კარლა სერენას „მოგზაურობა კავკასიაში“
ანა ჭეიშვილი
კარლა სერენა (1820-1884) ერთ-ერთი პირველი ევროპელი მოგზაური ქალია, რომელმაც 1874-1880 წლებში მარტომ მოიარა ეგვიპტე, სირია, ლიბანი, წმინდა მიწა, საბერძნეთი, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიები და სპარსეთი (სკინერი 2015ა). მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო კაროლინ ჰარტოგ მერგენთაიმი[1]. იგი დაიბადა ანტვერპენში, ებრაულ ოჯახში და იტალიელ ვაჭარ ლეონ სერენასთან ქორწინების შემდეგ ვენეციაში გადავიდა საცხოვრებლად (არტონი 2017: 110) (არტონი 2019: 46). 1849 წელს, პოლიტიკური მოვლენების გამო, წყვილი იძულებული გახდა იტალია დაეტოვებინა და ლონდონში გადასულიყო.
კარლას სერენას საქართველოში მოგზაურობით 2008 წლიდან დავინტერესდით, როდესაც პარიზში, ბუკინისტებთან ვნახეთ ფრანგულ ჟურნალში „მსოფლიოს გარშემო“ (Le Tour du Monde) გამოქვეყნებული მისი სტატია სამურზაყანოსა და აფხაზეთში მოგზაურობის შესახებ (სერენა 1882). სტატია უხვად არის ილუსტრირებული სერენას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტოების მიხედვით შესრულებული გრავიურებით. ერთ-ერთმა გრავიურამ, რომელზეც გამოსახულია ილორის ეკლესიაში დაცული საგანძური, მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადღება. ტექსტის მიხედვით, სერენამ ეს ფოტო 1881 წლის ნოემბერში გადაიღო და სასულიერო პირი, რომელიც გრავიურაზე ჩანს, ილორის ეკლესიის წინამძღვარი ზოსიმე ხელაიაა. მოგვიანებით, ამ გრავიურის, მასზე აღბეჭდილი ბედიის ბარძიმისა და კარლა სერენას საქართველოში მოგზაურობის შესახებ პირველი მოხსენება გავაკეთეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფარესიშვილი 2011).
1880-1884 წლების მანძილზე, კარლა სერენამ არაერთი სტატია და წიგნი გამოაქვეყნა თავისი მოგზაურობის შესახებ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალში „მსოფლიოს გარშემო“ გამოქვეყნებული სტატიების სერია და 1881 წელს გამოქვეყნებული წიგნი (სერენა 1881). ამ პუბლიკაციებში სერენა 1875-1877 და 1881 წლებში საქართველოში მოგზაურობას აღწერს. წიგნისგან განსხვავებით, სტატიები ილუსტრირებულია გრავიურებით.
კარლა სერენა მოგზაურობის დასრულებიდან მალევე, 1884 წელს, გარდაიცვალა. უცნაურია, მაგრამ მისი სახელი დავიწყებას მიეცა და XX საუკუნის მანძილზე არცერთ სამეცნიერო პუბლიკაციაში თუ მოგზაურთა შესახებ ენციკლოპედიაში არ არის ნახსენები. მხოლოდ 2006 წელს, იტალიელმა ჟურნალისტმა, დანიელა პიცაგალიმ მიუძღვნა წიგნი, რომელშიც აღწერა სერენას მოგზაურობა მის სიცოცხლეშივე გამოქვეყნებული სტატიებისა და წიგნების მიხედვით (პიცაგალი 2006). კარლა სერენას ცხოვრებას სტატიები ასევე მიუძღვნეს პიტერ სკინერმა (სკინერი 2015ა) და დანიელე არტონიმ (არტონი 2017) (არტონი 2019). დღეისთვის ამ ავტორების მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებს ჩვენ ახალს ვერაფერს შევმატებთ, რადგან სერენას არქივებისა და, განსაკუთრებით კი, ფოტოების მრავალწლიანი ძიება უშედეგო აღმოჩნდა. მხოლოდ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 1883 წელს, პარიზში, სახვითი ხელოვნების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კარლა სერენას მიერ გადაღებული ფოტოები (ოდუარ 1883: 284), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი პირველი ფოტოგრაფი ქალია, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა.
სერენას პუბლიკაციების ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმანი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ გადავწყვიტეთ მკითხველს წარვუდგინოთ პირველი ტექსტი, რომლითაც იწყება ჟურნალში „მსოფლიოს გარშემო“ გამოქვეყნებული სტატიების სერია (სერენა 1880). დღემდე ქართულად გამოქვეყნებულია მხოლოდ კარლა სერენას აფხაზეთში, ახალციხესა და ახალქალაქში მოგზაურობის ამსახველი ტექსტების ნაწილი (გაფრინდაშვილი 2021: 177-263), რომელიც შესრულებულია არა ფრანგული დედნიდან, არამედ ინგლისურ ენაზე თარგმნილი ვერსიიდან (სკინერი 2015ბ). სამწუხაროდ, ინგლისური თარგმანი აცდენილია ფრანგულ დედანს: ტექსტში ჩამატებულია ფრაზები, რომლებიც არ არის ორიგინალში, შეცვლილია სოფლებისა და მდინარეების დასახელებები (ეს განსაკუთრებით ეხება სამურზაყანოსა და აფხაზეთში მოგზაურობას). შესაბამისად, იგივე შეცდომები ავტომატურად არის გადასული ინგლისურიდან თარგმნილ ქართულ პუბლიკაციაში.
რაც შეეხება წინამდებარე ტექსტს, რომელიც ქეთევან ბიაშვილთან ერთად ვთარგმნეთ, იგი ასახავს 1875-76 წლებში კარლა სერენას საქართველოში მოგზაურობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ხშირად სხვადასხვა ისტორიული მოვლენებისა და პირების დახასიათებისას ავტორის მიერ მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება ისტორიულ წყაროებში მოტანილ ფაქტებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ პერიოდში უცხოელი მოგზაურები ხშირად მათ წინამორბედთა მიერ მოტანილ ისტორიებს ეყრდნობოდნენ, საკითხის სათანადო ცოდნის გარეშე. ასევე, მეფეთა ნუმერაცია არ შეესაბამება დღეს მიღებულს, რასაც მკითხველი ადვილად შეამჩნევს ქვემოთ მოყვანილ თარგმანში.
კარლა სერენას პუბლიკაციებში ხშირად გვხვდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, თუმცა ზოგჯერ მისი მონათხრობი ეჭვს გვიჩენს ნამდვილად ნახა თუ არა ესა თუ ის ძეგლი ავტორმა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ბაგრატის ტაძრის აღმშენებლის დღეისთვის დაკარგული წარწერა, რომელიც კარლა სერენას მოჰყავს იმერეთში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ ტექსტში. სერენა წერს, რომ ბაგრატის ტაძრის დათვალიერებისას ნახა ქვის ფილაზე ამოკვეთილი წარწერა: „ღმერთმა შეიწყალოს ადგურბა მაისა, ამ ტაძრის აღმშენებელი.“ ასეთი წარწერა დღეისთვის არ არის ცნობილი, თუმცა მსგავსი შინაარსის წარწერა პირველად აქვს გამოქვეყნებული შვეიცარიელ გეოლოგსა და არქეოლოგს, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს (1798-1850), რომელმაც საქართველოში 1833-1834 წლებში იმოგზაურა. მონპერე ბაგრატის ტაძრის წარწერებს აღწერს და აღნიშნავს, რომ მეოთხე წარწერა, რომელიც მან „ამოტვიფრული ნახა საკურთხევლის მარჯვნივ, კარნიზის ქვაზე, რომელიც სამხრეთით იყურება“, ისევე კარგად შესრულებული არ არის, როგორც ტაძარში ნანახი სხვა სამი წარწერა (მონპერე 1839: 420-421). მას აქვე მოჰყავს ცნობილი ფრანგი ორიენტალისტის, მარი ფელისიტე ბროსეს (1802-1880) მიერ წაკითხული ამ წარწერის ფრანგული თარგმანი „L'architecte de cette église ressuscitera aussi ; Dieu fasse grace à Maïsa“, რაც ქართულ თარგმანში დაახლოებით ასე იკითხება: „ამ ტაძრის აღმშენებელიც აღსდგება; ღმერთმა შეიწყალოს მაისა“. ქართული წარწერის ჩანახატს მონპერე მომდევნო წელს გამოცემულ ატლასში აქვეყნებს (მონპერე 1840: XVIII-13), ხოლო აღწერაში კი წარწერის ტექსტის შეცვლილ ვარიანტს გვთავაზობს. იგი წერს: „ქართული წარწერა ქუთაისის საეპისკოპოსი ეკლესიის აღმშენებელ ადგომბა მაისას შესახებ; მოთავსებულია კარნიზის ქვეშ აფსიდის ფასადზე, რომელიც სამხრეთით იყურება“ – „Inscription géorgienne de Adgomba Maïsa, architecte de l'église métropolitaine de Koutaïs : elle est placée sous la corniche, sur la façade de l'abside qui regarde le sud“.
ცნობილია, რომ კავკასიიდან საფრანგეთში ჩასული მონპერე ბროსეს დაუკავშირდა და გადასცა საქართველოსა და სომხეთში მოგზაურობისას გადაღებული 80-მდე წარწერა ქართულ, სომხურ, ბერძნულ და არაბულ ენებზე (ბროსე 1836: 493). ბროსემ თარგმანები მიაწოდა მონპერეს (ბროსე 1887: 96-98), თუმცა, მოგვიანებით ზოგიერთი წარწერის წაკითხვა შეცვალა, როდესაც 1837 წლის 17 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება. აღნიშნული მოხსენება 1840 წელს გამოქვეყნდა (ბროსე 1840) და ალბათ, სწორედ ამით არის განპირობებული მონპერეს ნაშრომში, ტექსტსა და მოგვიანებით გამოქვეყნებულ ატლასში მოყვანილი წარწერის განსხვავებული წაკითხვა. თვით ბროსეც აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ბაგრატის ტაძრის ეს წარწერა მან წაიკითხა შემდეგნაირად: „ამის კალატოზი, შემდგომად მისისა აღაშენოს უფალმან“; მოგვიანებით კი ამგვარად შეცვალა: „ამისი გალატოზიც ადგომბა მაისას შეენდუნეს ღმერთმან“ (ბროსე 1840: 354-355). აღმშენებელის უცნაური სახელის მიუხედავად, ამ წარწერის სხვანაირად წაკითხვა შეუძლებელიაო, აქვე დასძენს ავტორი.
ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს მიერ გამოქვეყნებული ბაგრატის ტაძრის წარწერა
1847-48 წლებში საქართველოში მოგზაურობისას ბროსე დიდხანს ამაოდ ეძებდა ამ წარწერას ბაგრატის ტაძარზე და, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თვითონ აღნიშნავს, დაახლოებით 12-ჯერ იყო ამ ადგილას მისული დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა განათების დროს, აღნიშნული წარწერა ვერ იპოვა, რის შედეგადაც ივარაუდა ქვის ფილის ჩამოვარდნა და წარწერის დაკარგვა (ბროსე 1851: 2). დღეისთვის ეს წარწერა არ არის ცნობილი და, რამდენადაც ვიცით, სხვა პუბლიკაცია მის შესახებ არ არსებობს. რადგან წარწერა თვით ბროსემ ვერ ნახა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი კარლა სერენას ენახა. კარლას მოგონებებიდან ცნობილია, რომ მან არ იცოდა ქართული ენა და რუსულადაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ფლობდა. ვფიქრობთ, რომ სერენა იცნობდა დიუბუა დე მონპერეს უხვად ილუსტრირებულ ნაშრომს და სწორედ მასზე დაყრდნობით შეავსო საკუთარი მოგზაურობის ტექსტი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ უცხოელ მოგზაურთა მიერ გამოქვეყნებულ წყაროებს.
დამოწმებანი
არტონი 2017: D. Artoni. Tra immagini e memorie: Scoprendo l’Abcasia con gli occhi di Carla Serena, Eurasiatica 7: Armenia, Caucaso e Asia Centrale, Ricerche 2017, Venezia, Edizioni Ca’ Foscari.
არტონი 2019: D. Artoni. Alone in the Steppes: Carla Serena in the Peripheries of the Russian Empire, Mobility in the Russian, Central and East European past, edited by Róisín Healy, London – New York – Routledge, Taylor & Francis Group.
ბროსე 1836: M. Brosset. Notice. Journal asiatique, IIIe série, Tome II, novembre, Paris, Imprimerie royale.
ბროსე 1840: M. Brosset. Explication de diverses inscriptions géorgiennes, arméniennes et grecques, Mémoires de l'académie impériale des sciences de St.-Petersbourg, VI série, Sciences politiques, histoire et philologie, Tome IV, St.-Petersburg.
ბროსე 1851: M. Brosset. Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans l'Arménie, exécuté en 1847–1848 sous les auspices du Prince Vorontzof Lieutenant du Caucase, 11e rapport, St.-Pétersbourg, Imprimerie de l'Académie impériale des sciences.
ბროსე 1887: L. Brosset. Bibliographie analytique des ouvrages de Monsieur Marie-Félicité Brosset, 1824-1879, Saint-Pétersbourg, Imprimerie de l'Académie impériale des sciences.
გაფრინდაშვილი 2021: ევროპელი ქალების საქართველო, 1823-1923, პროექტის ავტორი და სამეცნიერო რედაქტორი ლელა გაფრინდაშვილი, თბილისი.
მონპერე 1839: Fr. Dubois de Montpéreux. Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée ; avec un atlas géographique, pittoresque, archéologique, géologique, etc., Tome I, Paris, Librairie de Gide.
მონპერე 1840: Frédéric Dubois de Montpéreux. Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée. Atlas. Série d'architecture ou IIIe Série. Neuchâtel, chez l'Auteur.
ოდუარ 1883: O. Audouard. Silhouettes parisiennes : illustrées de portraits, Paris, C. Mapron et E. Flammarion.
პიცაგალი 2006: D. Pizzagalli. Il viaggio del destino, Carla Serena da Venezia al Caucaso, Milano, Rizzoli.
სერენა 1880: C. Serena. Excursion dans le Caucase, de la mer Noire à la mer Caspienne, Le Tour du Monde, XL, Paris, Librairie Hachette et Cie.
სერენა 1881: C. Serena. Mon voyage, souvenirs personnels : I, De la Baltique à la mer Caspienne, Paris, M. Dreyfus.
სერენა 1882: C. Serena. Excursion au Samourzakan et en Abkhasie, Le Tour du Monde, XLIII, Paris, Librairie Hachette et Cie.
სკინერი 2015ა: პ. სკინერი. დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884), ქართველოლოგი, N8 (23), ვებ-გვერდი: kartvelologi.tsu.ge http://kartvelologi.tsu.ge/public/ge/arqive/11/3 (ნანახია: 03/05/2022)
სკინერი 2015ბ: Excursion in the Caucasus: From the black sea to the Caspian Sea, 1875-1881, by Mme Carla Serena, Peter F. Skinner (ed.), New York – London – Tbilisi, Narikala Publications Inc., 2015
ფარესიშვილი 2011: М. Паресишвили. Бедийское сокровище. ვებ-გვერდი: ekhokavkaza.com http://www.ekhokavkaza.com/a/16798396.html (ნანახია: 03/05/2022)
[1] Caroline Hartog Mergentheim, და არა Morgensthein, როგორც აქამდე იყო ცნობილი. ცნობა მოგვაწოდეს დანიელე არტონიმ და კარლა სერენას შთამომავალმა ფილიპ კრამერმა, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებთ.

Commentaires
Enregistrer un commentaire