სტუმრად ტფილისში

 

ტექსტის ავტორი კარლა სერენა

ფრანგულიდან თარგმნა ანა ჭეიშვილმა

 

ლაბირინთი, რომელსაც ტფილისი ქმნის თავისი ვიწრო, დაკლაკნილი ქუჩებით, მოედნებისკენ მიმავალი უქვაფენილო, სიბინძურის სადინარებით სავსე ტალახიანი ჩიხებითა და ერთმანეთზე ახორხლილი ღარიბული აზიური საცხოვრებლებით, სულ მალე ისევე გახსნის ყველა საიდუმლოს, როგორც ქალაქის თანამედროვე ევროპული უბანი: ტფილისი პირველი აღწერისთვის ემზადება.

ამდენი განსხვავებული ეროვნებით შექმნილ ქაოსში, მხოლოდ მოსახლეობის აღწერით დავადგენთ ამ ნახევრად-აზიურ, ნახევრად-ევროპულ ლაბირინთში მცხოვრებთა რაოდენობას.

ამ უბანში შესვლისთანავე ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს ძნელია გზის გაკვლევა იმ ადამიანების გასაცნობად, რომლებიც მიუდგომელი ქუჩების კუთხე-კუნჭულებში საცხოვრებლად შეყუჟულან. მჭიდროდ დასახლებულ უბანში სეირნობა ლამის ერთადერთი საინტერესო სანახაობაა, რომლის შემოთავაზებაც ტფილისს შეუძლია. პირველივე ქუჩა, რომელსაც ამ ძველ სამყაროში შევყავართ, ჯერ კიდევ წარმოადგენს აზიისა და ევროპის ნაზავს, რასაც ადასტურებს სომეხი მედუქნეების გვერდით რუსი, გერმანელი და ფრანგი მედუქნეების მიერ გამოფენილი საქონელი. ცოტა უფრო მოშორებით ყველაფერს წმინდად აღმოსავლური კვალი ატყვია. თითქმის იმ უბნის მოსაზღვრედ, რომელიც ძირითადად ქრისტიანებით არის დასახლებული, აღმართულია წმინდა სიონის მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქის საკათედრო ტაძარი. ეს ქართულ-ბიზანტიური სტილის ეკლესია საკმაოდ ძველია. ცოტა ხნის წინ აღდგენილი ტაძარი თავის შიდა მოხატულობას მხატვარს, თავად გაგარინს უნდა უმადლოდეს, რომელმაც აქაურობისგან ერთდროულად სამლოცველოც შექმნა და ელეგანტური სალონიც. სიონის ეკლესიაში დაცული ყველაზე ძვირფასი რელიკვია ვაზის ჯვარია, რომელიც გადმოცემის თანახმად, საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად წამოსულმა წმინდა ნინომ პალესტინიდან წამოიღო. ამბობენ, რომ ღვთისმშობელი მარიამი მორწმუნე ქალიშვილს გამოეცხადა, ვაზის ყლორტები გადასცა და თმით შეაკვრევინა, შემდეგ კი იბერიის მხარეში სახარების საქადაგებლად გამოგზავნა. წმინდა ნინო საქართველოში გარდაიცვალა და კახეთში, სიღნაღის მახლობლად, მონასტერშია დაკრძალული. მას ქართველები დიდ პატივს სცემენ. მრავალი საქველმოქმედო დაწესებულება მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მის სახელს ატარებს. ნინო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია საქართველოში, ისევე როგორც თამარი ბიბლიური აბესალომის დის სახელი. 

Aucune description de photo disponible.

ტფილისი. 1869 წელი. ფოტოგრაფი ედუარდ ვესტლი.


გაცდები თუ არა წმინდა სიონის ეკლესიას, სომხური ბაზარია გაშლილი. მისი სახელი აქ დაფუძნებული ვაჭრების ეროვნებას უკავშირდება. სომხები, ძირითადად ვაჭრობით ცნობილი ხალხი, აქ იმავეს წარმოადგენენ, რასაც სხვა ქვეყნებში ებრაელები. ყველა მსხვილი ვაჭრობა, ისევე როგორც წვრილი ხელობა, მათ ხელშია.

ქართველთა ქვეყანაში თავშესაფრის საძიებლად ჩასულმა სომხებმა საკუთარი მხარე მტერს უბრძოლველად შეატოვეს. სომხებს არანაირი მებრძოლი სული, საომარი სულისკვეთება არ სცხიათ ქართველებისა, რომლებიც მუდმივად იგერიებდნენ მაჰმადიანების, თურქებისა და სპარსელების შემოსევებს. სომხებს არ ახასიათებთ იარაღის ტარება, მაშინ როცა ქართველებისთვის იარაღი ეროვნული ტანისამოსის განუყოფელ ნაწილს ქმნის. დღეს სომხეთი თუ აღარ არსებობს, სამაგიეროდ ტფილისის მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სომხები შეადგენენ. ვიწრო ფარდულების დანახვისას, სადაც ფეხმორთხმული სომეხი ოქრომჭედლები დიდი ვირტუოზობითა და ყველაზე პრიმიტიული ხელსაწყოებით ქმნიან დახვეწილ ნივთებს, მხოლოდ იმის თქმაღა დაგვრჩენია, რომ აღმოსავლეთი თვითნაბადი ნიჭის მქონე ხელოვანების ქვეყანაა. დანისპირით ვერცხლზე ნატიფი ორნამენტების კვეთა, რაც აქ გამვლელთა თვალწინ ხდება, ევროპაში ოსტატს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა მას გაუჭირდებოდა ამ სამუშაოს შესრულება სახელოსნოში და თანაც აზიური ხელსაწყოებით. იარაღის უმეტესობა ლეკების დამზადებულია იმ საშიში ხალხისა, რომელიც ყველაზე ბოლოს დაიმორჩილა რუსეთმა.

ბაზარში თითოეულ სამრეწველო დარგს, თავისი უბანი თუ არა, ქუჩა მაინც აქვს, რომელიც მას სხვებისგან გამოჰყოფს. პირისპირ და გვერდი-გვერდ მსხდომი დაბაღები, თერძები და მეწაღეები ერთმანეთის კონკურენტები არიან. ზოგჯერ მყიდველი ხეირს ნახულობს ამ მეზობლობით, რადგან შეუძლია შევაჭრება და ნივთის რეალურ ფასად შეძენა, როდესაც მას ერთდროულად რამდენიმე გამყიდველი სთავაზობს. თუმცა ხანდახან ვაჭრები ერთმანეთთან არიან შეკრულები და ამ ანგარებიანი გულითადი შეთანხმებით[1] უცხოელი გაბრიყვებული რჩება. გაყიდული ნივთიდან შემოსულ მოგებას შეთქმულების მონაწილე ვაჭრები იყოფენ და ჩადენილი ოინით კმაყოფილები მიამიტ მყიდველზე იცინიან.

სავაჭრო ქუჩები უერთდება ქარვასლებს საწყობებს, სადაც ყველა მხრიდან შემოტანილი საქონელი ინახება. ამავე დროს, ეს ქარვასლები საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ჯურის ხალხს, რომელიც აქ სავაჭრო საქონელს ინახავს. 

საცხოვრებლის მიმართ უპრეტენზიო აღმოსავლელს, ხალიჩა, რომელსაც ასევე იყენებს სამგზავრო ბოხჩად, და ტანსაცმელი, რომელიც გაუხდელად აცვია, ჰყოფნის მისი საძინებლის მოსაწყობად და ლოგინის თეთრეულადაც ადგება, რომელსაც ნებისმიერ ადგილას აფენს ძირს. ქარვასლების მფლობელი სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ გაყიდული საქონლიდან დადგენილ წილს იღებს და ეს მოსაკრებელი ყოველწლიურად დიდ თანხას წარმოადგენს. 

ერთ-ერთი ბაზარი თაღოვანია; არქიტექტურა სპარსული სტილისაა, კოხტად მოხატული. ღია ბაზარს ფიცრის სახურავი აქვს სახელდახელო ჭერი, რომელიც მყიდველებსა და გამყიდველებს წვიმისა და მზის სხივებისგან იცავს.

ხალიჩები, ქსოვილები, სხვადასხვა სახის ნაქარგობანი და ეროვნული ტანსაცმელი შერეულად არის გამოფენილი ამ აზიური სავაჭრო სასახლის ვიწრო, დაბალ და ჩაბნელებულ დუქნებში. აქ გამვლელს ყურები აქვს გამოჭედილი ვაჭართა შეძახილებით, რომლებიც ქებას ასხამენ გასაყიდად გამოტანილ ნივთებს. ზოგჯერ უცხოელი ძნელად თუ დაუსხლტება ხოლმე მის ქისას დახარბებულ ვაჭართა კლანჭებს.

სომხური უბნის სავაჭრო ქუჩები უერთდება მოედანს, რომელიც მას თათრების დასახლებისგან ჰყოფს. ეს გახლავთ მაიდანი (დიდი მოედანი), პირველადი საჭიროებების საბითუმო სასურსათო ბაზარი. აქ  ყველა ეროვნებისა და უბნის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს. თვალის ერთი გადავლებით რთული იქნებოდა ზუსტი წარმოდგენის შექმნა ყველა იმ მცირე დეტალზე, რომელსაც მაიდანი გვთავაზობს. აქ იყიდება მეზობელი სოფლებიდან  ჩამოტანილი ყველა სახის ნაწარმი, ამიტომ სოფლელები აქ ბრბოდ მოიჩქარიან და თითოეულს საკუთარი საქონლით დატვირთული სხვადასხვა ეკიპაჟი ჰყავს. აქეთ არაბაა, კამეჩებშებმული კავკასიური ურემი, რომელზეც ერთმანეთზე აწყვია ფქვილის ტომრები. იქით, ხარებია ურიკით, ცხენები მარხილით, ვირები ტელეგაში[2] არიან შებმულნი ან ზურგით დაატარებენ ხის ნახშირით სავსე ბადისებრ ტომრებს. ხის ნახშირს აქ ქურების მსგავს ლითონის ღუმელებში საწვავად იყენებენ. შემდეგ ჯორებია, რომლებიც ქართველებისთვის აგრერიგად ძვირფასი ღვინით გაბერილი ტიკების სიმძიმისგან მოხრილან. ცხოველების გვერდით, მათსავით დატვირთულ მუშებს (მეკურტნე) ვხედავთ, რომლებიც კავკასიურ კასრებს დაატარებენ. ამ არეულობის შუაგულში მედიდურად ჩნდება აქლემების ქარავანი, რომელსაც მეგზურობასა და წინამძღოლობას დაუფასებელი ცხოველი, კისერზე ზანზალაკშებმული ვირი უწევს. ზემოხსენებულ ცხოველთა სხვადასხვა ხმას ემატება ძაღლების ყეფა, რომლებიც აქ არხეინად დაწანწალებენ; ისე არიან გათამამებული, რომ მათგან თავის დაცვაზე არავინ ფიქრობს. ღამით მათი ყმუილი ძილს უფრთხობს კავკასიის დედაქალაქს, სადაც ძაღლები ყველაზე საიმედო მცველებად გვევლინებიან. ჯერ არცერთ კომპოზიტორს აზრად არ მოსვლია იმ ხმების შეგროვება, რომელსაც ძაღლების მოდგმა გამოსცემს. ამ ერთმანეთისგან განსხვავებული მელანქოლიური, გაბრაზებული, მოწუწუნე ხმების გუნდი სიახლეს შემოიტანდა ოპერაში, რომლის მთავარი გმირი ბოროტმოქმედი იქნებოდა: მას სინდისის ქენჯნა ძილს უფრთხობს და ღამის სიჩუმეში საკუთარ მსხვერპლთა საბრალო ხმები მოესმის, რომლებიც სიშორეში ექოდ მეორდება.

თათრების უბანი განსხვავებულია. აქ მცხოვრებთა ტიპიც განსხვავდება ქართველების, სპარსელებისა და სომხებისგან. როგორც ეს უკანასკნელნი, თათრებიც წვრილმან ხელობას მისდევენ. ფაფახების (ცხვრის ტყავის ქუდები) დამზადება, როგორც ჩანს, მათი ერთ-ერთი მონოპოლიაა. ევროპელის ყველაზე ორიგინალური ფანტაზიაც კი ვერ შექმნიდა ამაზე მრავალფეროვანი ფორმის, ფერისა და ზომის ექსცენტრულ თავსაბურავებს.

ფაფახი, ფორმიდან გამომდინარე, მისი პატრონის ხასიათს წარმოაჩენს. შავი, გრძელბეწვიანი ფაფახი შუბლს ჩრდილავს და სახეს პირქუშ იერს აძლევს. აბრეშუმის  ფაფახი, მოკლე და ხვეულბეწვიანი, თეთრი ან ნაცრისფერი, სახეზე უდარდელ გულკეთილობას აღბეჭდავს და ზუსტად ესადაგება იმ ქართველის ხასიათს, რომელიც მას დაიხურავს. შორს წაგვიყვანდა იმ ზნეობრივი ნუანსების დაწვრილებითი აღწერა, რასაც სხვადასხვა ფაფახი შთაგვაგონებს. როდესაც ტანად მოზრდილ მამაკაცს მაღალი ფაფახი ახურავს, იგი ბუმბერაზს ემსგავსება, მაგრამ როცა მას დაბალი დაიხურავს, მაშინ პროპორციების შეუსაბამობა იჩენს თავს.

ოქრომჭედლები, მესაჭურვლეები და სხვა ხელოსნები თავიანთ საქმეს პრიმიტიული უბრალოებით უდგებიან და გამრჯედ შრომობენ. მათ ტოლს არ უდებენ მეპურეები, ვისაც ტფილისის ბინადართათვის ყოველდღიურად პურის ცხობა ევალებათ. აქ ყველაფერი ყველას თვალწინ კეთდება. ის ქოხი, რომელშიც ხაბაზი ცომს ზელს და პურს აცხობს, მუდამ ღიაა, ისევე როგორც ის ადგილი, სადაც მედუქნე ქაბაბს ან ფლავს ამზადებს. ხაბაზის დუქანი, განსაკუთრებით კი პურის საცხობი ღუმელი, განუმეორებელი ორიგინალურობით გამოირჩევა. ეს ადგილი მხედველობის სიმაღლეზე მდებარეობსოდნავ შემაღლებული და ღრმა კვადრატია, რომელიც განჯინას წააგავს. ამ ვიწრო ქოხმახის ერთ კუთხეში ფქვილის ტომრები ერთმანეთზეა დაწყობილი.

მაგიდის მოვალეობას ასრულებს მიწიდან რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე გადებული ფიცარი, რომელზეც ცომი იზილება. ამ ფიცარს სახცობის პატრონი ასევე იყენებს საწოლად, ან კლიენტებისთვის ტახტად, როდესაც ოთახი სავსეა ღუმელიდან[3]  გამოსული ცხელი პურის მომლოდინე ხალხით. ღუმელი ფიცრის ტახტის შორიახლოს დგას. ის ქვის ერთგვარ ჭას ჰგავს, რომელიც ძალიან ღრმა არ არის, მიწაშია ჩადგმული და ძირში ჩაყრილი ნაკვერჩხლით ხურდება. როდესაც ნაკვერჩხალი მინავლდება, თონეს პურის გამოსაცხობად სასურველი ტემპერატურა აქვს. ლავაში, ადგილობრივი პური, თხელი და მოქნილი ცომისაა. მას თონის შიდა კედლებზე, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს აკრავენ და ცხობამდე აჩერებენ. გამვლელი თვითონ ირჩევს თავის ლავაშს და ცხელ-ცხელი გამოაქვს თონიდან.

აღმოსავლეთისათვის უცნობ ცხოვრებისეულ უსარგებლო ნივთებს შორის არის ერთი, რომელიც ევროპელისთვის პირველადი საჭიროებისაა. ეს გახლავთ კვადრატულად დაჭრილი ქსოვილი, ცნობილი როგორც ჯიბის ცხვირსახოცი. ადამიანის ზოგიერთი ორგანოსთვის აუცილებლობას წარმოადგენს ეს ნაჭერი ძირითადად ევროპელებისთვის, თუმცა აღმოსავლელს ის სრულებით არ სჭირდება. ამგვარად, თათარი ხაბაზი, ისევე როგორც ქართველი მედუქნე, ცერა თითისა და საჩვენებელი თითების ნაზი მოძრაობით ტვინიდან ცხვირის გავლით მომავალ სითხეს გზას უხსნიან. ამგვარად, როდესაც ეს ბუნებრივი მოთხოვნილება ხაბაზს ცომის ზელვისას ან მზარეულს ქაბაბის (დაკეპილი ხორცის ხვეულა) მომზადებისას ახსენებს თავს, ისინი თითებს იშველიებენ. მყიდველთა საბედნიეროდ, თითებზე მთლიანი მასა არ ნარჩუნდება მხოლოდ სისველე, რომელიც ინგრედიენტებს გადაზელვისას ერევა.

თათრულ უბანში მდებარეობს აბანოები, გოგირდის თერმული წყლები, საიდანაც  მომდინარეობს სახელწოდება ტფილისი. მათი დიდი ნაწილი საზოგადოებრივი დაწესებულებებია. ეს აბანოები, რომლებიც, როგორც ამბობენ, ავადმყოფებისთვის უებარია, კარგად მყოფებსაც არ სწყენს და გართობის ადგილს წარმოადგენს. ქალებს ჩვევად აქვთ აბანოში წასასვლელი თანხის შეგროვება ან ერთმანეთის დაპატიჟება დღის ან საღამოს იქ გასატარებლად. სომეხ და ქართველ ქალებს წესად აქვთ თმის შეღებვა პროცედურა, რომელსაც  დიდი დრო მიაქვს და აბანოში სრულდება. მგლოვიარე ქალები თმას არ იღებავენ. გლოვის დროს იკრძალება იმ მიზეზით, რომ თმის შეღებვა ქალებს ბრწყინვალებას მატებს და ალამაზებს. ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან; უმრავლესობას საუცხოო თმა და ტუჩ-კბილი აქვს. დიდი, თუმცა უმეტყველო, თვალები და კანის თვალისმომჭრელი სითეთრე თითქმის ყველა მათგანის სიმდიდრეა. ეროვნული თავსაბურავი შედგება ხავერდის სადა, ან თვლებით შემკურლი და მოქარგული თავსაკრავისგან, რომელზე გადაფარებული თეთრი ტიულის პირბადე ნიკაპთან იკვრება. მას ქართველი და სომეხი ქალები ერთნაირად ატარებენ. ტუალეტის დანარჩენი ნაწილი მოდის მიხედვით განისაზღვრება.

აბანოსა და მასაჟის შემდეგ, რომლის გაკეთებაც აღმოსავლელებმა საუცხოოდ იციან, თმაზე საღებავწასმული ქალები მახლობელი ბაზრის მედუქნის მიერ მოტანილ საჭმელს შეექცევიან. სანამ მოთენთილი მობანავეები ისვენებენ, ხშირად მუსიკოსებს უხმობენ ხოლმე. ეს ტრუბადურები მეზობელ დარბაზში იკრიბებიან, საიდანაც გიტარის მსგავსი ჭიანურის და ეროვნული ვიოლინოს თარის ჰანგები მობანავეების დარბაზამდე აღწევს. ჩვეულებრივ, ერთ-ერთი მუსიკოსი მუსიკალურ ინსტრუმენტს თავის ხმას ააყოლებს ხოლმე. თავის მხრივ მამაკაცებიც აწყობენ მსგავს შეხვედრებს აბანოში და მხიარულად ატარებენ რამდენიმე საათს. სისუფთავის კომფორტსა და ფუფუნებას შეჩვეულმა ევროპელმა ამ საკითხის შესახებ საკუთარი შეხედულებები უნდა დასძლიოს, რომ აბანო მოეწონოს, სადაც გოგირდიანი წყლისა, სადაც გოგირდიანი წყლისა და სხვა მრავალი რამის სუნი იგრძნობა. მას ასევე გაუჭირდება იმ ტახტზე თამამად წამოწვეს, რომელზეც დაფენილი ნაჭერიც ჯერ ისევ ატარებს სხვისი სხეულის ანაბეჭდებს. მას არც ქაბაბის გახვევა მოუნდება თათრის ცხიმიანი ხელით შეთავაზებული ლავაშში და არც აბანოს ნადიმში მონაწილეობა, ასე რომ უყვართ ადგილობრივ მცხოვრებლებს.

მუსლიმანური უბნის ზღურბლზე, მტკვარზე გადებული ხიდის სიახლოვეს, მოჩანს სპარსული ყაიდის მეჩეთი, აშენებული შაჰ აბასის მიერ, რომელმაც ააოხრა ტფილისი და შიშის ზარი დასცა საქართველოს. ქვეყანაზე გამარჯვების მოგონების უკვდავსაყოფად, მან თავისი ქვებით მოოჭვილი ხმალი წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩამოჰკიდა, რომელიც იმერეთში, მრავალძალის მთებში მდებარეობს და სადაც სასწაულმოქმედი ჯვარი ინახებოდა. გამარჯვებული სპარსი ტირანის საჩუქრის ნახვა დღესაც შესაძლებელია. მთის წვერზე, რომელიც ქალაქ ტფილისის საზღვარს ქმნის, აღმართულია ნაგებობა. ეს სატუსაღოა. ამ ადგილს, რომელიც ძველად ციხე-სიმაგრე იყო, ქართულად მეტეხი (გადანატეხი ადგილი) ეწოდება. ერთნი თვლიან, რომ ეს დასახელება მდინარის დინების შედეგად იმ კლდეში გაჩენილ ნაპრალს აღნიშნავს, რომელზეც ციხე-სიმაგრე დგას. სხვები მეტეხის სახელს უკავშირებენ ამ მაღლობზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ეკლესიას, რომელიც ტფილისის დამაარსებელ ვახტანგ გორგასლანს დაახლოებით 455 წელს, მეზობელ მოკავშირე პრინცთან ალიანსის გაწყვეტისა და სიტყვის დარღვევის მოსანანიებლად აუშენებია. ამ უძველეს ეკლესიას უკავშირდება რელიგიური სახსოვარი სომეხი დედოფლის, სუზანის (წმინდა შუშანიკი) საფლავი. მისმა მეუღლემ, ქართლის მეფემ, ისლამი მიიღო სპარსეთის შაჰის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომელიც ქვეყანაში შემოჭრით იმუქრებოდა და ცოლსაც დააძალა მუსლიმანობდა. შუშანიკმა რჯულს არ უღალატა, ამიტომ ციხეში აწამეს, სადაც აღესრულა კიდეც. ამ დედოფლის ამბავი საფუძვლად დაედო ერთ  სომხურ პიესას, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა შუშანიკის გამოსამშვიდობებელი  სიმღერით, როცა ის სამშობლოს ტოვებს. ამ სიმღერას დეზდემონას „გედის სიმღერად“ მოიხსენიებენ.

რამდენიმე ხანია, რაც სომეხ ერუდიტთა ძალისხმევით ტფილისში ეროვნული თეატრი დაარსდა. იმისთვის, რომ სომხები და ქართველები ერთმანეთში მორიგდნენ, რომელთა შორისაც მცირე სიმპათიაც კი არ არის, სომხური პიესები ქართულად ითარგმნა და მათ მოყვარული მსახიობები ორივე ენაზე ასრულებენ. ერთ-ერთია გაბრიელ სუნდუკიანცის მიერ წეს-ჩვეულებების შესახებ დაწერილი პიესა სახელწოდებით „კიდევ ერთი მსხვერპლი“, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიდგა[4]. მთავარი თემაა ქორწინება ისეთი სახით, როგორც ის სომხებთან გვხვდება – ფულის გამო ქორწინება, როდესაც წრფელი გრძნობები ოქროს სიმძიმის ქვეშ იგუდება და მსხვერპლს სტანჯავს. აღმოსავლეთში ტრუბადურები სრულად არ გადაშენებულან. ამ წუთშიც კი, უბრალო ხალხის წრიდან  გამოსული, წერა-კითხვის უცოდინარი შემსრულებლის ნიჭიერებას აღტაცებაში მოჰყავს მაყურებელი. ამ სომეხ მამაკაცს, სახელად ჩანდარს [Schandar], ხშირად შეხვდებით ბაზარში, სადაც იგი, ძველი დროის მოხეტიალე მეზღაპრეების მსგავსად, ხალხს იკრებს გარშემო; მის სიმღერებსა და ლექსებს მომხიბვლელი პოეზიისა და ბუნებრიობის კვალი ატყვია.

ტფილისი სხვადასხვა ქვეყნებში გვასეირნებს თავისი ქუჩებით. ასე მივდივართ სპარსულ უბანში. ქალაქის მიჯნაზე ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს, რომელიც ქალაქს დაჰყურებს თავზე, ერთი შენობა დგას. ეს არის შიიტთა მოლას სახლი და სამზარეულო; აქვეა შესანიშნავი ხალიჩებით მორთული დარბაზი [Mtchel], რომელშიც გამოფენილია მორწმუნეთა შემოწირულობები, მრავალფეროვანი ნივთები, რამდენადაც მდიდრული, იმდენად უსარგებლო. აქვე ვხედავთ მლოცველი სპარსელის გვერდით მეორე სპარსელს, რომელიც ჭამს ან ეწევა. კონგრეგაცია საჭმელს უსასყიდლოდ სთავაზობს ყველას, ვისაც რაიმე შესაწირი მოაქვს, თუნდაც ისეთი, რომელიც ამ კვების მენიუში შედის. სადღესასწაულო დღეებში აქ მოლა ქადაგებს. ამ დროს კრება სრული შემადგენლობითაა.

ბოტანიკური ბაღი იმ მიზნით გაშენდა, რომ აქ კავკასიის ფლორა თავმოყრილიყო, თუმცა უფრო სასეირნო ადგილად იქცა. როგორც ამბობენ, ადგილობრივი დევნილი რომეოები და ჯულიეტები, აქ ერთმანეთს შეხვედრას ხშირად უნიშნავენ. ამ ბაღის მახლობლად მდებარეობს ციხე სახელად შაჰტახტი (შაჰის ტახტი), რომელიც ტფილისის საზღვარს ქმნიდა. აქვე მოჩანს ძველი კედლის ნანგრევები. ქალაქის ამჟამინდელ ევროპულ ნაწილში ძველად მხოლოდ ბაღები იყო, რომლის მომიჯნავე ტყეებში მთიელი ლეკები აფარებდნენ თავს. ისინი მზის ჩასვლისას მოულოდნელად ესხმოდნენ თავს ადგილობრივ მოსახლეობას და ძარცვავდნენ. საუკუნის დასაწყისში მსგავსი რამ ისევ ხდებოდა. მუსლიმანური უბნის ზემოთ მდებარეობს ფერ-უმარილიანი დაქირავებული ვენერების უბანი. მათ ვხედავთ იმ სახლების ზღურბლზე, რომლებიც მათთვის მიჩენილ ქუჩას ორივე მხარეს ჩაუყვება. ისინი ატარებენ ჩადრს, თეთრ მოსასხამს, რომელიც მათ სირცხვილს ვერ ფარავს, ან ლეჩაქს, პირბადეს, რომელიც ღიად აჩენს მათ ჩამომჭკნარ ნაკვთებს.

ქალაქის შემაღლებული ადგილებიდან ქვემოთ დაშვებისას ევროპაში ამოვყოფთ თავს. სწორედ აქ არის მოლოკნების რუსული კოლონია, რომელიც კავკასიაში 1828 წელს გადმოასახლეს. ამ სექტანტებით ათი სოფელია დასახლებული. რაც შეეხება მათ რელიგიურ მრწამსს, ისინი გარკვეულწილად ლათინური ეკლესიის პროტესტანტებს ჰგვანან, თუმცა მათი ღვთისმსახურება სრულიად განსხვავებულია, ვინაიდან მღვდლები არ ჰყავთ. მოლოკნები, რომლებიც ტფილისის გარეუბანში სახელწოდებით მულუკანსკი დერევნია (მოლოკანთა სოფელი) ცხოვრობენ, ძირითადად მეეტლეები არიან და ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ. ამ ენერგიულ და კარგ მშრომელებს შორის საერთო სულისკვეთება სუფევს, ისევე როგორც კავკასიის ყველა რუს სექტანტთა შორის.

ამ კოლონიის მახლობლად  გერმანელებით დასახლებული გარეუბანი მდებარეობს. თვალში გვხვდება სუფთა, კარგად მოვლილი სახლები, სკოლა, საავადმყოფო და სხვა  საჭიროების მქონე საჯარო დაწესებულებები. აქ ევროპის შუაგულში ვართ, მაგრამ, როგორც კი თვალს მოვაშორებთ უცხოელი კოლონისტებით დასახლებულ ტერიტორიას, კვლავ აზიაში ვბრუნდებით. პესკიდ (Pesky) წოდებულ სილიან მიწის ნაკვეთზემტკვრის ორი ტოტის მიერ შემქნილ ნახევარკუნძულზე უამრავი აქლემია გაწოლილი. საქონლით დატვირთულნი, ამ მეჩეჩზე მდინარის მახლობლად იკლავენ წყურვილს მანამ, სანამ მათი გამყოლებიც იგივეს აკეთებენ, თუმცა ისინი მდინარის წყალს კახეთის ღვინოს ამჯობინებენ, რომელიც მედუქნეებთან და უბნის სარდაფებშია ხელმისაწვდომი. „სარდაფი“ შესაფერისი სიტყვა არ არის, რადგან ამ ქვეყანაში ასე სახელგანთქმული სასმელი, რომლის პირველი მომხმარებელი ნოე იყო სომხეთში, საიდანაც ალბათ ვაზი შემოვიდა საქართველოში, აქ კვლავ პრიმიტიული წესით, მიწისქვეშა ორმოებში ინახება შენახვის ეს წესი ალბათ იმ პატრიარქალური ეპოქით თარიღდება. კასრებში გადატანამდე ღვინოს ასხამენ და ინახავენ ხარის, თხის ან სხვა ცხოველის ტყავში. ამ ტყავებს ცხიმიანი მხრიდან კუპრს უსვამენ. იმ უცხოელს, რომელიც არ იცნობს ამ პრიმიტიულ რეზერვუარებს, არბაზე დაწყობილი უზომოდ გაბერილი, გაშავებული რუმბები უზარმაზარ ოთხფეხათა ჯიშის უცნაურ ეგზემპლარად მოეჩვენება და არა ღვინის შემცველ ჭურჭლად. ამ ილუზიას ისიც ამძაფრებს, რომ ამ გაბერილი სხეულების დანახვაზე, რომლებშიც ღვინო მცირე ბიძგზეც კი ჭანჭყარებს, გეგონებათ, რომ ჩაძინებული ცხოველის წყვეტილ სუნთქვას ხედავთ. სარდაფებში მუშტარი ნაკლული რუმბიდან თვითონვე ისხამს ღვინოს.

ღვინის რამდენიმე ფარდულს ებრაელი მფლობელები ჰყავს. ტფილისში ებრაელები ცოტანი არიან, თუმცა მათი კოლონია საუკუნეების წინ დაფუძნდა ქუთაისში იმერეთის უძველეს დედაქალაქში, დღეს კი ამავე დასახელების გუბერნიის მთავარ ქალაქში. ამ ებრაელებს შორის ზოგიერთი ძველ პატრიარქს მოგვაგონებს.

ქართველების სილამაზეს კეთილშობილების ნიშანი აზის. მათ არ იციან, რომ ფიდიასის[5] მიმბაძველისთვის შეეძლოთ მოდელად პოზიორობა, იმდენად იშვიათად სრულყოფილი სახის ნაკვთები და სხეულის ფორმები აქვთ, განსაკუთრებით კი პრიმიტიულ და გაუნათლებელ ხალხს.

იმისთვის, რომ ტფილისის სხვადასხვა უბნის ზუსტი მდებარეობა განვსაზღვროთ, საჭიროა ისეთ სიმაღლეზე ასვლა, რომელიც ქალაქს წინა მხრიდან გადმოჰყურებს. წმინდა მთა (ქართულად მთაწმინდა) ამისთვის საუკეთესო ადგილია. აქ მდებარეობს ერთ-ერთი ასურელი მამის წმინდა დავითის სამლოცველო, რომელიც საქართველოში სახარების საქადაგებლად ჩამოვიდა. სამლოცველოს დანგრევის შემდეგ ამ წმინდანის სახელზე, რომელსაც ადგილობრივი ქალები განსაკუთრებულად სცემენ პატივს, ახალი ეკლესია ააშენეს. ქართველი ქალებისგან მისი ასეთი გასაოცარი დაფასება გამოწვეულია იმით, რომ წმინდა დავითი მათ სურვილებს უსრულებს. ახალგაზრდა ქალიშვილს ის ქმრად იმ მამაკაცს უგზავნის, ვისზეც შეყვარებულია, უშვილო ქალს კი სანატრელ შვილს. საზოგადოებამ, რომელმაც ითავა ახალი ეკლესიის აგება, სამშენებლო მასალა შეიძინა, თუმცა მთის ძირიდან წვერზე ასატანად საჭირო თანხა არ ჰქონდა და ამისთვის მორწმუნეებს მოუხმო.

მომლოცველები წმინდა დავითთან შესავედრებლად მის სამლოცველოში ყოველ ხუთშაბათს ადიან, რადგან წმინდანის ხსენების დღე აღდგომიდან მერვე კვირას, ხუთშაბათს აღინიშნება. ასე რომ, ყოველ ხუთშაბათს, წმინდა დავითთან შესაწირის მიტანისას, ქალები იმდენი ქვით იტვირთებიან, რამდენის ზიდვაც შეუძლიათ. როგორც ამბობენ, რწმენა ქვებს ამსუბუქებს. ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა, რადგან აგური და სხვა სამშენებლო მასალა უკვე მთის წვერზეა ატანილი და ამ ბრწყინვალე იდეის შედეგად საზოგადოებამ ტრანსპორტის ხარჯი დაზოგა. ეკლესია აშენდა, მაგრამ მორწმუნეთა გულმოდგინება იმდენად დიდი იყო, რომ მთის წვერზე დღესაც ვხედავთ ქვების დიდ გროვას, რომელთაგან ეკლესიის მოსაზღვრედ სამლოცველოს აგება იქნებოდა შესაძლებელი. აქ წესად აქვთ, რომ წმინდა დავითისადმი აღვლენილი ლოცვებისა და შესაწირავის შემდეგ, მომლოცველები იმის გასაგებად ასრულდება თუ არა მათი სურვილი, საკურთხევლის კედელს კენჭს ესვრიან. თუ ქვა კედელს მიეკრობა, სურვილი ასრულდება. თუ ქვა ჩამოვარდება, ამ დღეს არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ და ამიტომ უკან ერთი კვირის შემდეგ ბრუნდებიან. ძველ, დანგრეულ კედელს, როგორც ჩანს, ხაოიანი ჰქონდა, რომელსაც წმინდა დავითის კეთილი ნებისადმი ნასროლი კენჭები ადვილად ეკროდა. მაგრამ ახალი, გლუვი, ცემენტით კარგად მოპირკეთებული კედელი იგივე შესაძლებლობას აღარ იძლევა. ეკლესიის ზედამხედველი მონაზონიც უშლის მომლოცველებს წმინდანისთვის კითხვის დასმას კენჭის სროლით – იგი შიშობს, რომ სროლის ძალის გამო შეიძლება კედელი ჩამოინგრეს[6]. ეს მონაზონი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დიდი ხნის წინ, ამავე მთაზე, წმინდა დავითის სამლოცველოსთან მდებარე მონასტერში ცხოვრობდა. ეს რელიგიური ორდენი დღესაც არსებობს, მაგრამ დედათა მონასტერი საქართველოს უძველეს დედალაქ მცხეთაში გადაიტანეს, იქ, სადაც წმინდა ნინომ სახარება პირველად იქადაგა. მცხეთის წმინდა ქალაქში ასევე დაცულია იესო ქრისტეს კვართი. წმინდა დავითის მოხმობით სამლოცველოს კედლებზე კენჭის სროლის ცრურწმენა წმინდანის იერუსალიმში მოგზაურობიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც ქალაქის კარიბჭესთან მისულს, განცდილმა ემოციამ ამ წმინდა ადგილებში შესვლის გამბედაობა წაართვა. მან სამი ქვა აკრიფა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ პატრიარქმა იცოდა რა წმინდანის ჩამოსვლის ამბავი, მის მოსაძებნად კაცი გაგზავნა და ორი ქვის დატოვება სთხოვა. მესამე ქვა წმინდა დავითმა საქართველოში ჩამოიტანა.

თანამედროვე ეკლესიას გარს სასაფლაო აკრავს. აქ ვხედავთ რუსი პოეტის, ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავის ქვას, რომელიც მისმა ქვრივმა თავადის ქალმა ჭავჭავაძემ (კახეთიდან) აღმართა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად. რუსეთის მინისტრის რანგში თეირანში გაგზავნილი გრიბოედოვი, დელეგაციის ყველა წევრთან ერთად, 1829 წელს ფანატიკოსმა მუსლიმანებმა მოკლეს.

უცნაურია, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ სპარსეთიდან არც თუ ისე შორს მდებარე ქვეყანაში განმეორდა მსგავსი მკვლელობა ბოროტმოქმედება, რომელმაც ქაბულში ახლახანს ინგლისის მინისტრისა და მისი დელეგაციის წარმომადგენლის სიკვდილი მოჰყვა.


Carla Serena. Une Visite à Tiflis. L'Exploration. 1880



[1] Entente cordiale – აქ ავტორი გადატანითი მნიშვნელობით იყენებს ტერმინს „გულითადი შეთანხმება“, რომელიც აღნიშნავს, 1843 წელს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებულ დიპლომატიურ შეთანხმებას (მთარგმნელის შენიშვნა).

[2] телега (რუს.) – საზიდავი (მთარგმნელის შენიშვნა).

[3] იგულისხმება თონე (მთარგმნელის შენიშვნა).

[4] გაბრიელ სუნდუკიანი (1825-1912) მწერალი და დრამატურგი.  მისის პიესა „კიდევ ერთი მსხვერპლი“ ტფილისის სომხური თეატრის სცენაზე 1870 წელს დაიდგა (მთარგმნელის შენიშვნა).

[5] ფიდიასი (ძვ.წ. 490-430) – ძველი ბერძენი მოქანდაკე (მთარგმნელის შენიშვნა).

[6] ავტორს ეს თავად მონაზონმა უთხრა.

Commentaires