მოგზაურობა კავკასიაში
იმერეთი, კავკასიის პროვინცია
1875-1876 წლები. ტექსტი და ნახატები პირველად ქვეყნდება
როგორ ჩამოვედი კავკასიაში
ტექსტის ავტორი კარლა სერენა
ფრანგულიდან თარგმნეს ანა ჭეიშვილმა და ქეთევან ბიაშვილმა
მოგზაურობით გატაცებას შორს მივყავართ; ამ გატაცებამ კავკასიაში ჩამომიყვანა, როცა 1875 წლის ნოემბერში ინგლისკენ მიმავალ გემს უნდა გავყოლოდი. შორეული მოგზაურობიდან სკანდინავიის, რუსეთის ერთი ნაწილის, თურქეთის, ეგვიპტის, წმინდა მიწის, სირიის, ლიბანისა და საბერძნეთის გავლით დავბრუნდი კონსტანტინოპოლში. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ თუ როგორ მიზიდავდა აღმოსავლეთი და მირჩიეს ანატოლიის, კავკასიისა და რუსეთის გზით წავსულიყავი და არა პირდაპირ ვენის გზით, რომელიც ახალს არაფერს მთავაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად არ იყო ლონდონში ჩასასვლელად უმოკლესი გზა, აზიური სამყაროს ერთ-ერთი კუთხის გაცნობის აზრი მაცდური აღმოჩნდა; თუმცა კი მაინც ვყოყმანობდი. მარჯვნივ წავსულიყავი თუ მარცხნივ? ორმა გარემოებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. ერთი მხრივ, გენერალმა იგნატიევმა [Ignatief], ელჩმა, შემომთავაზა ჩემთვის რეკომენდაცია გაეწია იმ სანაოსნო კომპანიის აგენტის წინაშე, რომლის გემებიც ანატოლიაში დაცურავს და, ასევე, წერილი გადმოეცა ტფილისისთვის. მეორე მხრივ, ანატოლიაში გამგზავრების წინ „ვესტას“ მეთაური კაპიტანი გირკონიში [Guirconich] მესტუმრა. მასთან ერთად რამდენჯერმე მიმგზავრია. კაპიტანმა შემაგულიანა ორი დღის შემდეგ მის გემს გავყოლოდი. უარი ვუთხარი, რადგან ლონდონში ჩასვლა ახალი წლისთვის მქონდა დათქმული. კაპიტანმა მიპასუხა, რომ წინ კიდევ ხუთი კვირა მქონდა და შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი, რადგან დანიშნულ დროს ინგლისში ვიქნებოდი. ასეთი პასუხით კმაყოფილი მოკრძალებულ ბარგს დავჯერდი და დანარჩენი ყუთები, რომლებიც ჩემი მოგზაურობის დროს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი იშვიათი ნივთებით იყო სავსე, პირდაპირ შინ გავაგზავნე.
ეს იყო პარასკევს.
მომდევნო კვირადღეს ნავმა, რომელზეც რუსეთის დროშა ფრიალებდა, „ვესტას“ გემბანთან მიმიყვანა.
– ხარაშო[1]! – მითხრა მეთაურმა და მეგობრულად გამომიწოდა ხელი – და აი, თქვენ ისევ რუსეთში დაბრუნდით.
კონსტანტინოპოლში გამკიცხეს, რა დროს მოგზაურობა იყო შავ ზღვაზე წელიწადის ყველაზე არასაიმედო დროსო. ისიც მიწინასწარმეტყველეს, რომ თანამგზავრებიც არ მეყოლებოდა. მართლაც, კომპანიის აგენტისა და მისი ოჯახის გარდა, რომლებიც ინეჰალიაში [Inéhalie] ცხოვრობდნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ, მე ერთადერთი მგზავრი ვიყავი.
თავიდან ზღვა საკმაოდ წყნარი იყო. სუსტი მეზღვაური ვიყავი, კერასუნტს[2] გავცდით თუ არა, დასაძინებლად დავწექი. თავდაპირველად, გემის კაპიტანი დროდადრო ყურადღებას იჩენდა და მომიკითხავდა; შემდეგ იგი უფრო იშვიათად ჩნდებოდა და ბოლოს, სრულებით აღარ მინახავს. მისი არყოფნა და გემის რყევა ცუდად მენიშნა. თავს უკვე ძალიან ცუდად ვგრძნობდი, როდესაც მეზღვაურმა კაპიტნისგან ბარათი მომიტანა: „გთხოვთ მომიტევოთ, შავ ზღვაში ვართ და, როგორც ჩანს, ზღვა ცუდ ოინს გვიმზადებს. პოსტის მიტოვება არ შემიძლია. ადგილზე დარჩით“.
ბარათის წაკითხვისთანავე ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა და იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ გონება დავკარგე. საზარელი ღამე იყო: რამდენიმე შეტევა მქონდა და დილით უფრო უარესად გავხდი. საბედნიეროდ, გამთენიისას გემის კაპიტანი მესტუმრა და ღიმილით შემომძახა: „ვაშა! ჩვენ პორტში ვართ. ჩემმა პატარა „ვესტამ“ კარგად იცურა. სახიფათო მომენტი კი შეიქმნა, მაგრამ მალევე გადაიარა. რას აკეთებდით მთელი ამ დროის განმავლობაში? ყვიროდით?“
– ვყვიროდი?! – წამოვიძახე – როგორ შევძლებდი? ძალა გამოცლილი მქონდა.
– მაშ გმირულად მოქცეულხართ.
– ჯობს უბრალოდ თქვათ ლაჩრულადო, ჩემო ძვირფასო კაპიტანო, რადგან თვალები დავხუჭე და სიკვდილს შევურიგდი.
– ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაზე და ზამთარში შავ ზღვაზე ნაოსნობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. – განაგრძო მან – ზაფხულში მე თავაზიანი ვარ ქალბატონების მიმართ, მაგრამ ზამთარში ზღვის მგელი პოსტზე უნდა იყოს.
– მაშინ, – მივუგე მე – სწორად ვიქცევი, რომ თქვენთან ერთად დავცურავ ზღვებზე წელიწადის ნებისმიერ დროს.
„ვესტა“ საღამომდე უძრავად იდგა ტრაპიზონის პორტში, მე კი გუბერნატორის თანხლებით ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურე.
ტრაპიზონი მომხიბლავ ადგილას მდებარეობს. გორაკებით, ფერდობებით, ხევებითა და ველებით შვეიცარიასა და ტიროლს გვაგონებს. ამფითეატრის ფორმის ქალაქი ზღვის ნაპირას ამწვანებულ ჭალას ქმნის.
გამგზავრების დრო დადგა. „ვესტას“ ბათუმში ჩასვლისას წყნარი ამინდი იდგა, მაგრამ ხმელეთზე ფეხი დავდგით თუ არა, სტიქია ხელახლა აბობოქრდა. არასდროს მინახავს მსგავსი გრიგალი. ძლიერმა ქარმა ჯებირიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გადამისროლა. არასდროს დამავიწყდება, თუ როგორ თავაზიანად მომესალმა კავკასია თავის სამფლობელოს კართან!
მოწყალების მთხოვნელი ქუთაისის ბაზარში. ა. სირუის ნახატი ფოტოს მიხედვით.
მხიარულ გუნებაზე მყოფ კაპიტანს სიცილი წასკდა, წამოდგომაში დამეხმარა და პატარა ბავშვივით ხელში ატაცებული მიმიყვანა იმ რუსი რწმუნებულის სამუშაო კაბინეტში, რომელიც კონსულის მოვალეობასაც ითავსებდა. „ტვირთის“ დადებისას კაპიტანმა სიცილით თქვა: „ბატონო ჯუდიჩი [Guidici], პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ უშიშარი, მაგრამ ფეხზე ძლივს მდგარი მოგზაური. თქვენი სტუმართმოყვარეობის იმედი მაქვს.“
მართლაც მომიწია კონსულთან სტუმრად დარჩენა. იძულებული გავხდი ქარიშხლისა და რიონის სილიანი წყალმარჩხობის გამო, რომელიც სამეგრელოში შესვლას შეუძლებელს ხდიდა, თორმეტი დღის მანძილზე ბათუმში დავრჩენილიყავი.
ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიე კოლხეთს, თუმცა, მართალია, იმაზე ნაკლები დაბრკოლების გადალახვით, ვიდრე იაზონი, როდესაც აქ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ჩამოვიდა.
ფოთი დღეს სამეგრელოს პორტია. აქედან რკინიგზას ტფილისისკენ მივყავართ. ცუდმა ამინდმა კიდევ ერთხელ შემიშალა ხელი გზის გაგრძელებაში, ზვავის გამო შეუძლებელი გახდა მიმოსვლა თორმეტი დღის მანძილზე; თუმცა, კავკასიის ბუნებაში ყველაფერი დიდებულია, მისი ქარიშხლები და თოვლის ზვინებიც კი.
კონსტანტინოპოლიდან წამოსული მხოლოდ ერთი თვის შემდეგ ჩავედი ტფილისში. ამ ქალაქში თოვლმა ხელახლა ჩამკეტა, გზები გაუვალი იყო. სხვათაშორის ტფილისში ბევრი საინტერესო სანახაობა დამხვდა. კარგად მიმიღეს. წარმადგინეს იმპერატორის ძმის, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილის[3] წინაშე. მისმა საიმპერატორო უდიდებულესობამ შემომთავაზა კავკასიის პროვინციები მონახულება და სურვილი გამოთქვა ჩემთვის რეკომენდაცია გაეწია ხელისუფლების სხვადასხვა პირებთან.
სწორედ ამ უავგუსტოესი მფარველობის ქვეშ დაიწყო ჩემი ექსპედიციები: ერთ-ერთი მათგანი იყო მოგზაურობა იმერეთში.
I
ფოთიდან ტფილისამდე რკინიგზით ისე ვერ წავალთ, თუ გზად ქუთაისი არ გავიარეთ. ეს მომხიბვლელი ექსკურსიაა, რომელიც მოგზაურმა არ უნდა გამოტოვოს. ჩემმა ბედნიერმა ვარსკვლავმა ინება, რომ საუცხოო მთვარის შუქით განათებულ იმერეთის ყოფილ დედაქალაქში კვირა საღამოს ჩავსულიყავი. კვირაობით ეს პატარა, ნისლიანი ქალაქი ლამაზი ხედით, მხიარული და მოძრავია. ბაზარში სიცოცხლე ჩქეფს: გამყიდველები, მყიდველები, მათხოვრები ფუთფუთებენ ამ ვიწრო სივრცეში, სადაც ტალახიან მიწაზე, რომელსაც საბედნიეროდ კავკასიის მზის სხივები დროდადრო აშრობს, გამწკრივებულია ყველა ადგილობრივი პროდუქტი, მათ შორის – ნატიფი ორიგინალობის, თუმცა იაფი – გიშრის უამრავი ნაწარმი.
სომეხი და სხვა ვაჭრები წირვიდან გამოსულ მორწმუნეებს ხელს სტაცებენ და რომ არა საყოველთაოდ მიღებული ჩვეულება, რომელიც გულისხმობს თავდაპირველი ფასის ნახევრის შეთავაზებაზე დათანხმებას – სულ მცირე ნივთსაც კი ძვირად აყიდინებდნენ მათ.
საცალო ვაჭრობის ფარდულებს შორის მდებარეობს დუქნები – ჭრელი დაწესებულებები, რომლებშიც საყასბო, ძეხვეულობა და ბაკალეა კაფე-რესტორნებთან არის შერეული.
რამდენიმე კვადრატული მეტრი საკმარისია ამ სხვადასხვა მრეწველობის ერთდროული მუშაობისთვის. სწორედ აქ, ამ ორომტრიალში, შესაშური წესრიგის დაცვით იკრიბებიან ქუთაისლები ერთმანეთთან სასაუბროდ. მაღაზია, საცხობი, სასადილო, საჯინიბო ისეა განლაგებული, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლის. კლიენტის ცხენი და მეპატრონის ღორი თავ-თავიანთი პატრონების გვერდით ჭამენ. იმ საბედისწერო საათის მოლოდინში, როდესაც მათ ნაჭერ-ნაჭერ გაყიდიან მუშტრებზე, ღორები ფილოსოფიურად დააბოტებენ ქუთაისის ქუჩებში, ისე რომ არც კი ეჭვობენ, ისევე როგორც ის მაცხოვრებლები, რომლებიც მათი ხორცით იკვებებიან, რომ ისინი, სულ უბრალოდ, ულისეს იმ ცნობილი თანამგზავრების შთამომავლები არიან, რომლებიც კირკემ საზიზღარ ცხოველებად აქცია, რათა მათი დევნისთვის თავი დაეღწია.
მიმზიდველი ღირსშესანიშნეობებისა და იმ ნაკადულის მიუხედავად, რომელიც ქალაქის გორაკების გარშემო მოედინება, ქუთაისი მაინც არის უსუფთაო ქალაქი – თავადაც უსუფთაოა და მისი მცხოვრებლებიც. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც კვირაობით თავს იყრიან ქალაქში, საუცხოო ტიპები არიან, მაგრამ ეს მკვიდრი მოსახლეობა გაცილებით მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა, გარშემო ასეთი სიღარიბე რომ არ იყოს! თუმცა, მიუხედავად ხელმოკლეობის დაღისა, ამ ხალხის ნაირ-ნაირი გასართობი ღია ცის ქვეშ თუ დუქნებში– იმის შესაბამისად თუ წელიწადის რა დროა, აქაურ ცხოვრებას ისეთ სიცოცხლეს ანიჭებს, რომ აღტაცებაში მოჰყავს უცხოელი მნახველი.
აქ გავრცელებულ ეკლესიებს შორის ბერძნული მართლმადიდებლური რელიგია ყველაზე მეტ მიმდევარს აერთიანებს. კათოლიკები, მუსლიმანები და ებრაელები ცალკე ერთობებს ქმნიან. ამის შესახებ აქვე ვიტყვი, რომ საშუალება მქონდა იმერეთის ეპისკოპოსის ქადაგება მომესმინა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს ხალხში განათლების შესატანად. ეს ქართველი პრელატი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ქადაგებებით, რომლებიც სისადავითა და კარგი გემოვნებით[4] გამოირჩევა.
ერთ-ერთი ადგილობრივი სუვერენის ბაგრატ IV-ის დანგრეული ბაზილიკის ჩრდილსა და, ასე ვთქვათ, მფარველობის ქვეშ, აღმართულია დიდი სემინარია, რომელიც სულ უფრო და უფრო ივსება მოსწავლეებით. გარშემო, მეზობელ ფერდობებზე შეფენილია, მათი მფლობელების შესაძლებლობების მიხედვით, მეტ-ნაკლებად კეთილმოწყობილი პატარა სახლები, სადაც მარტო ან ჯგუფებად, დღეში 25 კაპიკის (80 სანტიმი) ქირას იხდიან ახალგაზრდა სტუდენტები. კვირას შევესწარი თუ როგორ ტოვებდნენ საკუთარ ბუდეებს ეს ჩიტები: ერთნი ენის ტარტარით მიუყვებოდნენ ბილიკებს – მომდევნო დღის გაკვეთილებს სწავლობდნენ; სხვები, დაჩრდილულ თხრილში მსხდომნი, ამოცანის ამოხსნაზე ფიქრში უსასრულობას მდუმარედ გაჰყურებენ; და ბოლოს, რამდენიმე მათგანი, ძველი სასაფლაოს საფლავის ქვებზე ჩამოყრდნობილი, თითქოს წარსულს ეკითხებოდა და იქ ეძებდა პასუხს მომავალზე, მისი სული ასე რომ ესწრაფვის. თავადთა შთამომავლები და გლეხების ვაჟები – სკოლის ამ ძმურ აყალმაყალში ყველა ფენა ერთად შეკრებილა. სწორედ აქ ასწავლიან, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და „ბატონი“ და „ყმა“ ამიერიდან ყველა ერის ლექსიკონიდან უნდა ამოიშალოს.
სომხებს, რომლებიც უმეტესად კათოლიკები არიან, ქუთაისში ვრცელი, სუფთა და სადა ეკლესია აქვთ. ადგილობრივი ქალები მიწაზე დაფენილ ხალიჩებზე ფეხმორთხმით სხედან, მაშინ როდესაც უცხოელი ქალები ტაძრის წინა რიგებში იკავებენ ადგილს. იმერელი ქალები თეთრი ლეჩაქითა და ბზინვარე ქვებით მორთული თავსაკრავით, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ სილამაზეს – ეს ის სურათია, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
ორღანის ხმა, საკმევლის კვამლი – აქ ყველაფერი აღაფრთოვანებს სულს და მას ფერიებისა თუ ანგელოზების ფანტასტიკურ სამყაროში წარიტაცებს.
იმერეთის ეპისკოპოსი. ა. სირუის ნახატი ფოტოს მიხედვით.
ამ ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელი ქართველი თავადი მიხეილ თუმანოვის [Michel Tomanoff] ვაჟია, ოცდაშვიდ შვილთაგან ერთ-ერთი. თუმანოვისა და მისი მეუღლის ხსოვნის აღსანიშნავად საკურთხეველში სამგლოვიარო მონუმენტია, რომლითაც პატივი მიაგეს ამ სამაგალითო ღვთისსათნო წყვილს. დავამატებ, რომ კათოლიკურ საზოგადოებას სკოლაც აქვს, რომელსაც თავისი შემოწირულობებით ინახავს და სადაც ფასიანი თუ უფასო მოსწავლეები თანაბრად იღებენ განათლებას. გარდა ამისა, ქუთაისში ასევე არსებობს წმინდა ნინოს სახელობის სპეციალური სასწავლებელი გოგონებისთვის, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ორასზე მეტი მოსწავლეა. სიმართლეა, რომ იმერლები მეტწილად ჯერ ისევ პრიმიტიული მორწმუნეები არიან, რომლებთანაც კეთილისა და ბოროტის ცნება ერთმანეთისგან მკაფიოდ არ განსხვავდება. თითოეული მათგანი თავისი რწმენისგან ქმნის ერთგვარ ცრურწმენას, რომელსაც თავის ვნებებს მოარგებს და ღმერთს დახმარებას სიამოვნებით შესთხოვს ჩაფიქრებული წვრილმანი ქურდობის წარმატებისთვის. ებრაელ მოსახლეობაში, რომელიც ჩაკეტილად ცხოვრობს, არ გვხვდება ისეთი ლამაზი ტიპები, როგორც მკვიდრ მოსახლეობაში. სხვათაშორის, ებრაელების უბანი მოგვაგონებს იერუსალიმის ებრაულ უბნებს, ცნობილს თავისი უსუფთაობით.
რიონის პირას მდებარე სახალხო ბაღში არის სოფლის მეურნეობის სკოლა; მაგრამ კიდევ რამდენი რამის გაკეთებაა საჭირო, რომ აქ ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ამ ქვეყნის ასეთი მშვენიერი და მრავალფეროვანი ფლორა!
ამ ბაღის გარდა, რომელსაც სამხედრო მუსიკა ამხიარულებს, ქუთაისში ახლახანს შეიქმნა კლუბი თუ სამორინე: კვირა დღეს სწორედ აქ ვნახე ადგილობრივი ცეკვები. ის რამაც განსაკუთრებით გამაოცა – პიანინოზე მარტივად შესრულებული კადრილის გარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტრადიციულ სამოსში თუ ევროპულად ჩაცმული ადგილობრივი ქალები, ჩოხიანი[5] იმერელი მამაკაცები, უნიფორმიანი სამხედროები და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ჩინოვნიკები – იყო ეროვნული ცეკვა ლეზგინკა[6]. თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული კავკასიელი მიიჭრება მის რჩეულ ქალთან და მუსიკის ხმაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო მგზნებარე ხდება, ჩააბამს მას სწრაფ და გრაციოზულ სასიყვარულო ტრიალში – რაინდი ძალისხმევას არ იშურებს ქალის მოსახიბლად. ეტიკეტის არარსებობა, რომელსაც თან ერთვის კარგი მეგობრული ტონი, მთავარი მიმზიდველობაა ამ მყუდრო საღამოებისა, რომელსაც მოსდევს სუფრა, სადაც შამპანური და ადგილობრივი მაგარი ღვინო ერთმანეთს ეჯიბრება გუნება-განწყობის გახალისებაში.
ის იმერელი ქალები, რომელთაც თავისუფლად ვაკვირდებოდი ამ დღესასწაულის დროს, ძირითადად მამაკაცებზე ჭკვიანები, თუმცა ნაკლებად ლამაზები არიან. სიყვარული, ისევე როგორც ეჭვიანობა, მათ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. პოეტმა ლერმონტოვმა[7], რომელმაც თავის რუსულ პოემაში „დემონი“ ის ცეკვა აღწერა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, კავკასიელ ქალებს ხოტბა შეასხა და ისინი ღრმა და საბედისწერო სიყვარულს დამონებული გვიჩვენა. „მოწყენილი განდეგილი დემონი დაფრინავდა, – გვიამბობს ავტორი, – კავკასიის მწვერვალებზე. სიძულვილით სავსე მზერა ესროლა დედამიწას და დაინახა თამარი, მიწაზე ნარნარით მიმავალი. ბედნიერი დღეები მოაგონდა დემონს, ის დრო გაახსენდა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დაცემული ანგელოზი. მაშინ, სიყვარულით შეპყრობილმა, თამარის მფარველ ანგელოზს მიმართა: „წადი, ის ჩემია; დაგაგვიანდა მოსვლა, ვეღარ დაიცავ. მე მის გულს დაღი დავასვი, აქ მე ვარ მბრძანებელი, მე ის მიყვარს“. ანგელოზმა ტკივილით სავსე მზერა ესროლა საბრალო მსხვერპლს, ფრთები გაშალა და ციურ ეთერში ჩაიკარგა.“
იმედი ვიქონიოთ, რომ თუ შემთხვევით ბნელეთის დემონი ისევ არის გატაცებით შეყვარებული, ამიერიდან იგი სხვა რეგიონებში დაფრინავს და ქუთაისელ ლამაზ ქალიშვილებს არ ერჩის.
ქუთაისის ხედი. ტეილორის ნახატი ფოტოს მიხედვით.
ვთქვი და კვლავ გავიმეორებ – კავკასიის აგრერიგად მრავალფეროვან ტიპთა დანახვისას შეუძლებელია ცნობისმოყვარეობის, აღფრთოვანების, ზოგჯერ შიშის შეკავებაც კი, ამ ბუმბერაზი მთის წინაშე, რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზე აღმართულა და რომელიც, როგორც ამბობენ, ადამიანის მოდგმის აკვანი ყოფილა. ბიბლია და მითოლოგია გვაცნობს ერთი მხრივ იაფეტის შვილებს, რომლებიც ამ მედიდური მწვერვალებიდან წავიდნენ, რათა ჩვენი ევროპული თეთრი რასისთვის დასაბამი მიეცათ; მეორე მხრივ კი იუპიტერის მიერ ამ კლდეებზე მიჯაჭვულ პრომეთეს, რომელმაც ტალახისგან მოზელილი ადამიანისთვის სულის ჩასაბერად ციდან ცეცხლი მოიპარა. შემდეგ უკვე ბერძნული პოეზია მოდის, რომელიც ამ დედამხარეს ბრწყინვალედ და გრაციოზულად ხატავს: ეს ოქროს მარცვლებიანი ფაზისია[8], რომელიც იმ გასაოცარ ქალაქებს რწყავს, სადაც ყველა სასახლე მარმარილოსია; ესენი იაზონი და არგონავტები არიან, რომლებიც აქ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ჩამოსულან... დღესდღეობით არქეოლოგებმა კავკასიაში გათხრები დაიწყეს: რა გამოჩნდება ამ მიწის სიღრმიდან? გამოჩნდება თუ არა მისი კლდოვანი წიაღიდან უძველესი და მივიწყებული სამყარო? ისტორიული შრეების საშუალებით შესაძლებელი გახდება თუ არა სრული მატიანის აღდგენა ამ ქვეყნისა, რომელზეც ერთი მეორის მიყოლებით ამდენმა ხალხმა გადაიარა? მანამდე კი სიმშვიდე სუფევს იმერეთში. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ აშენებული რკინიგზა ქუთაისს ტფილისი-ფოთის ხაზთან აკავშირებს. როგორც იქნა, ცივილიზაციამ მშვიდობა მოიტანა ამ მხარეში, რომელსაც ათი საუკუნის მანძილზე განუწყვეტლივ აოხრებდნენ არაბები და მუსლიმანები[9].
(გაგრძელება იქნება)
Carla Serena. Excursion dans le Caucase, de la Mer Noire à la Mer Caspienne. Le Tour du Monde, 1880, XL. Paris, Librairie Hachette et Cie.
[1] ძალიან კარგი (რუს.).
[2] ახლანდელი გირესუნი, თურქეთის საპორტო ქალაქი (მთარგმნელის შენიშვნა).
[3] მიხეილ რომანოვი (1832-1909) – რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს მეოთხე ვაჟი, მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, კავკასიის მეფისნაცვალი 1862-1881 წლებში (მთარგმნელის შენიშვნა).
[4] ეს ქადაგებები ინგლისურ ენაზე თარგმნა ღირსმა მაჰუნმა [Mahun], ბროუდუინძორის ეპისკოპოსმა.
აქ ავტორი გულისხმობს ინგლისელ ენათმეცნიერსა და ქართველოლოგს, სოლომონ ცეზარ მალანს (Solomon Caesar Malan, 1812-1894), რომელმაც იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე, 1825-1896) ქადაგებები ინგლისურად თარგმნა და გამოაქვეყნა 1867 წელს (მთარგმნელის შენიშვნა).
[5] უსაფრთხო სავაზნეებით შემკული გრძელი ტანსაცმელი.
[6] ლეზგინკა (ლეკური, რუს. лезгинка) – კავკასიური ცეკვების ზოგადი სახელწოდება XIX საუკუნეში.
[7] მიხეილ ლერმონტოვი (1814-1841) – რუსი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი. მისი პოემა „დემონი“ სრულად გამოქვეყნდა 1856 წელს (მთარგმნელის შენიშვნა).
[8] ახლანდელი რიონი.
[9] ამ დამპყრობელთა მიერ განადგურებული ქუთაისი აფხაზთა მეფე ლეონ I-მა აღადგინა, რომლის შთამომავლების ხელშიც იგი 1462 წლამდე დარჩა. ამ თარიღისთვის, ადგილობრივი გმირი ბაგრატ I იმერეთის მეფედ გამოაცხადეს. ქვეყნის უკანასკნელი სუვერენი იყო სოლომონ II, რომელმაც 1810 წელს თავისი ძალაუფლება რუსეთს დაუთმო.
Commentaires
Enregistrer un commentaire