).

Commentaires