მოგზაურობა სამურზაყანოსა და აფხაზეთში[1]
1881 წელი. ტექსტი და ნახატები პირველად ქვეყნდება
ტექსტის ავტორი კარლა სერენა
ფრანგულიდან თარგმნა ანა ჭეიშვილმა
„Le Tour du Monde“-ის იმ მკითხველებს, რომლებიც სამეგრელოში ჩემს მოგზაურობას თვალს ადევნებდნენ, ალბათ ემახსოვრებათ აფხაზეთისკენ გადადგმული ჩემი პირველი ნაბიჯი, როდესაც მდინარე ენგურის ფონი გადავლახე. ამ მოგზაურობის გაგრძელების პუბლიკაცია აფხაზეთის ფოტოების არქონის გამო დაგვიანდა. იყო საშიშროება, საერთოდ ვერ მომეპოვებინა ილუსტრაციები, რადგან კავკასიელმა ფოტოგრაფებმა სიცოცხლის დაკარგვის შიშის გამო უარი თქვეს ემოგზაურათ აფხაზეთში – ამ ველურ და მეამბოხე მხარეში. ვენაში ყოფნის დროს გასული წლის ოქტომბერში კიდევ ერთი კატეგორიული და საბოლოო უარი მივიღე მათგან. მიუხედავად ამისა, მსურდა რა „Le Tour du Monde“-ში ჩემი მოგზაურობის გაგრძელება გამომექვეყნებინა, გადავწყვიტე ფოტოგრაფობა მეცადა და აფხაზეთში მეორედ გავემგზავრე მარტო, არაფრად ჩავაგდე საფრთხეები და სიძნელეები, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც გვიანი შემოდგომა მიქადდა. ჩემი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდა: აქ გამოქვეყნებული ჩანახატები ჩემი გადაღებული ფოტოების რეპროდუქციებია.
აფხაზეთი ჩემთვის აკრძალვების ქვეყანაა. იქ უკვე გატარებული მქონდა სამი თვე ხმის ამოუღებლად[2]. ამჯერად იქ სამი თითქმის უძილო კვირა გავატარე – მოკლე დღეების გამო იძულებული ვიყავი ღამით მემგზავრა, რათა დღის სინათლეზე იმ ადგილებზე ვყოფილიყავი, რომელთა ფოტოგადაღებაც მსურდა.
ვენა 16 ოქტომბერს დავტოვე და იქ 12 დეკემბერს დავბრუნდი – ამ რიცხვში დაგეგმილი იყო გეოგრაფიული საზოგადოების საიუბილეო დღესასწაული, რომელზეც მეც ვიყავი მიწვეული. თუმცა რინგ-თეატრში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დღესასწაული მოგვიანებით ჩატარდა.
ვენიდან ტფილისამდე ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის ერთი თვე დამჭირდა. დანარჩენ დროს აფხაზეთში დავქროდი და ფოტოებს ვიღებდი. ამავე მიზნით კახეთშიც გავემგზავრე. წინამდებარე ტექსტში აქა-იქ ჩართულია რამდენიმე ხაზი ამ უკანასკნელი მოგზაურობის აღწერიდან (1881 წელი), რომელიც პირველ, 1876 წლის მოგზაურობას ავსებს.
მდინარე ენგური. ნახატის ავტორია ტეილორი; შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
I
ფოტოს გადაღების პირველი მცდელობა. – შესვენება ტფილისში, ახალსენაკში, ზუგდიდში. – საუზმე რუხის ციხესთან. – ენგურის გადალახვა. – მოკლე ისტორიული მიმოხილვა. – ენგურის მარცხენა სანაპირო და ოცარცეს ციხე. – ფოსტის სადგური და მილიცია. – სოფელი საბერიო. – გულითადი სადილი. – ცრურწმენები. – მიწების გაყოფა. – ადგილობრივი თავადაზნაურობა. – წეს-ჩვეულებები. – დაბა ოქუმი. – ადგილობრივი ტიპები.
გადაწყდა რა ჩემი გამგზავრება, ცოტა დრო დამრჩა ჩემი გაბედული მოგზაურობის სათანადოდ მოსამზადებლად, რადგან მინდოდა ვენიდან კონსტანტინოპოლამდე მიმავალი გემით მესარგებლა.
ახალბედა ფოტოგრაფი ისე გავემგზავრე, რომ ჩემი ცოდნის გამოცდა ვერც კი შევძელი. ჩემი წამოწყების წარმატებაზე მღელვარემ, ბათუმში ჩასვლისთანავე, პირველ სამუშაო თემად ავირჩიე კომპანია „Lloyd Autrichien“-ის გემი „ლედა“, რომელმაც იქ ჩამიყვანა. ვიყენებდი მშრალი ჟელატინის მინის ფირფიტებს. ტფილისში ცოტა გამიჭირდა ისეთი ფოტოგრაფის პოვნა, რომელსაც ეს მეთოდი ეცოდინებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მაინც მოვახერხე და ენით აღუწერელი სიხარული დამეუფლა, როდესაც მჟავის აბაზანიდან ამოსული ნათელი და ლამაზი „ლედა“ დავინახე. ჩემმა მომდევნო წარმატებულმა ცდებმა კიდევ უფრო მეტად შემასხა ფრთები.
ტფილისში სურდათ ჩემთვის აფხაზეთში გამგზავრება გადაეფიქრებინათ, მაგრამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულმა ხელისუფლებისგან საჭირო მფარველობა მოვიპოვე; თუმცა, გენერალმა სტაროსელსკიმ, კავკასიის სამოქალაქო მმართველმა, არ დააყოვნა რომ ჩემთვის ეთქვა: „თქვენი სიმამაცე სიგიჟის ზღვარზეა“.
თავსხმა წვიმამ ჯერ ტფილისში შემაყოვნა. ახალსენაკში ჩასულს გზები დატბორილი დამხვდა, რის გამოც იძულებით შევიქენი მაზრის უფროსის, ქართველი აზნაურის სტუმარი. მას ყოველი სიესტის დროს ხელში სიგარა ეჭირა, რომელსაც მისი მსახური, მშვენიერი მეგრელი მამაკაცი მუდმივად ანთებდა. ჩემს ჩაძინებულ მასპინძელს ფოტო გადავუღე.
ბაყაყების გასახარად ზუგდიდში წვიმა ჩამომყვა. გამოდარებით ვისარგებლე და რუხში წავედი, სადაც ჩემი თანამგზავრები საუზმით გამიმასპინძლდნენ. ერთმა მათგანმა შემწვარი ცხელი ვარია მომიტანა, რომელიც ორი თითით თავაზიანად ეჭირა.
როგორც იქნა, კიდევ ერთხელ გადავლახე ჩემი რუბიკონი ენგურზე გადასვლით, ამჯერად უხეშად შეკრული ნავით, რომელსაც მდინარის ადიდებისას ხმარობენ. მზის მხიარული სხივი მომესალმა, როგორც კი ნაპირზე ფეხი დავდგი.
ბობოქარი ენგური სამეგრელოს სამურზაყანოსგან ჰყოფს. ეს ორი პროვინცია ხშირად ებრძოდა ერთმანეთს, რადგან ორივეს მმართველები არაერთხელ ეცადნენ საკუთარი სამფლობელოს გადიდებას მეზობლის ხარჯზე. სამურზაყანო ოდესღაც აფხაზეთის ნაწილი იყო – მხარისა, რომელიც მას ესაზღვრება და რომელსაც შერვაშიძეები მართავდნენ. ერთ-ერთმა თავადმა, ჯიქეშიამ [Djigechia], თავის ვაჟს მურზაყანს ამ შორეული კუთხის, რომელზეც მე ვსაუბრობ, მმართველობა ანდო. მურზაყანი მამის გარდაცვალების შემდეგ მისთვის სამართავად ჩაბარებული ტერიტორიების პატრონი გახდა და ამ ადგილებს მისი სახელიდან გამომდინარე სა-მურზაყანო [Sa-Mourzakan] უწოდა (პრეფიქსი სა კუთვნილებას აღნიშნავს).
მის შემდეგ მისი ოჯახის ექვსი წარმომადგენელი მართავდა ამ მხარეს. უკანასკნელი, მანუჩარი, მისმა მსახურმა 1812 წელს მოკლა. სამეგრელოს დადიანის, ტარიელის ქალიშვილთან ქორწინებიდან მას ორი ვაჟი, ალექსანდრე და დიმიტრი დარჩა; მაგრამ ბაბუამ დედის მხრიდან, რომელსაც სამურზაყანოზე თვალი ეჭირა, შვილიშვილების თავიდან მოშორება გადაწყვიტა და მოახერხა კიდევაც. პირველი, რომელსაც მან ბრალი დასდო კავკასიის მმართველის წინააღმდეგ აჯანყებაში (1808 წლიდან ეს მხარე რუსეთს ემორჩილება), ციმბირში გაგზავნეს, სადაც იგი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორეს, მას მახე დაუგო და მოკლა. მას შემდეგ სამურზაყანოს სამეგრელოს დადიანები მართავდნენ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ.
ამავე ეპოქაში აფხაზეთს მართავდა გიორგი შერვაშიძე [Giorgi Sherwachidzé], საფარ-ბეიდ [Safer Bey] წოდებული – ამ ოჯახის მმართველი თავადები ერთდროულად ორ სახელს ატარებდნენ, ერთს ქრისტიანულს, მეორეს კი მუსლიმანურს. ცოლის ხაზით სამეგრელოს სუვერენთან დანათესავებულმა საფარ-ბეიმ ამ უკანასკნელს უფლება მისცა მის ნებაზე ემართა სამურზაყანო; თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეორე ვაჟმა ხამუთ-ბეიმ [Hamoud Bey], მიხეილ შერვაშიძემ [Michel Sherwachidzé] (უფროსი ვაჟი მმართველობის რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა), ამ მხარეზე საკუთარი უფლებები განაცხადა. ამას მოჰყვა უთანხმოება, რომელიც რუსეთმა იმით დააცხრო, რომ სამურზაყანო დაისაკუთრა და იქ საიმპერატორო მმართველი დააყენა. სამეგრელომ ამ კუთხის შვიდი სოფელი მიიღო მცირე კომპენსაციის სახით; აფხაზეთი კი, თავის მხრივ, გაიზარდა ღალიძგასა და ოხურეის [Ochouri] მდინარეებს შორის მდებარე მიწებით, იმგვარად რომ, ამ განაწილების შედეგად, რომელსაც ადგილი 1836 წელს ჰქონდა, სწორედ ეს მეორე მდინარე, და არა პირველი, გახდა სამურზაყანოსთან მოსაზღვრე. საბოლოოდ, 1867 წელს ეს უკანასკნელი რეგიონი, რომელსაც მანამდე თავისი მმართველი ჰყავდა, აფხაზეთის ტერიტორიას შეუერთეს.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით აფხაზეთი ჯერ კიდევ არ არის კავკასიის სხვა პროვინციებთან გათანაბრებული; იმის მაგივრად, რომ სხვების მსგავსად საკუთარი სასამართლო და სამოქალაქო ხელისუფლება ჰყავდეს, იგი სამხედრო რეჟიმს ექვემდებარება. სხვათა შორის, სამურზაყანოსა და სამეგრელოს შორის ძველი დავა საზღვრების შესახებ იმდენად ცოცხალია, რომ ზუსტი სადემარკაციო ხაზის დასადგენად ახლახანს ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნიისა (რომელშიც შედის სამეგრელო) და აფხაზეთის ადმინისტრაციის (რომელშიც, როგორც ვნახეთ, სამურზაყანო შედის) წევრებისგან შემდგარი შერეული კომისია. მდინარე ენგური, რომელიც ამ ორს შორის მიედინება, თვითონაც აწვდის დავისთვის მასალას, რადგან მისი ჭირვეული და ჩქარი ტალღები ხშირად ტბორავს მოსაზღვრე ტერიტორიების დაბლობებს, არაერთი ზიანი მოაქვს და, ამასთანავე, ასევე დგება საკითხი თუ ამ ორიდან რომელ მხარეს ეკუთვნის მდინარის კალაპოტში გაჩენილი კუნძულები.
ზემოთ აღვწერე რუხის ციხის ნანგრევები, რომლებიც მდინარის მეგრულ სანაპიროს ზემოდან დაჰყურებს. მოპირდაპირე ნაპირზე ასევე მდებარეობს ოცარცეს სახელით ცნობილი ციხის ნანგრევები. ეს ორი, ამიერიდან ძალაგამოცლილი ჩონჩხი, თითქოს ერთმანეთს ისევ ესვრის გამომწვევ მზერას ერთი ნაპირიდან მეორეზე. მე ასევე ვისაუბრე ამ ადგილას მდგარ უზარმაზარ ბოძებზე, რომლებზეც მიბმულია შავი ზღვის სანაპიროს გავლით ლონდონიდან კალკუტაში მიმავალი ინდო-ბრიტანული ტელეგრაფის საჰაერო ხაზები. სამურზაყანოს ნაპირზე აღმართული ბოძი, თუმცა უფრო დაბალია, ვიდრე რუხის მხარისა, მაინც შთამბეჭდავია – მისი სიმაღლე 70 ფუტია. იგი იმგვარადვეა მდინარის მძვინვარე შეტევებისგან საიმედოდ დაცული, როგორც მისი ძმა მეგრულ ნაპირზე. შორიდან ეს ორი უზარმაზარი ბოძი გიგანტური გემის ბაგირებით აღკაზმულ ანძებს მოგვაგონებს. ადამიანის აზრები უხმოდ და მალულად მისრიალებს ჰაერში სასწაულებრივად გასროლილ გრძელ ელექტრო სადენებზე და ეს გამალებული მიმოსვლა დეპეშებისა, რომლებიც საიდუმლოდ და შეუმჩნევლად კვეთენ ამ მარტოსულ მხარეებს, თითქოს უხილავ გონებათა დიალოგია, უჩუმრად რომ საუბრობენ სივრცეში.
ინდო-ბრიტანული ტელეგრაფის ბოძები ოცარცეს მახლობლად. ნახატის ავტორია ტეილორი; შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
იქვე, რამდენიმე მეტრის დაშორებით აღმართული რკინის ბოძი სხვა, ძირითად ხაზზე გაჭიმულ ხის ბოძებთან არის დაკავშირებული. თავის მხრივ ეს ბოძები გადაბმულია რუხის მახლობლად დარგულ დიდი ხის ვარჯთან და ამგვარად ოცარცეს ორი განსხვავებული განტოტება იქმნება. აქ აღმართულ ბოძზე აღნიშნულია ნომერი 602 და მათი სახელები, ვინც ამ რთულად შესასრულებელ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ამ ყოველგვარ რესურსს მოკლებულ მხარეში. ტელეგრაფის ხაზის გაყოლებაზე, შესაძლებელი ავარიების თავიდან ასაცილებლად, ადგილ-ადგილ განლაგებულია ზედამხედველობის სადგურები. ქერჩიდან (შავი ზღვა) სპარსეთის საზღვრამდე 20 ასეთი პოსტია, რომლებზეც კონტროლი დილის 7 საათზე იწყება და საღამოს 10 საათზე მთავრდება. კავკასიის ბიუროებში, და განსაკუთრებით კი შავი ზღვის სანაპიროზე, ღამის სერვისი არ არსებობს, ვინაიდან ამ მხარეში, თუნდაც ხაზის წყვეტის შეტყობინებისას, შეუძლებელი იქნებოდა თითქმის გაუვალ და ნიაღვრებით დანგრეულ გზებზე გადაადგილება. კონტროლიორის ფუნქციაა საათში ერთხელ შეამოწმოს გალვანოსკოპის ისრის მოძრაობა. ისრის მდებარეობა მას უჩვენებს თუ არის კავშირისას წყვეტა და შუამავალმა სადგურმა თუ უნდა შეაკეთოს დაზიანება. ეს ყოველდღიური დაკვირვებები იწერება ჟურნალში, რომელსაც თვეში ერთხელ აგზავნიან ტფილისის ცენტრალურ ბიუროში.
ძალიან გაუკვირდათ როცა დაინახეს, როგორ ავდიოდი ოცარცეს ციხის კოშკზე იქედან გადაშლილი ხედების გადასაღებად. ორი ჩაფარი (მილიციელი) გამომყვა დასახმარებლად. ქარი ქროდა და ამ კაცების გაოცება, რომ მე არაფრის მეშინოდა, უთანაბრდებოდა მათ შიშს, რადგან ადგილი მართლაც სახიფათო იყო.
ძველი ციხესიმაგრის, ოცარცეს მდებარეობა თვალწარმტაცია: ერთი მხრივ კავკასიონი, მეორე მხრივს სამეგრელოს დაბლობები – ამაზე უფრო დიდებული სანახაობის წარმოდგენა შეუძლებელია. ნანგრევების დიდი ნაწილი, რომლებსაც გარშემო აკრავს მდინარის დინების გასწვრივ აგებული კედელი, შედგება მაღალი ოთხკუთხა მრავალსართულიანი კოშკისგან. კოშკი აშენებულია ენგურის მოტანილი რიყის ქვებისგან და აქვს მიწისქვეშა გასასვლელები, სადაც, გადმოცემის თანახმად, ამ მხარის მმართველები თავიანთ საგანძურს მალავდნენ. როცა მას გზის მხრიდან ვუახლოვდებით, იმ კედლის მარჯვნივ, რომელიც გარს ერტყმის კოშკის ქვედა ნაწილს, ვხედავთ თაღიან ოთახს, რომლის შესასვლელიც იდეალურად შენარჩუნებულ პატარა რკალს ქმნის. თვით კოშკში არის მეორე უფრო დიდი ოთახი, ასევე თაღოვანი, რომელსაც, როგორც ჩანს, სამლოცველოდ იყენებდნენ და საიდანაც ზედა სართულზე ავდივართ.
მარცხნივ, მდინარის მხარეს, გალავნის კედლის შემდეგ, იწყება კორიდორი, რომელშიც შეისრულთაღიანი კარით შევდივართ და რომელსაც მიწისქვეშა გასასვლელებით მივყავდით ქვეყნის სხვა ციხეებისკენ, რომლებიც ამგვარად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
ყველა ეს თავდაცვითი ნაგებობა, როგორც აფხაზეთსა და სამურზაყანოში, ასევე სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიაზე, კავკასიონის ძირში ბერძენთა და გენუელთა კოლონიების დაარსების დროინდელია. მოგვიანებით ისინი მუსლიმანურმა შემოსევებმა დაანგრიეს.
ამ რეგიონში ქრისტიანობის მეორე უძველესი საყრდენი სათანჯოს ციხე-სიმაგრე იყო, რომელიც ამავე დასახელების მთაზე, ოცარცედან რამდენიმე ვერსის დაშორებით მდებარეობს. როგორც ამბობენ, ცოტა ხნის წინ ამ ორი ადგილის დამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბი უპოვიათ.
ისევე როგორც ყველგან, ოცარცეს გარშემო აქაც უხვი მცენარეულობაა. ველური ყვავილების მინდვრები, ხეხილი, რომლის კულტურაც მხოლოდ ბუნების დამსახურებაა, ვაზი, რომელიც თავისი ღონიერი ყლორტყებით ყველაზე მაღალ ტოტებამდე ეხვევა საუკუნოვან ხეებს, მუხას, ცაცხვს, კაკლის ხეს, წაბლს, რომლებიც კავკასიის ძლიერმა მიწამ შობა. ამ დიდებული სანახაობის ძირში, ქვიან კალაპოტში, დატოტვილი ენგური მიიჩქარის და როდესაც წყალდიდობისას მის დინებას მთის ხეობებში მოგლეჯილი უზარმაზარი ლოდები მიაქვს, გააფთრებული ტალღების ღრიალი საზღვაო ქარიშხლის ხმას ჰგავს. ეს ღრიალი შიშს გვრის ნაპირზე მცხოვრებლებს, რომლებმაც მდინარის ყოველი ჩქამი იციან და არასდროს ცდებიან კატასტროფის წინასწარმეტყველებაში.
მწვერვალები, რომლებიც დაუდგრომელ მდინარეს დაჰყურებს მასთან სრულ ჰარმონიაშია: უკანა პლანზე აღმართულია თოვლისგან მარადიულად თეთრი მთაგრეხილი, რომელიც სამურზაყანოსა და სვანეთს საზღვრავს; აქეთ მხარეს იწყება აბსტა საბერია (საბერიოს საძოვრები), სადაც ზაფხულობით საქონელი საჭმელს ყოველთვის უხვად პოულობს. ეს სახელი საბერია ჰქვია მაზრასაც და სოფელსაც, რომელსაც მთა დაჰყურებს. ადგილობრივ ენაზე ეს სიტყვა „ბერთა კრებას“ ნიშნავს, თუმცა ახლა აქ ბერები არ არიან. ციხის მახლობლად არის რუსი კაზაკების ყოფილი სადგომი. მეზობლადვეა ფოსტის სადგური, რომელსაც მშვიდობიანი ადგილობრივი მილიცია ემსახურება. მილიციას მთავრობის სამსახურისთვის ცხენების უზრუნველყოფა ევალება. ყოველი ცხენის ქირას დამქირავებელი იხდის: 1 ვერსი – 5 კაპიკი (ერთი კაპიკი დაახლოებით ერთ სუს უდრის). ეს მილიციელები ფოსტალიონობასაც ითავსებენ. მათი ყოველთვიური ხელფასი 10 რუბლია, ამას ემატება საკვებიც. კავკასიის მოსახლეობის შორის, რომელიც ყოველთვის კბილებამდეა შეიარაღებული ხმლებით, პისტოლეტებით, რევოლვერებითა და ხანჯლებით, მხოლოდ მათ აქვთ თოფის ტარების უფლება; სწორედ ეს გამოარჩევს ეროვნულ ჯარისკაცს ჩვეულებრივი მოქალაქისგან. ყოველი საფოსტო სადგური, რომელზეც აქ ვსაუბრობ, შედგება ხის ორი პატარა სახლისგან, რომელსაც ფაცხას უწოდებენ და რომელიც დიდ ოთხკუთხა დაწნულ კალათს ჰგავს. სახურავი გამხმარი ბალახით არის დახურული, რომელიც ასე უხვად მოიპოვება აქაურ ჭაობებში. ამ ქოხმახებიდან ერთი ადამიანის საცხოვრებელია, მეორე კი თავლაა ცხენებისთვის; თუმცა, სინამდვილეში ცხენები დღისითაც და ღამითაც მახლობელ ტყეებსა და მინდვრებშია გაშვებული. ამგვარად, მოგზაურმა, რომელსაც ცხენების შეცვლა სჭირდება წინასწარ უნდა გაგზავნოს ვინმე სადგურის მცველის გასაფრთხილებლად.
ოცარცეს ციხე. ნახატის ავტორია ტეილორი; შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
მილიციელთა დიდი ნაწილი აზნაურთა წრეს ეკუთვნის და აქ მსახურს თვით ადგილობრივი თავადებიც კი ესწრაფვიან. უსაქმობა და ჯარისკაცის გარეგანი პეწი სრულიად საკმარისია ამ კავკასიური არისტოკრატიის საცდუნებლად, რომელსაც უქნარობა და კონკიჟღარუნობა მოწოდებად გაუხდია. ამ ქედმაღალ მეძველმანეებს ასევე ევალებათ გზების მიხედვა და, უნდა ითქვას, რომ ეს გზები დღეს იმდენადვე უსაფრთხოა, რამდენადაც საშიში იყო სულ რამდენიმე წლის წინ.
ოცარცეს სადგურში 8 ადამიანისგან შემდგარი მილიციის პერსონალის გარდა, ასევე არის მედუქნე თავისი ოჯახით. დუქანი ტიპური დაწესებულებაა, ერთდროულად სასტუმრო, რესტორანი, ღვინის ფარდული, სურსათის საწყობი – მოკლედ რომ ვთქვათ, ყველასთვის ხელმისაწვდომი სასაუზმეა. საუბედუროდ, ამ სასაუზმის სუნიან ოთხ კედელს შუა მოქცეული მრავალფორმიანი ნივთების დანახვაც კი საკმარისია შიმშილის გასაქრობად. შეუძლებელია იმ უსუფთაობის წარმოდგენა რაც ამ ფანტასტიკურ ადგილას სუფევს; ცხოველთა ჯიშის ყველა წარმომადგენელი – ძაღლები, კატები, ქათმები, იხვები და ღორები – აქ ყველა ერთად ცხოვრობს ტკბილ ჰარმონიაში. ეს თანაცხოვრება კარგ მაგალითად გამოდგებოდა ადგილობრივებისთვის, რომლებმაც დიდი ხანი ერთმანეთთან უთანხმოებაში გაატარეს. ოცარცეს კოშკიდან ჩამოსვლისას სიურპრიზი მელოდა. დუქნის წინ დავინახე ადგილობრივი ჩვეულების თანახმად მიწაზე გაშლილი საუზმე. შუაში უზარმაზარი შემწვარი ინდაური იდო. ჩემი თანამგზავრებიდან ერთ-ერთმა აზნაურმა ხანჯალს პირი გაუსინჯა და ინდაურის დასაჭრელად მოემზადა. თავაზიანმა სამურზაყანოელმა ბაშლიყი მოიხსნა და ბალიშის მაგივრად დასაჯდომად შემომთავაზა.
აფხაზი თავადი ხანჯალს პირს უსინჯავს. სიღრმეში მოჩანს ოცარცეს დუქანი. ა. სირუის ნახატი შესრულებულია კარლა სერენასა და ერმაკოვის ფოტოების მიხედვით.
თუ ენგურს მოვშორდებით და ოცარცედან საბერიოს მიმართულებით წავალთ, პეიზაჟი მყისვე შეიცვლება. გაშლილი მინდორი უფრო კულტივირებული და სასიამოვნო სანახავი ხდება, ისე რომ კავკასიონის შორეული ფონი არ იცვლება. დაბლობში სიმინდი უხვად იზრდება. აქა-იქ ხორბლის ყანები მოჩანს. მის მოსავალს ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევების დროს იყენებენ, როგორებიცაა ქორწილის ან ჭირის სუფრა – იმ პურის გამოსაცხობად, რომელსაც ლავაშს უწოდებენ. რაც შეეხება მდიდრისა თუ ღარიბის ყოველდღიურ საჭმელს, ეს მოხარშული სიმინდის ფქვილია, რომელსაც აფხაზები აბსუაბსტას [absouabsta] უწოდებენ. თუ სამურზაყანოსა და სამეგრელოში ხორბალი რამდენიმე ადგილას ხარობს, აფხაზეთში მას ვერსად იპოვით. სულ რამდენიმე წელია, რაც აქ სიმინდის კულტურა ფართოდ გავრცელდა; წინათ ეს მარცვლეული მხოლოდ ადგილობრივ დიდებულთა მიწებზე ხარობდა და ნაკლებად პრივილეგირებულებს სწორედ მათთვის უნდა მიემართათ, როცა სტუმრის გამასპინძლება უწევდათ; სანაცვლოდ ხორცსა და ღვინოს მოიხმარდნენ.
სოფელი საბერიო თვალწარმტაცი ადგილია. სოფლის მახლობლად შემაღლებულზე მდებარეობს ციხის ნანგრევები, რომელიც ოდესღაც ადგილობრივი თავდაცვის კორდონის ნაწილს წარმოადგენდა. ჩემი პირველი მოგზაურობისას, ოცარცედან დილით გამგზავრებული, შუადღეს უკვე საბერიოში ვიყავი. იქ სამი საათით შევჩერდი საუზმისა და სიესტისთვის, რომელიც ამ მხარეში დღის ამ მონაკვეთში აუცილებელია, განსაკუთრებით კი ზაფხულში.
ამჯერად საბერიოში უფრო დიდხანს გავჩერდი. მე კვლავ ამ მხარის მთავარი პერსონაჟის, თავად ზურაბ ჩხოტუას [Surab Tchkotwa][3] და მისი ოჯახის სტუმარი ვიყავი, რომელმაც მიმასპინძლა როგორც ძველ ნაცნობს. იგი თავის თვალუწვდენელ სიმინდის ყანებში გამიძღვა და მისი ფართო მაღაზა მაჩვენა, რომელშიც მოსავალს ინახავენ. ამ ბეღელში ასასვლელად კიბეა საჭირო, რადგან მისი ნესტისგან დასაცავად იგი მიწიდან გარკვეულ სიმაღლეზეა აშენებული.
მზარეული ყოველდღე აქედან იღებს სიმინდის ფქვილის სასურველ რაოდენობას შეჭამანდის[4] მოსამზადებლად. თავისთავად ცხადია, რომ უცხოელი, რომელმაც არც გზა იცის და არც ენა, ამ ცივილიზაციას მოკლებულ რეგიონებში მარტო ვერ გაემგზავრება. ამგვარად, მას ჰყავს თავისი ოფიციალური თუ ნებაყოფლობითი გამყოლი, რომელიც მის შესახებ წინასწარ აცნობებს შესასვენებლად ან ღამის გასათევად შერჩეულ ადგილებში, და ვინაიდან კავკასიაში ღარიბისა თუ მდიდრისთვის სტუმრის მიღება წმინდა ვალდებულებაა, რომელი სახლის ზღურბლთანაც არ უნდა წარსდგეს მოგზაური, მას ყველგან გულითადად ხვდებიან.
ამგვარი დახვედრის მიუხედავად ხშირად მიწევდა სისუფთავისა და დახვეწილობის საკითხში ჩემი შეხედულებებიდან გადახვევა. ჭკუა მეყო რომ შეძრუნებულს უკან არ დამეხია, როდესაც ჭამის დაწყებამდე დავინახე თუ როგორ მიახლოვდებოდა საზიზღარ ძონძებში ჩაცმული ფეხშიშველი ადგილობრივი მკვიდრი. მან ტაშტის მაგივრად ჭუჭყით გაქონილი ლითონის ჯამი გამომიწოდა. ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა ასეთი უცნაური მსახურის მიერ მოწოდებულ ამ სასწაულ ჭურჭელთან შეხებას. პირველ მოსამსახურეს მისი მსგავსი მეორე მოჰყვა, რომელიც ყველა სტუმარს ლითონის გაშავებული დოქიდან ხელზე უსხამდა რამდენიმე წვეთ წყალს, მაშინ როდესაც პირველს ზემოთ ნახსენები ჯამი ეჭირა. ვერ შევძელი ჩემი პედანტობის გადალახვა და ვერაგულად შემოთავაზებულ საოჯახო პირსახოცს არ შევეხე; ეს ლაქებით დასვრილი ალამი ჩემი ცხვირსახოცით ჩავანაცვლე – ნივთით, რომლის არსებობის შესახებ ჩემ გარშემო მყოფთაგან წარმოდგენა არავის ჰქონდა.
ამგვარი წინასწარი მომზადების შემდეგ ხის მოგრძო მაგიდას მივუსხედით, რომელზეც სიმინდის ღომისა და ხორცის ულუფები ელაგა. ხორცის უზარმაზარი ნაჭრები ერთდროულად მეტყველებდა ჩვენი გულღია მასპინძლის ხელგაშლილობაზე და სტუმართა კარგ მადაზე. ამ ძირითად კერძთან ერთად ასევე მოიტანეს ბატკნისა თუ ქათმის რაგუ, ადგილობრივი შეუცვლელი მენიუს შესავსებად კი კამეჩის ყველში გადაზელილი სიმინდის ფქვილის ქადა (ხაჭაპური) [gatschapouri] და კამეჩისავე მჟავე რძე, რომელსაც მარწვენს [martsveni] უწოდებენ. აქ საჭმელს მხოლოდ ხელით ჭამენ. მჭრელი დანის დახმარებით, რომელიც ყოველი ადგილობრივი მცხოვრების პორტატიული არსენალის შემადგენელი იარაღია, მჭამელები ისე ოსტატურად ამუშავებენ ხორცით დაფარულ ნებისმიერ ძვალს, რომ მისგან ცარიელი ჩონჩხიღა რჩება. ყველასთვის ერთი ფიალაა, რომელსაც მერიქიფე [arve-itawé] გამუდმებით ავსებს და რომელსაც მაგიდაზე ჩამოატარებენ. რამდენი ღვინოც არ უნდა დალიონ აქაურებმა, ის მხოლოდ მხიარულებას იწვევს და არა სიმთვრალეს. სადილი სრულდება ისე, როგორც დაიწყო, ხელის დასაბანად იმავე ჭურჭლის ჩამოტარებით, რომელიც თავისთავად კიდევ უფრო ჭუჭყიანია, ვიდრე ცოტა ხნის წინ.
მაგიდასთან მხოლოდ მამაკაცები სხდებიან და უცხოელ სტუმართა დასწრება, თუნდაც მათ შორის ქალები იყვნენ, ადგილობრივი ქალებისთვის სუფრიდან მოშორების მიზეზია. ქცევის წესები ქალებს ასევე უკრძალავს სტუმრების (ქალი იქნება ის თუ მამაკაცი) თანდასწრებით დასხდომას. რაც შეეხება ოჯახის უფროსს, სადილობისას იგი ფეხზე მდგარი ემსახურება სტუმრებს.
ყველა აღმოსავლელის მსგავსად, კავკასიელებიც ხოტბას ასხამებნ უცხოელებს. როდესაც ეს უკანასკნელი იმ სახლს ტოვებს, სადაც ეს-ესაა გაუმასპინძლდნენ, ოჯახის უფროსი მას მაღალფარდოვანი სიტყვებით უხდის მადლობას, რომ მისი სახლის ჭერქვეშ გაჩერდა. გეგონებათ, თავს დავალებულად ის გრძნობს, ვინც უმასპინძლაო.
საბერიოს სოფლის მიღმა პეიზაჟი კვლავ იცვლება: ვაკეს ტყეებიანი მთები ენაცვლება; ზოგი მათგანის ხედი თვალწარმტაც და ველურ შტირიას (ავსტრია) ჰგავს, რომელიც მარიაცელის ცნობილი მოსალოცი ადგილის მახლობლად მდებარეობს.
უღრან ტყეებში დატოტილი, მაღალი ხეები იზრდება: მუხა, ცაცხვი, ჭადრის და კაკლის ხეები გასაოცრად მწვანე თაღს ქმნის, ერთგვარ საკონცერტო დარბაზს, რომელიც განუწყვეტლივ გპასუხობს ექოთი, და სადაც ყველაზე ხშირად ბულბულისა და მეჟოლიას ჰარმონიული გალობა ისმის. ფრთოსან მგოსნებს შეუძლიათ დაუსრულებლივ უმღერონ ბუნებას მხიარული ჰიმნი, არ ეშინოდეთ, რომ ადამიანი მოვა და თავისი მომაკვდინებელი იარაღის გასროლით დაარღვევს ამ ჰარმონიას. ამ მხარეში ფრინველებზე არ ნადირობენ და, როგორც უკვე ვთქვი, მილიციელთა გარდა თოფის ტარების უფლება არავის აქვს. პატარა ფრინველების სასიხარულოდ მიმინოთი ძველებური ნადირობა დავიწყებას ეძლევა. მიუხედავად ამისა, მტაცებელი ფრინველის მოთვინიერებას მაინც განაგრძობენ, განსაკუთრებით მთის მცხოვრებლები. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ აქაური ტყეები და მდინარეები სავსეა ყველანაირი ნადირით, ადგილობრივი მოსახლეობა მას არ ეტანება; სიმინდი სრულიად აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას.
მოგზაურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბობოქარი და ღრმა მდინარეებით დასერილ ამ ადგილებში მგზავრობისას მარჯვე და გამოცდილი მოცურავე იყოს. ერთი დეტალი ყველაფერზე მეტყველებს: მაგალითად, საჭიროა მდინარე ერთი-წყალის [Erti-Tskhali][5], რომელიც სათავეს საბერიოს მახლობლად გრალაიას [Gralaïa] მთაზე იღებს და შავ ზღვას სოფელ გუდავასთან უერთდება, ფონზე შვიდჯერ გადასვლა 15 ვერსიან მონაკვეთზე სოფლებს საბერიოსა და ცხირს [Tschiri] შორს, სადაც ეს ტერიტორია სრულდება. ხიდები აქ არ არსებობს. წყლის მოვარდნისას მოსახლეობასა და ცხოველებს ხშირად უწევთ დინებასთან გამკლავება და ამგვარად მსხვერპლი დიდია და ზოგჯერ მათი სიკვდილიც დიდხანს ყველასთვის უცნობია. ვინ მოსთვლის რამდენჯერ უღალატია ჩემთვის სიმამაცეს ამ დიდი მდინარეებზე ცხენით გადასვლისას!
სამურზაყანოს სოფლები ჯგუფებს არ ქმნის; სახლები ერთმანეთისგან მოშორებით არის მიმოფანტული, როგორც სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში და სიმინდის ყანებით არის გარშემორტყმული. მხოლოდ, იმის მაგივრად, რომ ისინი ხის იყოს, როგორც ეს ხსენებულ მხარეებშია, სახლები აქ დაწნულია და ამით ჩვენებურ კალათებს მოგვაგონებს. ძველად აქ ყველა სახლი ასეთი იყო. უკანასკნელმა ადგილობრივმა მმართველმა, რომელსაც აქ ცივილიზაციის სიახლეების შემოტანა სურდა, ააშენებინა სოფელი, რომელშიც საცხოვრებლები ხის იყო. სოფელს ეწოდა აკვასკი[6] [Akwaski]. მოგვიანებით იგივე სახელი დაერქვა ყველა ამ ტიპის სახლს. ასეთი სახლი შედგება ოთხი კედლისგან, რომლებიც კვადრატს ქმნის. დახრილი სახურავი შედგება მზეზე გამხმარი მცენარეებისა და ფოთლებისგან. სახლს ფანჯარა არ აქვს: სადგომში სინათლე დაბალი შესასვლელიდან შედის. ჭერში დატანებული ხვრელი სუფთა ჰაერის შემოსვლის საშუალებას იძლევა და საკვამურის როლსაც ასრულებს. კერა ერთ ქვას წარმოადგნეს, რომლის თავზეც რკინის კაუჭზე სიმინდის მოსახარშად ჩამოკიდებულია კარდალა – ერთადერთი საოჯახო ჭურჭელი. ხის უხეში სკამები, რომლებზეც ღამით აფენენ ქალების მიერ შეკერილ პრიმიტიულ ლეიბებს, მთელი ოჯახისთვის საწოლის მაგივრობას სწევს. ზოგჯერ სახურავის გადმონაშვერი, რომელიც ხის ბოძებს ეყრდნობა, ქმნის ვერანდას – დამატებით ოთახს.
ცხირში ამგვარი სახლები ცოტაა. სამაგიეროდ, უხვი ბუნება აქ მოსახლეობის ცხოვრების პრიმიტიულ სტილთან სრულ ჰარმონიაშია. აქ გამუდმებული განახლების პროცესია. საკმარისია ერთი ხე მოიჭრას, რომ მისი ვარჯი ახალი ყლორტის ქორფა ფოთლებით იფარება. მდინარე ოქუმი სოფლის კუთვნილ ტერიტორიას საზღვრავს. ბობოქარი დინების მიერ მთებიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ლოდები ისე უცნაურად არის დაყრილი, რომ მდინარის კალაპოტი ხან ქუჩას მოგვაგონებს, ხან კი სხვადასხვა არქიტექტურულ ფანტაზიებს აღძრავს. ეს მდინარე არის ერისწყლის შენაკადი, რომელსაც იგი შავი ზღვამდე სამას მეტრში ერთვის; შესართავი სოფელ გუდავას მახლობლად არის. მდინარე ოქუმის სამურზაყანოს ნაპირზე არის ამავე სახელწოდების სოფელი – მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი – რომელიც იმ ადგილას მდებარეობს, სადაც მდინარე ლამაზ მეანდრს ქმნის.
საბერიოდან ჩემი მასპინძლის შვილმა გამომაცილა მისი კუთვნილი მიწების საზღვრამდე, სადაც უკვე მელოდა მახლობელი სოფლის ცხირის სტარშინა (სოფლის მერი) და სადამდეც დაღამებისას მივედი. წარჩინებული პირი, რომელმაც ჩემი მასპინძლობის პატივი მოიპოვა, საკუთარი ქოხის ზღურბლზე დამხვდა. დამსწრეთაგან მე ის იმ უზარმაზარი ეპოლეტით გამოვარჩიე, რომელიც მის ძველ ტანისამოსს ამშვენებდა. გავიგე, რომ ეს ეპოლეტი აფხაზეთში უკანასკნელი აჯანყებისას დაუმსახურებია, როდესაც მილიციელთა ბატალიონს მეთაურობდა. ამ აზნაურმა ძლიერ გამახალისა. „მე იუნკერი ლაკერბეი [Lakerbey] ვარ – მითხრა მან ცუდი რუსულით – თქვენ წინაშეა აქაური თავადი“. მეორე დღეს დავინახე როგორ არჩევდა სიმინდს: ეპოლეტს ისევ ატარებდა. ძლიერ ეამა, როცა შევთავაზე ჩემთვის ეპოზიორა თავისი ეპოლეტით, თუმცა ბოლო წამს იგი გაინძრა და ეს საპატიო ნიშანი პორტრეტზე არ გამოჩნდა.
მაღაზა სოფელ საბერიოში. პ. ლანგლუას ნახატი შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
კავკასიის ამ ნაწილში მრავალი ჩვეულება მოგვაგონებს იტალიის ადათებს: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი აქ შემოსვლა ამ მხარეში გენუელების გამოჩენით თარიღდება. იგივე ეხება ზოგიერთ ცრურწმენას, რომელიც ასევე გვხვდება იტალიაში, განსაუთრებით მის სამხრეთ ნაწილში. მაგალითად, ამგვარია jettatore-ს რწმენა, ანუ სულისა, რომელსაც გათვალვა შეუძლია და რომელსაც სამურზაყანოსა და აფხაზეთში რაპაპის [rapapi] უწოდებენ. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რაპაპის, რომელიც ცხოვრობს იდუმალ ადგილას სახელწოდებით ტაბაკონა [Tabachona], მიწაზე ჰყავს თავისი მიმდევრები და მომხრეები, რომლებსაც მაზაკუალი [mazaquali] ეწოდებათ.
ყოველი წლის 14 აგვისტოს ავი სულები წინამძღოლთან შესახვედრად იკრიბებიან. წინა საღამოს ისინი მისი გამოქვაბულისკენ მიფრინავენ: ზოგი მგელზე და ზოგიც ველურ კატაზეა ამხედრებული, ზოგი რკინის ქოთანში, ან დიდ კარდალაში ზის. ეს ავბედითი და დაუცხრომელი ამალა ფრენისას საშინელ ღრიანცელს გამოსცემს. ყოველი მისვლისას მათ რაპაპისთვის ადამიანის გული მიაქვთ – სწორედ ეს არის ამ საზეიმო შეკრების მიზანი. მთელი წლის მანძილზე მაზაკუალები დედამიწაზე რჩებიან მსხვერპლის საპოვნელად. ჩვეულების თანახმად, მათ შეუძლიათ ჩაძინებულ ადამიანს გული ამოგლიჯონ და ნაჭრით ან ნაბდის (აფხაზურად ოპა, opa) ნაკუწით შეცვალონ. გასაოცარი ძალით დაჯილდოებული რაპაპი ქვეყნის მთელ მოსახლეობას გაანადგურებდა, ღმერთს რომ არ ჰყავდეს იგი მიწაში ჩარჭობილ რკინის სოლზე მიჯაჭვული. იმ მაზაკუალს, რომელიც ტაბაკონას შეკრებაზე ხელცარიელი მივა, რაპაპი თავის მძიმე ჩაქუჩს მოუქნევს, მაგრამ, ამ დროს, პატარა გრძელკუდიანი ჩიტი სახელად სენიტიკა [senitika] სოლზე ჩამოჯდება; რაპაპი, რომელსაც ჩიტის დაჭერა სურს, მას ჩაქუჩს მოუქნევს, თუმცა ჩაქუჩი სოლს ხვდება და, ამგვარად, იგი ყოველ ჯერზე უფრო ღრმად ასობს სოლს მიწაში.
ოჯახი სამურზაყანოში. პ. ლანგლუას ნახატი შესრულებულია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.
სენიტიკას მორწმუნეები ღვთაებრივ არსებად მიიჩნევენ. იმ საღამოს, როდესაც მაზაკუალები თავისი პატრონის გამოქვაბულისკენ მიფრინავენ, ცრუმორწმუნე ხალხი კოცონის გასაჩაღებლად სიმინდსა და მის ღეროებს აგროვებს. ყოველი მათგანი სამჯერ უნდა გადაახტეს ცეცხლს, რომლის მიზანიც მფრინავი დემონებისთვის ფრთების დაწვაა, და, ამგვარად, ხელი შეუშალოს ტაბაკონასკენ მათ სვლას. 13-დან 14 აგვისტოს, მთელი ღამის მანძილზე მოსახლეობა სიმღერითა და ცეკვით ფხიზლობს. იმის შიშით, რომ მაზაკუალებმა არ ისარგებლონ და წინდაუხედავ და დაუცველ ადამიანს გული არ მოპარონ, ყველა ყურადღებით არის – გათენებამდე არავის არ უნდა ჩაეძინოს. ამას გარდა, ოჯახის უფროსი ჰაერში თოფს ისვრის და თან იმეორებს: „დაე, ეს ტყვია ავ სულს მოხვდეს, რომ მე ზიანი ვერ მომაყენოს!“ ყოველი სახლის წინ მიწაში ჩასმულია ხის ჯვარი – ნიშანი, რომლისაც რაპაპისა და მის ჯაშუშებს განსაკუთრებით ეშინიათ.
აფხაზეთში სამხედრო რეჟიმის შენარჩუნება ადგილობრივ მატერიალურ და მორალურ წინსვლას აფერხებს. სრული ძალაუფლებით დაჯილდოებული ერთადერთი მმართველი აქაურობას საკუთარი სურვილისამებრ განაგებს და ყველა იძულებულია ამ დიქტატორის მცირე კაპრიზსაც კი დაემორჩილოს. ყოველი ადგილობრივი მოსახლის სიცოცხლე და ქონება ამ პირის ხელშია. იგი სამართლიანობითა და პატიოსნებით ყოველთვის არ გამოირჩევა და მისი უკანონობისგან არავინ არის დაცული. მის წინააღმდეგ გამოთქმული უმცირესი უკმაყოფილებაც კი უმალ აჯანყებად ფასდება და მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისია გაბედული ადამიანის ციმბირში გასაგზავნად. იგი ხშირად ცდილობს ჩაახშოს და ხელში იგდოს ყველა საჩივარი, სანამ ის იმ პირამდე მივა, რომელსაც ალბათ ენდომებოდა დაჩაგრულთათვის სამართლიანობის აღდგენა.
მართლაც, სამწუხაროა იმაზე ფიქრი, რომ ეს აფხაზური ტერიტორია, რომელიც ბუნებამ ასე უხვად დაასაჩუქრა, იმ დესპოტის ხელთაა, რომელიც მას სათავისოდ იყენებს და თავის კაცებთან ერთად საუკეთესო მამულებს ისაკუთრებს. ამ რეგიონში გზები საერთოდ არ არის, თუმცა როცა საქმე ეხება ამ მმართველის კუთვნილ მიწებამდე გზის გაყვანას, ამისთვის კი გამოინახება საშუალება. გენერალმა ჰიმანმა [Hyman][7], ერთ-ერთმა წინამორბედმა გუბერნატორმა, წესიერმა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დიდად პატივცემულმა ადამიანმა, შეაგროვა თანხა მაზრის ქვის სამტეხლოებამდე გზის გასაყვანად. რა გააკეთა მისმა მემკვიდრემ? მან სრულიად მოურიდებლად მოიხმარა თანხა სუხუმ-ყალეს მახლობლად მდებარე საკუთარ რეზიდენციამდე გზის მისაყვანად. მოკლედ რომ ვთქვათ, აფხაზეთი მისთვის არის უძრავი ქონება, რომელსაც იგი პირადი საჭიროებისამებრ იყენებს და საზოგადო ინტერესები, რომელთა დაცვაც მას საგანგებოდ მიანდეს, სრულებით არ აღელვებს[8].
ამის მიუხედავად, უკეთესი მომავალი თენდება ამ საუცხოო მხარისთვის, რომელიც საუკუნეების მანძილზე თითქმის განუვითარებელი დარჩა. 1876 წელს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მიწები განაწილდეს ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, რომლებიც უბრალო მიწის მუშებიდან ერთგვარ მეპატრონეებად იქცევიან. ეს დიდი რევოლუციაა იმ მხარისთვის, რომელშიც შერვაშიძეების დინასტიის სათავეში მოსვლის დღიდან არავინ არ ყოფილა ერთი მტკაველი მიწის მფლობელიც კი და მხოლოდ თავადები განკარგავდნენ ტერიტორიებს.
შერვაშიძეთა ოჯახი წარმომავლობით სპარსეთიდანაა. მისი პირველი წარმომადგენელი აფხაზეთში მმართველის რანგში მოვიდა, როდესაც მეფე ალექსანდრე I-მა საქართველო თავის სამ ვაჟს გაუნაწილა (1440-1442). აფხაზებმა მას მისცეს წოდება ახუ [ahu], რაც მათ ენაზე მთავარს ნიშნავს. რაც შეეხება შერვაშიძეთა გვარის ეტიმოლოგიას, იგი მოდის შირვანიდან. ეს პირველი მმართველი წარმომავლობით იყო სპარსეთის პროვინცია შირვანიდან, რომელიც იმ დროს საქართველოს ემორჩილებოდა; საკმარისი იყო მისთვის დაემატებინათ ვაჟის, შთამომავლის აღმნიშვნელი სუფიქსი -შიძე რათა შეექმნათ სიტყვა შერვა-შიძე.
მაგრამ დავუბრუნდეთ მიწის საკითხს. დესპოტურად მართულ და ფეოდალური წყობილების ქვეშ მცხოვრებ აფხაზებს, კვლავ ვიმეორებ, მიწაზე არანაირი უფლება არ ჰქონდათ. თავადს ნებისმიერ დროს, საკუთარი სურვილისამებრ შეეძლო მათი გაყრა იმ ყანიდან, რომელიც მათი ნაშრომ-ნაოფლარი იყო. რუსეთის ანექსიის დროს, 1864 წელს, დამუშავებული მიწები იმ მეპატრონეთა ხელში დარჩა, რომლებიც მათ ისედაც ფლობდნენ, დაუმუშავებელი მიწები კი დროებით ჩამოერთვათ, რათა მოგვიანებით ადგილობრივ მოსახლეთა შორის განაწილებულიყო. სწორედ ეს განაწილება სრულდება ახლა. ამ ღონისძიების გატარებით, პირველ რიგში, შეწყდება აფხაზებს შორის დაუსრულებელი დავა მიწის ამა თუ იმ ნაკვეთის გამო, რომელსაც კანონიერი მფლობელი არ ჰყავს; ამას გარდა, ეს გაამდიდრებს მხარეს, რადგან შემოსავლის მიღება აქამდე უსარგებლო უძრავი ქონებიდან განსაკუთრებით გაიზრდება. ალბათ, აგრარული კომისია, რომელსაც ამ განაწილების ხელმძღვანელობა ევალება, ვერ იქნება სრულიად უნაკლო: ზუსტი კრიტერიუმების არქონის გამო, იგი ზოგჯერ საკუთარი მოსაზრებით იმოქმედებს, ერთის საზიანოდ მეორეს შეუწყობს ხელს; მაგრამ, საბოლოო ჯამში, აღსრულდება ის უდიდესი ფაქტი, როცა ყოველი ადამიანი ამიერიდან ამა თუ იმ ზომით გახდება მიწის მეპატრონე.
თავადები მიიღებენ წილს მათი წოდების, ჯილდოებისა და, ასევე, თითოეული მამულიდან გათავისუფლებული ყმების რაოდენობის მიხედვით. ძველი მმართველი ოჯახის შთამომავლებს დაუმტკიცდებათ, დავის გარეშე, უფლება იმ მიწებზე, რომლებსაც თვითონ განსაზღვრავენ. ამის შემდეგ, საბოლოოდ დადგინდება საზღვრები ყოველ თემს შორის და ადგილობრივი თავადაზნაურობა დანარჩენი იმპერიის არისტოკრატიასთან ასიმილირდება.
ფეოდალური წყობისას აფხაზეთის მოსახლეობა მრავალ კატეგორიად იყოფოდა. პირველ რიგში, რამდენიმე სხვადასხვა კლასი არსებობდა თავადაზნაურობაში: პირველს ქმნიდა მმართველი თავადი, მის ცოლთან, ვაჟებთან და ქალიშვილებთან ერთად; მეორე შედგებოდა ახუს ოჯახთან დაახლოებული იმ პირებისგან, რომელსაც სიცოცხლის განკარგვის უფლება ახუს ჰქონდა; მესამეში შედიოდა დანარჩენ თავადთა ოჯახები და მეოთხეში კი უბრალო აზნაურები. არისტოკრატიასა და ხალხს შორის არსებობდა შუალედური ფენა – შინაყმა [chinakma], ერთგვარი მილიცია, რომლის მოვალეობაც იყოს მზადყოფნა და იარაღის ტარება.
და ბოლოს, უბრალო ხალხი, რომელიც თავის მხრივ ასევე იყოფოდა კატეგორიებად: სათავეში იყო ანხაიუ [anghaïvé] ანუ მიწათმოქმედები, რომელთაც ბატონის შეცვლისა და საკუთარი დროის თავისუფლად განკარგვის უფლება ჰქონდათ, გარდა თესვისა და მოსავლის აღების პერიდისა; მეორე საფეხურზე – ახოიუ [akhouyou] დაოჯახებული ყმები, რომლებსაც კვირის 6 სამუშაო დღიდან 3 დღე ბატონისთვის უნდა ეშრომათ; სწორედ ესენი წურავდნენ ყურძენს, რომელიც მიწათმოქმედებს მოჰქონდათ; და ბოლოს, ყველაზე დაბალი ფენა, ახაშალა [agkachal] – ნამდვილი მონები, საქონელზე იაფად შეფასებული, ხშირად ისინი ომიდან წამოყვანილი ტყვეები იყვნენ. ნაყიდი მონები 15 წლის ასაკამდე ატარებდნენ ახაშალის სახელს; შეუღლების შემდეგ (ბატონის ვალი იყო მათთვის, სქესის შესაბამისად, ქმარი ან ცოლი ეყიდა) ისინი ერთი საფეხურით მაღლა ადიოდნენ, ხდებოდნენ ახოიუ [akouyou] და მხოლოდ მას შემდეგ შეეძლოთ პირადი საკუთრების ქონა[9].
სამურზაყანოელი თავადის იუნკერ ლაკერბეის ოჯახი. ა. სირუის ნახატი შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
1871 წლიდან, ბატონყმობიდან გათავისუფლებული გლეხები თანასწორუფლებიანები შეიქნენ, თუმცა არ ეტყობათ რომ მათ რამენაირად შეუგნიათ მათ ბედში მომხდარი ეს ცვლილება; ისინი ისეთივე დაბეჩავებულები და შეშინებულები დარჩნენ, როგორც ბატონყმობისას. მათ შორის მიწების განაწილება, ისევე როგორც აზნაურებს შორის, უნდა მოხდეს ძველი წოდების მიხედვით. მაშინ როდესაც, ყოველი თავადის ოჯახი მიიღებს 100-დან 250 დესიატინამდე მიწას (ეს საზომი ერთეული დაახლოებით ერთ ჰექტარს უდრის), და ყოველი აზნაური – 25-დან 150-მდე, ანხაიუს ოჯახს გამოეყოფა 10-12 დესიატინა და ყოველ ახაშალას კი ინდივიდუალურად 3-დან 5 დესეტინამდე. მიზეზი, რომლის გამოც ამ უკანასკნელებს უფრო უკეთ ექცევიან, ვიდრე მიწათმოქმედებს, იმაში მდგომარეობს, რომ იმას, ვინც მიწას ამუშავებდა შეეძლო თავისი შრომიდან მოგების მიღება, მაშინ როდესაც მონებს არ ჰქონდათ უფლება არაფერზე და დანაზოგის შექმნა არ შეეძლოთ.
უკანასკნელი ომის შემდეგ მიწები ახლებურად გადანაწილდა, ვინაიდან ბევრმა აფხაზმა საკუთარი მიწები მიატოვა და მხარე დატოვა. დღეს აქ გამეფებული სიღარიბე გამოწვეულია იმით, რომ ამ მიტოვებულ მიწებს ჯერ შემოსავალი არ მოაქვს.
აქვე აღვნიშნავ, რომ ამიერკავკასიის მაზრებს შორის აფხაზეთი ყველაზე გვიან შეიგრძნობს პიროვნული თავისუფლებით გამოწვეულ სარგებელს. ეს გამოწვეულია იმით, რომ უკანასკნელ ახუს [ahu], რომელმაც რუსეთის მფარველობა მიიღო, ამ მხარის მართვის ნება დართეს. ბუნებრივია, მას არანაირი ცვლილება არ შეუტანია ოთხასი წლის მანძილზე არსებული მმართველობის ფორმაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს აქ გამეფებული წარმოუდგენელი სიველურე. როგორც უკვე ვთქვი, აფხაზებს არ გააჩნიათ დამწერლობა; მათი ენა, რომელიც უახლოეს მეზობლებსაც კი არ ესმით (სამურზაყანოში მეგრულად ლაპარაკობენ), წარმოადგენს ხორხისმიერი და სისინა ბგერების ნაკრებს; ეს დიალექტია, რომელშიც ძალიან ცოტა სიტყვაა, რაც დაკავშირებულია ამ ნახევრად პრიმიტიულ მდგომარეობაში მყოფი ხალხის უკიდურესად ღარიბ მოთხოვნებთან და იდეებთან[10]. მას აკლია გამოთქმები, თუნდაც ყველაზე მარტივი რამეების გამოსახატავად. აფხაზს არ ესმის არც დროისა და არც სეზონების დაყოფა; მისთვის დღე მზის ამოსვლით იწყება და ჩასვლით სრულდება. იგი ზამთარს ზაფხულისგან განასხვავებს, მაგრამ გაზაფხულს შემოდგომისგან ვერა. მოკლედ რომ ვთქვათ, ადგილობრივი თავადაზნაურობა ვერ შეიტანს იმ წვლილს, რომელიც აფხაზეთმა უნდა შეიტანოს რუსულ არისტოკრატიაში და ვერ შექმნის გამორჩეულ ჯგუფს იმპერიის ელიტაში. აფხაზი დიდებული ცალკე ინდივიდია, რომლის შესახებაც აზრის შექმნა რთულია, მაშინაც კი, როცა ჩვენთვის უკვე ნაცნობია ის უქნარა, უვიცი და უსუფთაო გარემო, რომელშიც ეს ფენომენალური არსება ცხოვრობს. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ადგილობრივი პრივილეგირებული კასტა არ ფლობს არც სიგელ-გუჯრებსა და არც დიპლომებს. მისი ტიტულები მხოლოდ ადგილობრივი ზეპირი გადმოცემით არის ცნობილი, ასე რომ, ზემოხსენებული კომისიის მუშაობის დროს ამ ძონძებში გამოწყობილ თავადებსა და აზნაურებს საკუთარი უფლებების დასადასტურებლად უწევდათ ისეთი ცოცხალი რეესტრისთვის მიმართვა, როგორსაც წარმოადგენს ხალხის მეხსიერება: Vox populi, vox Dei!
თუ სამ მეზობელ პროვინციას – სამეგრელოს, სამურზაყანოს და აფხაზეთს ერთმანეთს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ცივილიზაცია ისევე ვითარდება, როგორც ამ რეგიონების გარშემო მთების ათვისება ხდება. სამეგრელოს, რომელიც სოციალურად ყველაზე წინ დგას, აქვს ტყით დაფარული დამუშავებული მაღლობები; შედარებით ჩარმოჩენილი სამურზაყანო ნახევრად ველურ რელიეფს წარმოადგენს; და ბოლოს, თითქმის პირველყოფილ მდგომარეობაში მყოფი აფხაზეთი არის დაუმუშავებელი მთა-გორების ლაბირინთი, რომელსაც ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებია.
მიუხედავად იმისა, რომ ტიპაჟითა და ხასიათით უფრო უხეშები არიან, ვიდრე მეგრელები, რომლებიც ვაკე ადგილებში ცხოვრობენ და მეზობელი მხარეების მცხოვრებლებთან უკეთესი კონტაქტი აქვთ, სამურზაყანოელი მთიელიები უფრო მეტად გვანან უძველესი კოლხეთის მცხოვრებლებს, ვიდრე აფხაზებს. მე უკვე აღვნიშნე, რომ მათი ენა მეგრულია – დიალექტი, რომელიც ქართული ენიდან არის წარმოებული და ქართული ანბანით სარგებლობს. ამასთანავე, ორივე ხალხი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაშინ როდესაც აფხაზთა რელიგია წარმოადგენს ორ ერთმანეთში არეულ სარწმუნოებას, რომლებიც მორიგეობით ბატონობდნენ ამ მხარეში – მაჰმადიანურსა და ქრისტიანულს. თუმცა, ბუნებით ნაკლებად რელიგიური და საეკლესიო მსახურებაში გაურკვეველი სამურზაყანოელი იშვიათად მიდის ეკლესიაში.
თვალწარმტაცი სოფელი ოქუმი, რომელიც ამავე სახელწოდების მდინარეზე მდებარეობს, ამ მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. 1876 წლის მაისში, ეს ადგილი დაახლოებით 3 000 სულ მოსახლეს ითვლიდა და ძირითადად თავადაზნაურობისგან შედგებოდა. ყველა მათგანი ფლობს არაჩვეულებრივ მიწებს, რომელთა დამუშავებაც სამწუხაროდ არ იციან. სიმინდი და აქა-იქ ცოტა ხორბალი – აი, ვიმეორებ, ერთადერთი პროდუქტი ამ შესანიშნავად მორწყული მიწებისა, რომელსაც შესაბამისი მოვლისას უთვალავი სიმდიდრე უნდა მოჰქონდეს. ადგილობრივ გლეხებს რაც შეეხებათ, მათი ავლა-დიდება საქონელია და როცა დაინახავთ თუ როგორ აბალახებენ პირუტყვს, მაშინვე გაგახსენდებათ ბიბლიური მწყემსები, რომლებსაც ისინი სხვათაშორის ძალიან გვანან. თხა და ცხვარი აქ საგანგებო ყურადღებისა და ზედამხედველობის ქვეშ არის, მაშინ როდესაც ძროხა, ცხენი და კამეჩი თავისუფლად დასეირნობს: სწორედ ამის ბრალია ხშირი და ადვილი ქურდობა, რომელიც, სხვათაშორის, საპასუხო ქურდობას იწვევს და რის შესახებაც ერთხელ უკვე ვისაუბრე.
უზომოდ ცრუმორმწუნე და მუდმივად გათვალვის მოშიში მწყემსები, სხვადასხვა რიტუალს ატარებენ და მათ საკმაოდ ეფექტურადაც მიიჩნევენ. მაგალითად, როდესაც საქონელს მარილის მისაღებად ზღვისკენ გარეკავენ, მწყემსები ჯერ თვითონ სვამენ ზღვის წყალს. პირუტყვის გაყიდვის შემთხვევაში რამდენიმე ბეწვს აგლეჯენ – ეს ერთგვარი თილისმაა, რომელმაც დანარჩენი ფარა ცუდისგან უნდა დაიცვას. აქ ფული მიმოქცევაში არ არის, პირდაპირი გაცვლა წარმოებს – მჟავე რძის გარკვეულ რაოდენობას ქათამზე ცვლიან, ამდენ გოჭს კი ტანსაცმელზე, რომლის ქსოვილიც ქალების დართული და მოქსოვილია.
თავისი ორი მეზობლის, მეგრელისა და აფხაზის მსგავსად ზარმაცი და უსაქმური სამურზაყანოელი ცხენების სახელგანთქმული ქურდია. ეს გატაცება ამ მხარის ჭირი და სირცხვილია. ამ საქციელის აღმოსაფხვრელად მთავრობამ გადაწყვიტა სასჯელის შემოღება, რომელიც ამ მთიელებისთვის ყველაზე საშინელი სასჯელია – რუსეთში გადასახლება. იმაზე გაფიქრებაც კი, რომ ოჯახისგან შორს, რომელიღაც შიდა გუბერნიაში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, შიშის მომგვრელ რუსებს შორის უნდა იცხოვროს, ადგილობრივებს სიმამაცეს აკარგვინებს. მსგავსი ტიპის საპატიმრო კოლონიები ძირითადად თავადაზნაურობით არის დასახლებული, ვინაიდან საზოგადოების სწორედ ეს ფენა იძლევა ზემოხსენებულ ქურდობაზე დაჭერილ ყველაზე მეტ დამნაშავეს. თუ დაპატიმრებული შეძლებულია, მაშინ იგი საკუთარი სახსრებით ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახელმწიფო ინახავს და, სხვათაშორის, არანაირ სავალდებულო სამუშაოს არ აკისრებს.
ცხენების ქურდი სამურზაყანოელი თავადი. პ. ფრიტელის ნახატი შესრულებულია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოს მიხედვით.
ბევრი ამგვარად გადასახლებული სამურზაყანოელისთვის რუსეთში იძულებით ყოფნა ერთგვარად მათ ხალხში გამოსვლას იწვევს; ეს ერთგვარად ცივილიზაციასთან მათი პირველი ზიარებაა. ზოგიერთი მათგანი, თუმცა ასეთები ცოტანი არიან, იმდენად კარგად ეგუება გადასახლებას, რომ მშობლიურ მთებში დაბრუნებისთანავე ჩქარობს დანაშაულის ხელახლა ჩადენას ერთადერთი მიზნით – ხელახლა გადაასახლონ იმ შორეულ მაზრაში, რომლისაც მის გაცნობამდე ისევე ეშინოდა, როგორც ციმბირის.
სამურზაყანოში 1876 წელს, დაახლოებით 24 ათას სულ მოსახლეზე იყო ვაჟთა ხუთი სკოლა ამდენივე მიმდებარე სახლით, რომლებშიც მოშორებული სოფლებიდან ჩამოსული ბავშვები ცხოვრობდენ. გოგონების სკოლა ჯერ არ არსებობს სამურზაყანოსა და აფხაზეთში, გარდა სუხუმ-ყალეს სკოლისა. იმ დროს ოქუმის სკოლაში 76 მოსწავლე იყო. მიმდებარე პანსიონს, რომელიც ადგილობრივთა შემოწირულობით აშენდა, 40 ბავშვის მიღება შეუძლია. ეს თავშესაფარი, ასე აუცილებელი ამ მხარისთვის, სადაც ცუდი გზები და წყალდიდობები ხშირად ხელს უშლის სკოლაში დასწრებას, გათვალისწინებულია ყველაზე ღარიბი ბავშვებისთვის და მისი შენახვა ნებაყოფლობითი შენატანებით ხდება, რომელშიც ყველას აქვს ფიქსირებული წვლილი: ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ განათლების ფასი და მისი ამაღორძინებელი თვისებები ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ესმის.
30 წლის წინ აშენებულ და მშვენივრად მართულ ოქუმის სკოლაში, სასწავლო პროგრამა იმდენად სრული იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია დიდი ცენტრისგან მოშორებულ სოფელში; კითხვა, წერა, არითმეტიკა, ელემენტარული გეომეტრია, ხატვა, გეოგრაფია, წმინდა წერილი, კარნახი, ბიბლია – აი, ჩამონათვალი იმ სხვადასხვა საგნებისა, რომლებსაც რუსულად ასწავლის ორი მასწავლებელი: სამურზაყანოელი, რომელმაც განათლება ტფილისში მიიღო და რუსი. ქართველი მღვდელი რელიგიურ განათლებას აძლევს მოსწავლეებს და სახარებას ქართულად ხსნის. ამას გარდა აქ ტარდება სიმღერისა და ტანვარჯიშის გაკვეთილები. ყოველ დილით, ლოცვის შემდეგ, კითხულობენ მოსწავლეთა სიას და იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც სკოლას საპატიო მიზეზის გარეშე აცდენენ, ჯარიმდებიან 10 კაპიკით. ეს თანხა სკოლის სალაროში შედის. იქ ჩემი პირველი ყოფნისას მოსწავლეებს ამღერეს იმპერატორისადმი მიძღვნილი პუშკინის ოდა და, ასევე, მრავალი მეგრული და ქართული სიმღერა. უნდა ვთქვა, რომ გუნდს ჰარმონია სრულიად აკლდა – როგორც ჩანს ეს ხალხი მუსიკალურობით არ გამოირჩევა.
ოქუმის სკოლა. ა. ფერდინანდუსის ნახატი შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
ოქუმის სკოლიდან, სადაც სწავლა უფასოა, მოსწავლეები ჩვეულებრივ გადადიან სოხუმის და იქიდან კი სტავროპოლის სკოლაში, თუ განათლების მიღების დასასრულებლად რუსეთის რომელიმე სხვა გიმნაზიაში არ წავლენ.
ოქუმში ასევე არის ლამაზი ეკლესია, რომელშიც მსახურობს ორი მღვდელი, რუსი და ქართველი. ქართველი სამურზაყანოს ეკლესიების წინამძღვარია; ყველა ეკლესია, ისევე როგორც სკოლები, ტფილისში არსებული საზოგადოების დაფუძნებულია. ამ დაბაში ასევე არის ბაზარი, სადაც მედუქნეთა უმეტესობა მეგრელია. სამურზაყანოელები არანაირ ხელობას არ მისდევენ: ადგილობრივი მეპურე და ზეინკალი ბერძნები არიან. თურქები აქ არ არიან, თუმცა გვხვდებიან აფხაზეთში, სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში და ბიჭვინთის მაზრაში.
სამურზაყანოს ყოველი ოჯახი, რამდენი წევრისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი, ყოველ წელს იხდის სახელმწიფო გადასახადს ორი რუბლის ოდენობით. სამხედრო ვალდებულება ჯერ არ არის განსაზღვრული, თუმცა ომის შემთხვევაში ყველა ჯარისკაცად ეწერება. ადგილობრივი მილიცია განთქმულია სიმამაცით: მან ეს მრავალჯერ დაამტკიცა და, განსაკუთრებით კი, დალის აჯანყებისას [rébellion du Dal] (1840 წელი), ჩერქეზეთის მეზობელ მხარეში, სუხუმ-ყალედან დაახლოებით 60 ვერსში. ამ შემთხვევის გამო იმპერატორმა მილიცია აბრეშუმის წითელი დროშით დააჯილდოვა, რომელზეც გამოსახული წმინდა გიორგი გველეშაპს განგმირავს და ორენოვანი წარწერა, რუსულად და ქართულად, ამ საჩუქრის მიზეზს გვამცნობს. ამჟამად განიხილავენ საკითხს სამურზაყანოში მილიციის არარეგულარული პოლკის შექმნის შესახებ, იმის მსგავსად, რომელიც არსებობს ქუთაისსა და დაღესტანში.
ოქუმი რუსეთის შემოქმედებაა. ადგილობრივი მთავრები შერვაშიძეთა ოჯახიდან ენგურის ნაპირზე, ნაბაკევში ცხოვრობდნენ, ოცარცესა და მდინარის შესართავს შორის. ეს დაბა თვალწარმტაც ადგილას არის: ერთი მხრიდან თითქმის დაახლოებით 25 ვერსზე გადაჭიმულია მინდორი, რომელიც შავ ზღვასთან სრულდება; დანარჩენ სამ მხარეს აღმართულია უღრანი ტყეებით დაფარული მთები; ერთ მათგანზე უხვად იზრდება მარცვლეული მცენარის ნაირსახეობა, რომელსაც საცხოვრებლების გადასახურად იყენებენ და მათ მოსაძებნად აქ ყველა მხრიდან მოდიან. ამ მთიდან შორიახლოს რეჩხის [Retchi] ციხის ნანგრევებია.
ოქუმის ბაზარი. ა. ფერდინანდუსის ნახატი შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
უკანასკნელი ომის შემდეგ ოქუმმა სამწუხარო ცვლილებები განიცადა. აქაურობა მოსახლეობისგან დაიცალა, მინდვრები გაჩანაგდა, ბაზარი გაუკაცრიელდა და დიდი სიღარიბე სუფევს. სკოლას აღარ ჰყავს აქ მცხოვრები პედაგოგები, დარჩა მხოლოდ დაწყებითის კლასის მასწავლებელი, რომელიც ბედიაში ცხოვრობს – ვაჟი ცხენების იმ სახელგანთქმული ქურდისა, რომელმაც 1876 წელს მიმასპინძლა. სკოლის მომიჯნავე სახლი, რომელშიც ომის დროს ჰოსპიტალი იყო, ნანგრევებად ქცეულა.
თუ ადგილობრივი თავადები გულთბილად მიღებდნენ, ასევე არანაკლებ კარგად მხვდებოდნენ იმ სხვადასხვა მაზრის რუსი უფროსები, რომელთა გავლაც მიწევდა. ამ ხანგრძლივი მოგზაურობისას, აზნაურის თუ გლეხის სახლის ჭერქვეშ, არ შემხვედრია სხვა მენიუ, გარდა მუდმივი სიმინდის შეჭამანდისა და იდუმალი რაგუსი, რომელშიც ხელით აწობდნენ სქელ ცომეულს[11]. და ამ ყველაფრის შემდეგ რა სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის, როდესაც შემთხვევით შევძელი მაგიდას მივჯდომოდი იქ, სადაც სცენაზე ცივილიზაცია დაბრუნდა. პირველად ეს ოქუმში მოხდა, მაზრის უფროსის სახლში, რომელსაც მზარეულად ჰყავდა კაზაკი სახელად ადამი, რომლის კულინარიული ნიჭი პატივს დასდებდა ქვაბების ნებისმიერს ნაფიც ხელოვანს. მაშასადამე, კვლავ მქონდა ნამდვილი კერძები, ნამდვილი საწოლი, და არა ხის მერხები, სუფთა ზეწრები, სხვისი უსუფთაო შეხებით წაუბილწავი ბალიშის პირი და ჯერ კიდევ დაუსვრელი პირსახოცი! და ყველაფერთან ერთად, ახლა გვერდით მყავდა მაზრის უფროსის ცოლი, რომელიც ფრანგულად, მეგრულად, რუსულად საუბრობდა და მეგზურობას მიწევდა. მან ასევე გამაცნო რამდენიმე ადგილობრივი საქმე, რომლებსაც ამ მოხელემ განაჩენი გამოუტანა. ამ მიზნით, თვეში რამდენჯერმე, კანცელარიის წინ მინდორზე, რომელიც ასევე ტრიბუნალის მოვალეობას ასრულებდა, იკრიბებოდნენ ის ადგილობრივი მცხოვრებლები, ვისაც სასამართლო პროცესი ჰქონდა, რომ თარჯიმნისგან მოესმინათ რუსი მმართველის განაჩენი, რომელმაც, ჩვეულებრივ, არ იცოდა მათი ენა.
ოქუმის სასამართლო. ა. ფერდინანდუსის ნახატი შესრულებულია კარლა სერენას ფოტოს მიხედვით.
ამ ადგილებში, სადაც უცხოელები იშვიათად გვხვდებიან, ჩემი ჩამოსვლა სენსაციად იქცა. ყველა ჩემკენ მოიჩქაროდა ზომიერი ცნობისმოყვარეობით და უნდა აღვნიშნო, რომ, მათი მოკრძალებული და თავაზიანი ქცევა, მოწიწებული და თავდაჭერილი იერი ამტკიცებს, რომ ამ ხალხს, რომელიც ბავშვობიდან ახლა გამოდის, წესიერების ინტუიციური გრძნობა და თანდაყოლილი ზრდილობა აქვს.
სამურზაყანოელი ლამაზ ტიპს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ანგლო-საქსონურ ტიპს მაგონებს. ცუდი კვების მიუხედავად, მამაკაცები ძლიერები არიან, თეთრი კანითა და, ჩვეულებრივ, ცისფერი თვალებით. მეგრელების მსგავსად ისინიც ჩერქეზულ ჩოხასა და ბაშლიყს (კაპიუშონი) ატარებენ. ქალებს არ აქვთ ეროვნული კოსტუმი, ისინი ევროპულ ყაიდაზე, თუმცა უცნაურად და საცოდავად იცვამენ. გრძელი ნაწნავები ჩამოშვებული აქვთ და თავზე ფერად თავსაფარს, სადღესასწაულოდ მორთვისას კი თეთრ მანდილს იხურავენ. მათი სქესისთვის დამახასიათებელმა ბუნებრივმა სიკეკლუცემ მათ ასწავლა გალამაზების ერთი ვერაგული საშუალება, რომელიც ფერ-უმარილის გადაჭარბებით გამოყენებაში მდგომარეობს. მათი „მათეთრებელი“ დამზადებულია ცხვრის ქონისგან, რომელსაც დამატებული აქვს კალის ფხვნილი და ცოტა ვერცხლი. ეს საცხი ნაოჭებს აჩენს და სახის კანს ყვითელ ფერს აძლევს იმდენად, რომ ფერ-უმარილის გარეშეც სახე სიყვითლისგან კომშს მიუგავთ. წარბების შესაღებად ისინი კვიპაროზის ნაყოფის ნახარშს იყენებენ. დასასრულ, მათი „წითელი“[12] კენკრის წვენია, რომელსაც აქ ალაშისფერს [alachisperi] უწოდებენ. ჭუჭყიან ძონძებში გადახვეულ ამ ძვირფას ინგრედიენტებს ტანსაცმლის იმ ნაწილში მალავენ, რომელსაც ინგლისელები „გამოუთქმელს“[13] უწოდებენ. ჩვენი ლამაზმანები სარკედ ახლომდებარე წყაროს იყენებენ, და ხშირად მომხდარა, რომ ბროლივით გამჭვირვალე წყლის ნაპირას მალულად მისულები, იქ მოულოდნელად შეხვედრიან ერთმანეთს. დავამატებთ, რომ აქ ქალები არანაირ მძიმე სამუშაოს არ ასრულებენ, რაც მათ ხელს არ უშლის აქტიურობასა და მამაკაცებზე მეტად მუშაობაში. ვიმედოვნებთ, რომ განათლების სიკეთე მალე მათზეც გავრცელდება.
(გაგრძელება იქნება)
Carla Serena. Excursion au Samourzakan et en Abkhasie. Le Tour du Monde, 1882, XLIII. Paris, Librairie Hachette et Cie.
[1] მადამ სერენას აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ, იტალიის მეფემ მოაჭრევინა ოქროს დიდი მედალი მისი გამოსახულებით. იტალიის ვარსკვლავის ქვემოთ ამოტვიფრულია წარწერა: A Carla Serena benemerita degli studi etnografici. Esploratrice corragiosa delle regioni Caucasee. 1882 („Le Tour du Monde“-ის რედაქტორის შენიშვნა)
[2] იხ. ჩემი წიგნი „ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე. ჩემი მოგონებები“.
[3] ზურაბ ჩხოტუა (ჩხოტიევი) – გენერალ-მაიორი, მიხეილ შერვაშიძის შვილების აღმზრდელი (მთარგმნელის შენიშვნა).
[4] ღომის (მთარგმნელის შენიშვნა)
[5] სავარაუდოდ იგულისხმება მდინარე ერისწყალი, დიდი ერისწყალი – მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარცხენა შენაკადი (მთარგმნელის შენიშვნა).
[6] აკვასკია, აკვასქია – სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (მთარგმნელის შენიშვნა).
[7] სავარაუდოდ იგულისხმება რუსი გენერალი ვასილ გეიმანი, 1823-1878 (მთარგმნელის შენიშვნა).
[8] გენერალი კრავჩანოვი [Krafchanof], რომელმაც ასეთი ზიანი მიაყენა აფხაზეთს, არ დაიცვა სუხუმ-ყალე, რის შედეგადაც იგი თურქების ხელში ჩავარდა ბოლო ომის დროს.
[9] აფხაზური სიტყვები აქ გამოთქმის მიხედვით არის ჩაწერილი, ვინაიდან ენას დამწერლობა არ აქვს.
[10] ამაო გამოდგა ამ სისინა ბგერების ასოებით გადმოცემის მცდელობა.
[11] იგულისხმება ღომი (მთარგმნელის შენიშვნა).
[12] იგულისხმება ტუჩსაცხი (მთარგმნელის შენიშვნა).
[13] Inexpressible – ფრანგულში მოძველებული ანგლიციზმი, აღნიშნავს ნიფხავს ან შარვალს (მთარგმნელის შენიშვნა).











Commentaires
Enregistrer un commentaire